ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2022 / 12 / 05

გამოცემა: N2 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2022

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ახალი კურატორი

რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, 1 ნოემბერს, რუსეთსა და აფხაზეთს და რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარედ დაინიშნა. ნოვაკმა ამ თანამდებობაზე რუსეთის ვიცე-პრემიერი - მარატ ხუსნულინი შეცვალა, რომელიც ბოლო პერიოდში ნაკლებად იცლიდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესრულებაზე კონტროლს ამიერიდან ნოვაკი განახორციელებს.  

ალექსანდრ ნოვაკი. წყარო: government.ru

რუსული პასპორტები და ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვა

2020 წლის 10 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ ჩეხეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, სახელით და ევროპარლამენტმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე არ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს. რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტები აღარ გამოდგება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონაში საზღვრებზე გადაადგილებისთვის. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის გადაწყვეტილება მორიგ პროვოკაციად შეაფასა: „ევროკავშირი აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციის უკანონო და ანტიჰუმანური ქართული პოლიტიკის პირდაპირი თანამონაწილე ხდება“. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის  გადაწყვეტილება მორიგ არამეგობრულ ნაბიჯად, ევროპული დემოკრატიის საბაზისო პრინციპების უხეშ დარღვევად შეაფასა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „საგარეო პოლიტიკა“

ირანთან ურთიერთობა

ნოემბერში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ირანს შორის ურთიერთობების დამყარების პირველი ფაქტები დაფიქსირდა. 8 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვში ირანის საელჩოს ესტუმრა და ელჩ კაზემი ჯალალის პირადად მიუსამძიმრა, 26 ოქტომბერს „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მიერ ორგანიზებული ტერაქტის შედეგად დაღუპული 15 ადამიანის  გამო. ამავე დღეს ირანის საელჩოში მისასამძიმრებლად ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევიც იმყოფებოდა. თვის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებმა ირანთან შემდგომი ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობის შესახებ რამდენჯერმე მინიშნებაც გააკეთეს.

ახსარ ჯიოევი ირანის საელჩოში. წყარო: mfa.rsogov.org

საკონსულტაციო მექანიზმის ჩამოყალიბება

9 ნოემბერს ინალ არძინბა რუსეთში სირიის ახლადდანიშნულ ელჩ ბაშარ ჯააფარის შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი თემა სირიის, რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების მონაწილეობით საკონსულტაციო მექანიზმის ჩამოყალიბების საკითხი იყო.

სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაცია სოხუმში

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია  სოხუმში შეხვდა  ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე - არტემ ტუროვი. დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებსაც შეხვდა. ბელარუსთან ურთიერთობის განვითარებაზე საუბრებმა მას შემდეგ იმატა, რაც 28 სექტემბერს, აფხაზეთს მოულოდნელად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მინსკი თავს არიდებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, აშკარაა, რომ მოსკოვის ზეწოლის პირობებში, ბოლო თვეებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ბელარუსების ურთიერთობის ფაქტები გახშირდა.

ლავროვთან შეხვედრა

1 ნოემბერს მოსკოვში გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის - ახსარ ჯიოევის შეხვედრა. ეს „მინისტრად“ დანიშვნის შემდეგ ჯიოევის პირველი შეხვედრა იყო ლავროვთან. ნოემბერში მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბაც, თუმცა  ამჯერად იგი ლავროვს არ შეხვედრია.

ახალი კადრები და რუსი საჯარო მოხელეები

გენშტაბის ახალი უფროსი

4 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალ უფროსად ვლადიმირ სავჩენკო დანიშნა, რომელიც დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობასაც შეასრულებს. სავჩენკომ ამ პოსტზე ასევე რუსი ოფიცერი ვალერი ლუნევი შეცვალა. 1959 წელს ჩრდილოეთ ყაზახეთში დაბადებული სავჩენკო თავისი ხანგრძლივი სამხედრო კარიერის პერიოდში სირიაში ლტოლვილების მიღების, განაწილებისა და განთავსების ცენტრსაც ხელმძღვანელობდა. ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროში რუსი სამხედრო ოფიცრების მაღალ პოზიციებზე დანიშვნა უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა.

გენშტაბის ახალი უფროსის წარდგენა. წყარო: presidentofabkhazia.org

ახალი „ელჩი“ რუსეთში

30 ნოემბერს რუსეთში აფხაზეთის „ელჩად“ ალხას კვიცინია დანიშნეს, რომელიც აგვისტომდე ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსი იყო. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მან ბჟანიას ადმინისტრაციის მისამართით კრიტიკული განცხადება გააკეთა, რის გამოც, გაჩნდა ეჭვები, რომ იგი ბჟანიასადმი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს შეუერთდებოდა. თუმცა, კვიცინიას მიერ დიპლომატიური კარიერის დაწყება ამის შანსებს შეამცირებს. საყურადღებოა, რომ რუსეთში აფხაზეთის „ელჩის“ თანამდებობა 2021 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო. ამ საკვანძო პოზიციაზე ამდენი ხნის განმავლობაში ვაკანსიის არსებობა მიუთითებს, რომ „ელჩის“ კანდიდატურის შერჩევა შიდა პოლიტიკური ბრძოლის საკითხიც იყო.

ახალი დანიშვნები ცხინვალში

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში მაისში გაიმარჯვა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მან „მთავრობის“ სრულად ჩამოყალიბება ვერ შეძლო. ჯერაც არ არის სრულად დაკომპლექტებული დე ფაქტო მთავრობა, რომლის არაერთი ახალი წევრი ბოლო წლებში რუსეთში მოღვაწეობდა და შიდა პოლიტიკასთან ნაკლები შეხება ჰქონდა. 22 ნოემბერს დე ფაქტო პირველ ვიცე-პრემიერად ალან ჯიოევი დაინიშნა, რომელიც 2013 წლიდან სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდში მუშაობდა. ამავე დღეს, გაგლოევის მრჩევლად კაზბეკ ცარიკაევი დაინიშნა, რომელიც 2017-2018 წლებში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას ფინანსთა მინისტრი იყო.

გაგლოევმა ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ახალ დე ფაქტო მინისტრად 9 ნოემბერს აგუნდა პლიევი დანიშნა. ყველაზე საინტერესო კი სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრად იბრაგიმ გასეევის დანიშვნა იყო. გასეევი 2016-2022 წლებში დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი იყო და 2022 წლის გაზაფხულზე გამართულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგლოევის წინამორბედ ანატოლი ბიბილოვთან ურთიერთობა დაეძაბა, რის გამოც ბიბილოვმა იგი „მინისტრობიდან“ გაათავისუფლა. გასეევი „საპრეზიდენტო კანდიდატად“ დარეგისტირებას ცდილობდა, მაგრამ ბიბილოვმა მას ამის საშუალება არ მისცა, რადგან მასში ძლიერ კონკურენტს ხედავდა. გასეევის „მთავრობაში“ დაბრუნება გაგლოევის მხრიდან ბიბილოვის წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ რევანშისტულ ნაბიჯად შეიძლება შევაფასოთ.

ენერგოკრიზისი და რუსული ელექტროენერგია

1 ნოემბერს აფხაზეთში „აჩგუარა - 220“-ის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გათიშვის გამო, აფხაზეთის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კრიზისის გაღრმავებას „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის ვარდნამაც შეუწყო ხელი. დე ფაქტო ვიცე-პრემიერის კრისტინა ოზგანის განცხადებით, ავარიის ძირითადი მიზეზი რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა იყო, რომელიც 15 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე. ამის გამო, დაგეგმილი 32 კილომეტრიდან, მხოლოდ 24 კილომეტრი კაბელის გამოცვლა მოხერხდა. მეორე მიზეზად დასახელდა ის, რომ ენერგეტიკოსებს შესრულებული სამუშაოების გასატესტად დრო არ დარჩათ, რის გამოც ხაზის დაუყონებლივ გაშვება მოუწიათ.

შექმნილი ენერგოკრიზისის გამო 22 ნოემბრიდან დე ფაქტო რესპუბლიკამ ელექტროენერგიის მიღება რუსეთიდან დაიწყო. თუმცა, ოზგანის განცხადებით, აფხაზეთი მხოლოდ 280 მლნ კილოვატ საათ ელექტროენერგიას მიიღებს. მაშინ როდესაც, წლის ბოლომდე აფხაზეთის სრულად უზრუნველსაყოფად 340 მლნ კილოვატ საათია საჭირო. არსებული კრიზისის გამო, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკია დაწესებული.

ენერგოკრიზისზე ასლან ბჟანიამ 10 ნოემბერს პარლამენტის წინაშე 2,5 წლის საქმიანობის შესახებ მოხსენებით გამოსვლის დროსაც ისაუბრა. შექმნილი მდგომარეობა ბჟანიამ კიდევ ერთხელ გამოიყენე იმის სათქმელად, რომ დე ფაქტო მთავრობას საკუთარი რესურსით არ შეუძლია კრიზისის მოგვარება და ამისთვის საჭიროა 20 მლრდ რუბლის (2017 წლის შეფასებით) ინვესტიცია. თუმცა, მან აღნიშნა, რომ უცხოური (იგულისხმება რუსული) ინვესტიციების პირობებშიც კი ენერგოსისტემა სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს. ბჟანიას ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ იგი ენერგოკრიზისს შეგნებულად აღრმავებს, რადგან ენერგოინფრასტრუქტურის რუსეთისთვის გადაცემის პროცესი დააჩქაროს, რაც ოპოზიციის აზრით, სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასია.

„ბიჭვინთის“ საკითხი და შეხვედრები სახელმწიფო დუმაში

15 ნოემბერს აფხაზი „პარლამენტარები“ სახელმწიფო დუმაში რუს კოლეგებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა „სახელმწიფო აგარაკ ბიჭვინთის“ რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შეთანხმების რატიფიკაციის საკითხის განხილვა იყო. აფხაზი „დეპუტატები“ რატიფიკაციისთვის ხელშემშლელი ფაქტორების შესახებ ესაუბრნენ რუს კოლეგებს. შეხვედრას საკონსულტაციო სახე ჰქონდა და აფხაზურმა მხარემ ორ ძირითად შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მათი შეფასებით, შეთანხმების გაფორმების დროს მოხდა: კოორდინატების არასწორი მითითება და პუნქტის არარსებობა, რომელიც კრძალავს მესამე პირისთვის ობიექტის გადაცემას. აფხაზეთში საზოგადოების ნაწილი „სახელმწიფო აგარაკ ბიჭვინთის“ რუსეთისთვის გადაცემას სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასად მიიჩნევს. ამიტომაც, დე ფაქტო ხელისუფლება ჯერ თავს იკავებს შეთანხმების რატიფიკაციისგან, რადგან პროტესტის გაძლიერების ეშინია. აფხაზური მხარის დასარწმუნებლად სოხუმში 30 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე, სერგეი ნევეროვიც კი ჩავიდა.

ერგნეთის შეხვედრა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება

2022 წლის 10 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 109-ე შეხვედრა გაიმართა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტების დროებითი გახსნის გადაწყვეტილება, როგორც ცხინვალის მხრიდან ჰუმანური ჟესტი, ქართულმა მხარემ შესაბამის გზავნილად უნდა მიიღოს და სადავო საგუშაგოს (ჩორჩანა-წნელისის) დემონტაჟი განახორციელოს.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის რაიონების მოსახლეობას ყოველი თვის 20-30 რიცხვში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა შეუძლია. ადგილობრივებმა ამ უფლებით ნოემბერშიც ისარგებლეს და ამისთვის „რაზდახანისა“ (ოძისი/მოსაბრუნი) და „პერეუს“ (პერევი) ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტები გამოიყენეს.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ნოემბერში ამ უფლებით 3 127-მა ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის „რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტით - 2 693. ოქტომბერში ამ უფლებით 2 931-მა ადამიანმა ისარგებლა. ამავე დროს, ცნობილია, რომ 30 ნოემბრის შემდეგ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტების გადალახვა ვადაგასული საშვებით აიკრძალება. რაც, ადგილობრივების თქმით, პრაქტიკულად გადაადგილების აკრძალვას ნიშნავს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ბიუროკრატიული პროცედურების გამო, ვერ შეძლებს საჭირო დოკუმენტების დროზე აღებას.