ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2022 / 04 / 01

გამოცემა N19 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მარტი, 2022 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

სამხედრო სწავლებები

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა მარტში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • მე-7 სამხედრო ბაზაზე არტილერისტებმა ივარჯიშეს. სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლები შეასრულეს და პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა და სამეთაურო პუნქტები გაანადგურეს. სწავლებაში 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 300-მდე ერთეული შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • მე-7 სამხედრო ბაზაზე მძღოლებმაც ივარჯიშეს. სპეციალური მომზადების კურსის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო ტექნიკის დასახლებულ პუნქტებში, რთულ საგზაო-სატრანსპორტო სიტუაციებში, საავტომობილო მაგისტრალსა და სხვა პუნქტებში მანევრირების უნარები დაამუშავეს. სწავლებაში 400-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
  • რუსეთის ფედერაციაში, პრუდბოის სამხედრო პოლიგონზე მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები „სატანკო ბიატლონისთვის“ ემზადებიან. „სატანკო ბიატლონი“ არმიის საერთაშორისო თამაშების ერთ-ერთი კონკურსია. სამხედრო მოსამსახურეები „Т-72Б3“ ტიპის ტანკებს იყენებენ. წვრთნებში მე-4 სამხედრო ბაზის ტანკისტებიც მონაწილეობენ.

სხვა ღონისძიებები

  • მე-7 სამხედრო ბაზაზე 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ქალი სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ბაზის პერსონალისთვის საზეიმო კონცერტი და სამხედრო ორკესტრის გამოსვლა გაიმართა. მე-7 სამხედრო ბაზაზე 100-ზე მეტი ქალი სამხედრო მოსამსახურეა, 150 ქალი კი სამოქალაქო პერსონალში მსახურობს.

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

სამხედრო სწავლებები

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა მარტში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • მე-4 სამხედრო ბაზაზე არტილერისტებმა ივარჯიშეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური, სპეციალური და ტექნიკური მომზადების, ასევე საბრძოლო ცეცხლის მართვის უნარები დაამუშავეს. მათ საკონტროლო სროლები შეასრულეს და 15 კმ.-ის მანძილზე განლაგებული პირობითი მოწინააღმდეგის სამიზნეები გაანადგურეს.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო ექიმებმა ივარჯიშეს. მათ „Стрелец“-ის სპეციალური სადაზვერვო კომპლექსის მეშვეობით „დაჭრილების“ ძებნისა და ევაკუაციის უნარები დაამუშავეს. სწავლებაში 300-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და 20-ზე მეტი ერთეული შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ტაქტიკურმა ჯგუფებმაც ივარჯიშეს. წვრთნაში მოტომსროლელები, უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფები, მზვერავები და რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში, სწავლებაში 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 50-მდე ერთეული სპეციალური საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატებიც.

ტაქტიკური ჯგუფების წვრთნა ძარწემის სამხედრო პოლიგონზე. წყარო: www.cominf.org

სხვა ღონისძიებები

  • მე-4 სამხედრო ბაზაზე „იუნარმიის“ ინსტრუქტორები სკოლის მოსწავლეებისთვის საყოფაცხოვრებო უსაფრთხოების, პირველადი სამედიცინო დახმარების, საბრძოლო მომზადების საფუძვლების, ასევე რუსეთის ფედერაციისა და ოსეთის ისტორიის შესახებ გაკვეთილებს ატარებენ. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა. გაკვეთილები უფასოა და მონაწილეობა 9 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ.

„მოხალისეები“ რუსეთ-უკრაინის ომში

აფხაზეთი

როგორც ცნობილია, დონბასის რეგიონში უკრაინის წინააღმდეგ ეთნიკურად აფხაზი საველე მეთაური ახრა ავიძბა (მეტსახელად „აფხაზი“) იბრძვის. მან მოხალისეთა ქვედანაყოფი „პიატნაშკა“ ჩამოაყალიბა. ავიძბა ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, ქ. ავდეევკასთან იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ავიძბას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ცუდი ურთიერთობა აქვს - გასულ წელს ის რამდენიმე თვით დაპატიმრებულიც იყო. გარდა ამისა, დონბასის მიმართულებით მე-7 სამხედრო ბაზის ორი ბატალიონი - 800 სამხედრო მოსამსახურე - გადაისროლეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად არიან ისინი დისლოცირებულნი ან კონკრეტულად რა დავალებას ასრულებენ.

ცხინვალის რეგიონი

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, დონბასში რუსეთის მხარეს მე-4 სამხედრო ბაზის 1200-მდე სამხედრო მოსამსახურე იბრძვის. ისინი თავად დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გააცილა. მათ წინაშე ბიბილოვი სიტყვითაც გამოვიდა და საომრად მიმავალ სამხედროებს უსურვა, რომ „მალე გამარჯვებულები დაბრუნებულიყვნენ“. კონტრაქტიანი სამხედროების ძირითადი ნაწილი დონბასში საბრძოლველად 16 მარტს გაემგზავრა; მოგვიანებით, 26 მარტს, უკრაინის მიმართულებით დამატებითი ძალებიც გადაისროლეს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ მე-4 სამხედრო ბაზაზე ფორმირებული საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის პირადმა შემადგენლობამ ბრძოლაზე უარი განაცხადა, რის გამოც ისინი დონბასიდან უკან გაიწვიეს.

დონბასში უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ოსი ჯარისკაცების მხარდასაჭერად ცხინვალის რეგიონში რამდენიმე ჰუმანიტარული აქცია გაიმართა. 28 მარტს დასრულდა საკვები პროდუქტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება ცხინვალის N2 სკოლაში. სკოლის მოსწავლეებმა ჯარისკაცებს წერილებიც დაუწერეს. 30 მარტს კი დაიწყო მორიგი აქცია „დედებისა და ცოლებისგან, ჩვენ თქვენთან ვართ“. ამ უკანასკნელში აქტიურადაა ჩართული ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა და მისი ხელმძღვანელი სერგეი სკვორცოვი. „როსსოტრუდნიჩესტვოს“ გარდა, აქციის ორგანიზატორები ასევე არიან ცხინვალის რეგიონში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო და რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.