ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2022 / 10 / 04

გამოცემა №18 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 სექტემბერი, 2022 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

შეხვედრები რუსეთის „სავაჭრო წარმომადგენელთან“

19 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთში რუსეთის „სავაჭრო წარმომადგენელ“ ზალინა კობესოვასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ბჟანიამ გამოთქვა იმედი, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა გაძლიერდება. კობესოვას თანახმად კი, მნიშვნელოვანი იქნება უკეთესი კომუნიკაციის დამყარება დე ფაქტო მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის. კობესოვა 28 სექტემბერს რუსეთის „ელჩმა“, მიხაილ შურგალინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბსაც წარუდგინა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა  და მომავალი ურთიერთობის პერსპექტივები.

ბავშვთა „რესპუბლიკური“ საავადმყოფოს მშენებლობა

19 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანთან შეხვედრაზე ბავშვთა „რესპუბლიკური“ საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი განიხილეს. საავადმყოფოს მშენებლობის დაწყება იგეგმება 2023 წელს „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის“ დახმარებით, რომელსაც რუსეთი აფინანსებს.

შეხვედრა რუსეთის დელეგაციასთან 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთიდან დელეგაცია ეწვია, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის გაზიფიცირების გენერალურ სქემაზე მუშაობს. რუსული მხარის განცხადებით, ამა წლის დეკემბერში აფხაზურ მხარეს გააცნობენ გაზიფიცირების დასრულებულ გეგმას.

ფულადი გზავნილები

„აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში დე ფაქტო რესპუბლიკიდან სხვა ქვეყნებში ფულადი გზავნილების სახით ჯამში გადაირიცხა 4 მლნ 362 ათასი რუბლი (დაახლ. 70 000 აშშ დოლარი), ამ თანხიდან 75.5% კი რუსეთში გადაირიცხა.

ნაყინების ახალი პარტია აფხაზეთში

ნოვოსიბირსკის ერთ-ერთმა კომპანიამ დე ფაქტო რესპუბლიკაში 6.4 ტონა ნაყინი გააგზავნა. უწყების თანახმად, 2022 წელს ეს უკვე ნაყინის მეორე პარტიაა.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

კურატორეთა შეხვედრა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი შეხვდა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს - დიმიტრი ვოლვაჩს, რომელიც ქ. ცხინვალში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრაზე განიხილეს 2023-2025 წლების ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფედერაციის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საინვესტიციო პროგრამა. ასევე, მათ მოინახულეს ადგილები, რომლებიც შენდება საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. რამდენიმე დღეში ჯუსოევი რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორ ვიტალი გუდინსაც შეხვდა. ვოლვაჩი და გუდინი სამინისტროში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს კურირებენ.

ღვინის ახალი ქარხანა

ადგილობრივი კომპანია „Арес“ ქ. ცხინვალში ღვინის ახალი ქარხნის გახსნას გეგმავს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ალან გაგლოევის თანახმად, მომავალ წელს იგეგმება რუსულ ბაზარზე გასვლა. ქარხანაში ევროპული ჯიშების გარდა აპირებენ „რქაწითელისა“ და „ჩინურის“ წარმოებასაც.