ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2022 / 11 / 04

გამოცემა N15 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 ოქტომბერი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

 

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

დაკავებული და გათავისუფლებული  მოქალაქეები

თამაზ გლურჯიძის დაკავება და გათავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 19 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე უკანონოდ დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. მისი გათავისუფლება დაკავებიდან მეორე დღეს, 20 ოქტომბერს მოხერხდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, გლურჯიძის დაკავების ფაქტზე ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსაც მიეწოდათ.

თამაზ გლურჯიძის გათავისუფლება. წყარო: ssg.ge

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

ბორდერიზაცია სოფ. ყარაფილაში

1 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარაფილას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლება დაიწყეს. ემპირიული დაკვირვების საფუძველზე, ხნულების გავლება უკანონო „ბორდერიზაციის“ რამდენიმესაფეხურიანი პროცესის პირველი ფაზაა. ბორდერიზაციის პროცესს სუს-იც ადასტურებს.

ბორდერიზაცია სოფ. დვანში

7 ოქტომბერს საოკუპაციო ძალებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და გააბეს მავთულხლართი. „ბორდერიზაციის“ აღნიშნული ფაქტი სუს-მაც დაადასტურა.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

სლოვაკეთის დელეგაციის ვიზიტი ოძისში

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისში სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მარიან მაიერი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პაველ ვიზდალი იმყოფებოდნენ. 11 ოქტომბერს დელეგაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დოქტორმა ტიბორ კოზმამ უმასპინძლა და ადგილზე გააცნო ინფორმაცია „ადმინისტრაციული“ სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული მოვლენების შესახებ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხურვალეთში

17 ოქტომბერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰუიტფელდტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან მარეკ შჩეგელთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთის საოკუპაციო ხაზი მოინახულა. მათ „ბორდერიზაციის“ პროცესზე, როგორც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე მოქმედ უარყოფით ფაქტორზე ისაუბრეს.

ანიკენ ჰუიტფელდტის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან. წყარო: eumm.eu

ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი ოძისში

ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ნინა ვასკუნლაჰთმა სოფ. ოძისში მდებარე ჩაკეტილი გამშვები პუნქტი 24 ოქტომბერს, ელჩ მარეკ შჩეგელთან ერთად მოინახულა. შჩეგელმა მას ადგილზე არსებულ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია, როგორებიც არის: აქტიურ ფაზაში მიმდინარე „ბორდერიზაცია“, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები და გამშვები პუნქტების გახანგრძლივებული დახურვა, რაც თავის მხრივ წარმოშობს არაერთ ჰუმანიტარული ტიპის პრობლემას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლად მცხოვრები, ომით დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის, გამოაცხადა კონკურსი სასწავლო ტრენინგში - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი მიზნად მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ისახავს.