ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2022 / 04 / 01

გამოცემა: N39 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მარტი, 2022

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

მოსკოვში ვიზიტი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა 22 მარტს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არაერთი შეხვედრა გამართა რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების, ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებთან. საინტერესოა ისიც, რომ მეორე დღესვე, 23 მარტს, მოსკოვში სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანიაც გაემგზავრა. მას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრები. არძინბა და ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც შეხვდნენ. (ვიზიტის შესახებ დეტალურად იხ. სტატია).

რეფერენდუმი

2022 წლის 30 მარტს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა განცხადება გაავრცელა რუსეთთან შეერთების შესახებ. ბიბილოვის თქმით, რუსეთთან შეერთება „სამხრეთ ოსეთისა“ და მისი მოსახლეობისთვის ყოველთვის წარმოადგენდა სტრატეგიულ მიზანს. მან ასევე განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთს საკუთარი ოცნების მიღწევა 2014 წელს შეეძლო, როდესაც ყირიმი სამშობლოს დაუბრუნდა, თუმცა სამხრეთ ოსეთმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა. ახლა მსგავსი რამის დაშვება არ შეიძლება.“ საინტერესოა, რომ 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპრეზიდენტო „არჩევნები“ ჩატარდება.

ვინ იქნება ახალი „ელჩი“ აფხაზეთში?

2022 წლის 17 მარტს აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი რუსეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. იგი „ელჩი“ იყო 2018 წლიდან  და გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად დაასრულა აფხაზეთში დიპლომატიური საქმიანობა. საინტერესოა, რომ ეს ფაქტი დაემთხვა აფხაზეთში ახალი საგარეო საქმეთა „მინისტრის“ - ინალ არძინბას დანიშვნას.  „ელჩის“ მოვალეობას „საელჩოს“ მრჩეველი-დესპანი მაქსიმ ლიტვინოვი ასრულებს. 

აფხაზური „არჩევნები“ და რუსი დამკვირვებლები

2022 წლის 10 მარტს აფხაზეთში არალეგიტიმური საპარლამენტო „არჩევნები“ ჩატარდა. „არჩევნებს“ დაესწრნენ რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრები, ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო კრების წარმომადგენლები და აფხაზეთის ხშირი სტუმარი, სახელმწიფო დუმის წევრი, დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინი. რუსმა დამკვირვებლებმა „არჩევნები“, ტრადიციულად, სამაგალითოდ შეაფასეს.

სოხუმი და ცხინვალი ნაკლებ რუსულ ფულს მიიღებენ

9 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დიმიტრი ვოლვაჩს შეხვდა.  შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ  ვოლვაჩმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ცხოვრების ახალ ეტაპზე, მათი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ინვესტორების მოზიდვასა და ტურიზმის პოტენციალზე TASS-თან ინტერვიუში ისაუბრა.  გასულ წელს რუსეთის ფინანსურმა დახმარებამ ორივე რეგიონისთვის 12 მლრდ რუბლი შეადგინა. ვოლვაჩის თქმით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დამოუკიდებლები გახდებიან და ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულები რუსულ სუბსიდიებზე. მინისტრის მოადგილის თქმით, დახმარების პირველი ეტაპი - ფულის გაცემა და ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე დასრულებულია. მისი თქმით, ამჟამად რუსეთი მხოლოდ კონსულტანტის და დამხმარის როლს ასრულებს.

ასლან ბჟანიას შეხვედრა დიმიტრი ვოლვაჩთან. წყარო: presidentofabkhazia.org

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • მე-7 სამხედრო ბაზაზე არტილერისტებმა ივარჯიშეს. წვრთნები ცხინვალის რეგიონის, სომხეთისა და ასტრახანის ოლქის (რუსეთში) სამხედრო პოლიგონებზეც ჩატარდა.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • მე-7  და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეები „სატანკო ბიატლონისთვის“ ემზადებიან. „სატანკო ბიატლონი“ „არმიის საერთაშორისო თამაშების“ ერთ-ერთი კონკურსია.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • მე-4 სამხედრო ბაზაზე არტილერისტებმა ივარჯიშეს. სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა დაამუშავეს ტაქტიკური, სპეციალური და ტექნიკური მომზადების, ასევე ცეცხლის მართვის უნარები, შეასრულეს საკონტროლო სროლები.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე  სამხედრო ექიმებმა ივარჯიშეს. მათ სპეციალური სადაზვერვო კომპლექსის - „Стрелец“-ის მეშვეობით დაჭრილების ძებნისა და ევაკუაციის უნარები დაამუშავეს.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • მე-4 სამხედრო ბაზაზე „იუნარმიის“ ინსტრუქტორებმა სკოლის მოსწავლეებისთვის საყოფაცხოვრებო უსაფრთხოების, პირველადი სამედიცინო დახმარების, საბრძოლო მომზადების საფუძვლების, ასევე რუსეთის ფედერაციისა და ოსეთის ისტორიის შესახებ გაკვეთილები ჩაატარეს. „იუნარმია“ (იგივე ახალგაზრდული არმია) სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობაა.

2022 წლის მარტში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

ორმაგი მოქალაქეობის კანონი

რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო დუმაში რატიფიკაციისთვის შეიტანა შეთანხმება რუსეთსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას 2021 წელს მოეწერა ხელი.

შეხვედრა რუსეთის სპორტის სამინისტროში

29 მარტს, მოსკოვში აფხაზეთის „ფეხბურთის ფედერაციის“ პრეზიდენტი თარაშ ხაგბა რუსეთის სპორტის მინისტრის მოადგილეს, ოდეს ბაისულთანოვს შეხვდა. აფხაზური დელეგაციის წევრი იყო თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბაც.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ 9 მარტს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, 10 მარტს კი - ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკასთან. სოხუმმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა 25 თებერვალს აღიარა, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მეორე დღეს.

რუსეთის „რბილი ძალა“

 „რუსული სიტყვის“ ახალი ნომერი

ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში ჟურნალ „რუსული სიტყვის“ ახალი, მე-19 ნომრის პრეზენტაცია შედგა. ახალი ნომერი, ძირითადად, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციის იუბილეს მიეძღვნა, თუმცა მასში ასევე თავმოყრილია სტატიები რუსული ენის, ლიტერატურისა და რუსეთის ისტორიის შესახებ.

ცხინვალში „მასლენიცა“ აღნიშნეს

ცხინვალის რეგიონში ტრადიციული რუსული დღესასწაული „მასლენიცა“ აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებები 28 თებერვალს დაიწყო და 6 მარტამდე გაგრძელდა.

აფხაზეთში საბჭოთა რეჟიმის დამყარების დღე აღნიშნეს

4 მარტს აფხაზეთში, ქ. გუდაუთაში საბჭოთა რეჟიმის დამყარების დღე აღნიშნეს. დამსწრე საზოგადოებამ ყვავილებით შეამკო აფხაზი ბოლშევიკის ნესტორ ლაკობას საფლავი, შემდეგ კი სამხედრო მოსამსახურეებმა სამეთაურო-საშტაბო სწავლება მოაწყეს.

ვიდეოკონფერენცია - „ДонбассбеZгеноцида“

22 მარტს ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ვიდეოკონფერენციაში „ДонбассбеZгеноцида“.