ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2022 / 12 / 05

გამოცემა: N16 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 30 ნოემბერი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

 

მნიშვნელოვანი შეხვედრები

IPRM-ის შეხვედრა სოფ. ერგნეთში

2022 წლის 10 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 109-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩ მარეკ შჩიგელი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ვიორელ მოშანუ თანათავმჯდომარეობდნენ.

ოფიციალური თბილისის მხრიდან გაჟღერდა და პრიორიტეტი მიენიჭა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: „ბორდერიზაციის“ მზარდი დინამიკა, უკანონო დაკავებების ფაქტების გახშირებული ტენდენცია და ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. ოსურმა მხარემ, წინა შეხვედრების მსგავსად, ჩორჩანა-წნელისის სადავო საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვა. იგორ კოჩიევმა, ე.წ. „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“ და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის“ ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის „საჰაერო ზონაში“ უპილოტო საფრენი აპარატების „უკანონო შეჭრის“ ფაქტებზეც.

სადავო საკითხების არსებობის მიუხედავად, ორივე მხარე მიესალმა ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების პერიოდული გახსნის ტენდენციას ყოველი თვის ბოლო ათი დღის განმავლობაში. აღნიშნული ინიციატივა თანათავმჯდომარეებმაც მოიწონეს და მხარეებს მოუწოდეს, აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის მომავალი წლისთვის გაგრძელებისკენ.

შეხვედრის შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ აქ.

დაკავებული და გათავისუფლებული  მოქალაქეები

3 მოქალაქის დაკავება სოფ. მეჯვრისხევში

1-ელ ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მეჯვრისხევის მიმდებარე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ტერიტორიაზე საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. აქედან 2 სრულწლოვანი ვლადიმერ ჯოხაძე და მალხაზ ტიელიძე ამავე სოფლის, ერთი არასრულწლოვანი დაკავებული კი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზერტის მკვიდრია. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავების მომენტში ისინი სანადიროდ იმყოფებოდნენ. არასრულწლოვანი ახალგაზრდა საოკუპაციო რეჟიმმა 3 ნოემბერს გაათავისუფლა, ჯოხაძისა და ტიელიძის გათავისუფლება კი 4 ნოემბერს მოხერხდა.

ვლადიმერ ჯოხაძისა და მალხაზ ტიელიძის გათავისუფლება. წყარო: სუს -ის Facebook გვერდი.

გიორგი ჯარმელაშვილის დაკავება

საოკუპაციო რეჟიმმა, 24 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. არცევის მიმდებარე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ტერიტორიაზე ამავე სოფლის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელაშვილი უკანონოდ დააკავა. იგი ცხინვალის ციხეში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც იგი ქართულ მხარეს გადმოსცეს.

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

ბორდერიზაცია“ სოფ. ატოცში

საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ატოცის მიმდებარედ „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს - დაამონტაჟეს მეტალის ახალი კონსტრუქციები და განაახლეს მავთულხლართი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. უკანონო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

„ბორდერიზაცია“ სოფ. საკორინთლოსთან

კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები 30 ნოემბერს დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება. სააგენტოს განცხადებით, პროცესი „კანონმდებლობის შესაბამისად“ მიმდინარეობს და მისი მიზანი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოსახლეობის დაცვაა.

„ბორდერიზაციის“ ამსახველი ვიდეო მასალის ნახვა შეგიძლიათ აქ.

„ბორდერიზაციის“ პროცესი სოფ. საკორინთლოში. წყარო: დავით ქაცარავას Facebook გვერდი.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

ესტონეთის დელეგაციის ვიზიტი სოფ. ოძისში

8 ნოემბერს ესტონეთის დელეგაციამ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის, ელჩ ჯონატან ვსევიოვის ხელმძღვანელობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისის ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი მოინახულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ელჩ მარეკ შჩიგელთან ერთად.

ესტონეთის დელეგაციის ვიზიტი. წყარო: eumm.eu

შჩიგელმა დელეგაციას ადგილზე გააცნო არსებული ვითარება გამშვები პუნქტების გახანგრძლივებულ ჩაკეტვასთან და „ბორდერიზაციის“ განგრძობით პროცესთან დაგაკავშირებით, რაც ხელს უშლის მშვიდი და სტაბილური საცხოვრებელი პირობების შექმნას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, ართულებს მათ წვდომას ჯანდაცვის, განათლების, საპენსიო და სხვა სერვისებზე და ზღუდავს მათ თავისუფალი გადაადგილების უფლებას.