ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2022 / 07 / 06

გამოცემა №15 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ივნისი 2022 / ავტორი: თამთა კაპანაძე

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა  დე ფაქტო  ფინანსთა მინისტრთან, ვლადიმერ დელბასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საიუბილეო XXV საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 15-დან 18 ივნისამდე სანქტ-პეტერბურგში ექსპო-ფორუმში გაიმართა. ფორუმზე ამ წლის მთავარი თემა თანამედროვე რეალობაში ახალი შესაძლებლობებისა და ზრდის პოტენციალის განხილვა იყო. 17 ივნისს ფორუმის პლენარულ სესიაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც მიიღო მონაწილეობა. 

დელბამ „რადიო სპუტნიკთან“ ინტერვიუში ისაუბრა თუ როგორ შენდება და გარდაიქმნება სახელმწიფოთა ეკონომიკა გლობალური სამყაროს პირობებში და როგორ გამოვიდნენ კრიზისული სიტუაციებიდან მკაცრი სანქციების პირობებში.

დიმიტრი ვოლვაჩის ვიზიტი სოხუმში

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი, რომელიც სამინისტროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია, სოხუმს ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს ვოლვაჩმა რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტები მოინახულა. 28 ივნისს ვოლვაჩი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა, 29 ივნისს კი - დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს.

„ეროვნული ბანკის“ 2021 წლის ანგარიში

„აფხაზეთისეროვნული ბანკის“ თავჯდომარემ, ბესლან ბარათელიამ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს 2021 წლის ანგარიში წარუდგინა. დე ფაქტო პარლამენტის განკარგულებით ანგარიში ერთხმად დამტკიცდა.

აფხაზეთის „ეროვნულ“ საგადახდო სისტემაში - „Апра“  ტრანზაქციების მთლიანმა მოცულობამ 2021 წელს 25.3 მლრდ რუბლი შეადგინა. პროცენტულად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა ტრანზაქციის 46% „Апра“  ბარათებით ხორციელდება, 54% მოდის საერთაშორისო საგადახდო სისტემის ბარათებზე, აქედან 7.2% - „Мир“-ის ბარათებზე.

მას შემდეგ რაც Visa-მ და Mastercard-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერეს, Мир“ ბარათები არ ფუნქციონირებს უცხოურ ვებსაიტებსა და სერვისებზე. ის რუსული ბანკები, რომლებიცМир“ ბარათებს გამოსცემენ, 25 ოქტომბრიდან გადახდის ახალ მეთოდს დანერგავენ, რაც QR კოდის დაგენერირებას და სმარტფონით, საბანკო ბარათის გარეშე გადახდას უზრუნველყოფს.

აფხაზეთის გარდა,  Мир"-ის გამოყენება  შესაძლებელია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც.

სამახსოვრო მონეტების ახალი პარტია

„აფხაზეთის ეროვნული ბანკი“ ვერცხლის სამახსოვრო მონეტების გამოშვებას ისევ გეგმავს. ამჟამად მონეტების თემა „აფხაზეთის გამოჩენილი პიროვნებები“ და „ისკანდერის გმირებია“. თითოეული მონეტის ტირაჟი 300 ცალი იქნება, მასალად გამოიყენება ვერცხლი.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი

აფხაზეთის დელეგაციასთან ერთად სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ცხინვალის რეგიონის დელეგაციამაც მიიღო. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევი და დე ფაქტო ვიცე-პრემიერი - ეკონომიკური განვითარების მინისტრი ძამბოლატ ტადტაევი. ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან და რუსეთის რეგიონის ლიდერებთან.

ვიტალი გუდინის ვიზიტი ცხინვალში

23 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინ ჯუსოევმა რუსეთის დელეგაცია მიიღო, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი იყო. შეხვედრაზე 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა და 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის ფორმირების საკითხებიც განიხილეს. 2022 წელს ცხინვალის რეგიონში რუსული დაფინანსებით 20 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.