ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 04 / 02

გამოცემა: N6 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მარტი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და ოკუპირებული რეგიონები

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. ამ დრომდე 2016 წელს მიღებული კონცეფცია მოქმედებდა. კონცეფციაში პრიორიტეტული მიმართულებაა მოკავშირეების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონული მიმართულებებიდან ცალკე არის გამოყოფილი ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის განვითარება. დოკუმენტის (V თავი) მიხედვით, რუსეთი პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, ამ ქვეყნების ხალხების საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ ნებაყოფლობითი არჩევანის რეალიზებაში, რომელიც რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.“ კონცეფციიდან გამომდინარე კრემლის ახალი ხედვა ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე მეტად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ სივრცეში მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს.

რეაგირება თბილისის მოვლენებზე

7-9 მარტს თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რაც მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ე.წ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღებით იყო გამოწვეული, რეაგირება მოჰყვა, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.

შეხვედრა ძალოვნებთან

10 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შიდა და საგარეო საფრთხეები განიხილა. შეხვედრის შემდეგ „მეზობელ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო“ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს.

სასწავლო-საწვრთნელი ღონისძიებები გალში

11-14 მარტს გალის რაიონში დე ფაქტო ძალოვანი უწყების წარმომადგენლების (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შსს, სახელმწიფო დაცვის სამსახური) მონაწილეობით სასწავლო-საწვრთნელი ღონისძიებები ჩატარდა. 13 მარტს ბჟანიამ პირადად შეამოწმა წვრთნების მიმდინარეობა და მოინახულა საოკუპაციო ხაზზე ახალი საინჟინრო ინფრასტრუქტურა.

ასლან ბჟანია წვრთნების მიმდინარეობას ამოწმებს

შეფასებები

9 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ თბილისში მიმდინარე მოვლენები პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მორიგ მცდელობად შეაფასა, რის მხარდაჭერაშიც ბრალი დასდო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და თბილისში აშშ-ის საელჩოს. მსგავსი ღონისძიებების მომზადებაში არძინბამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლზეც ისაუბრა.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოში სერიოზული შიდაპოლიტიკური კრიზისი ვითარდება, რომელიც შეიძლება კავკასიის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას დაემუქროს. თუმცა, „სამინისტროს“ შეფასებით, ამის მიუხედავად, საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება შედარებით მშვიდია. საოკუპაციო ხაზზე არსებული სტაბილური ვითარების შესახებ განცხადება გააკეთა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც. 10 მარტს კომიტეტმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზზე ოპერატიული ვითარება სტაბილურია და მისი ესკალაციის ტენდენცია არ ფიქსირდება.

9 მარტს თბილისის მოვლენები ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილეს.

აფხაზეთი

თანამშრომლობა „უშიშროების საბჭოებს“ შორის

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. შეხვედრაზე „უშიშროების საბჭოების“ აპარატებს შორის 2023-2024 წლებში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. მსგავსი შეთანხმებები, როგორც წესი, რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების შესაბამის „სახელმწიფო უწყებებს“ შორის პერიოდულად ფორმდება, რაც კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოს განსაზღვრავს.

თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერა

„საგარეო უწყების“ მოდერნიზაცია

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ცვლილებები გრძელდება. 3 მარტს ინალ არძინბა რუსეთში აფხაზეთის „ელჩს“ ალხას კვიცინიას შეხვდა. შეხვედრაზე „საელჩოს“ ოპტიმიზაციის საკითხი განიხილეს. საატესტაციო კომისიის მიერ რუსეთში აფხაზეთის „საელჩოს“ საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები: დიპლომატების შერჩევის მიზნით შეიქმნება საკონკურსო კომისია;  შეიქმნება თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კერძოდ შეიძენენ ვიდეოკონფერენციის ჩატარებისთვის საჭირო მოწყობილობას;  გაიზრდება საფინანსო დისციპლინა; უზრუნველყოფილი იქნება „საელჩოს“ ქონების ეფექტური გამოყენება; დაინერგება ელექტრონული დაშვების სისტემა, რომელიც თანამშრომლების სამუშაო ადგილზე ყოფნას დააფიქსირებას; „საელჩოს“ დაემატება უსაფრთხოების საკითხებში ატაშის საშტატო ერთეული.

მარტში ხმაურიანი გამოდგა რუსეთში აფხაზეთის „საელჩოს“ თანამშრომლის, ტატიანა გულიას გათავისუფლება. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელის დიმიტრი გულიას შვილიშვილი არძინბამ „საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებლობის“ მიზეზით დაითხოვა. იგი 1992 წლიდან მოსკოვში მოღვაწეობდა და „საელჩოში“ ბოლოს პრეს-ატაშის ფუნქციას ასრულებდა. გულიამ არძინბას მისი გათავისუფლების ფორმა დაუწუნა და მისი აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ იგი გაათავისუფლა არძინბამ, რომელიც „თავად გაათავისუფლეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ვერ გაიარა ატესტაცია“. მან არძინბა „საელჩოს გეგმაზომიერ ნგრევასა და დაშლაში“ დაადანაშაულა. გულიას კრიტიკას არძინბამ მოგვიანებით უპასუხა, რომ „ბევრი პრობლემა იყო, თუმცა მას არ სურს ამაზე საჯაროდ საუბარი, რადგან ეს არაეთიკური იქნებოდა.“

დე ფაქტო საგარეო უწყებაში მიმდინარე ცვლილებები არძინბას პოლიტიკის ნაწილია, რომელიც დე ფაქტო სამინისტროსა და „საელჩოებში“ ახალგაზრდა და მისადმი ლოიალურად განწყობილი კადრებით დაკომპლექტებას ისახავს მიზნად.

დიპლომატიური აქტიურობა

  • 2 მარტს არძიბამ ბჟანიას პრეს-კონფერენციის საფუძველზე ახალი საგარეო-პოლიტიკური ინიციატივების შესახებ განაცხადა:
    • უნდა ჩამოყალიბდეს სოხუმი-მოსკოვი-მინსკის კონსულტაციების სტრატეგიული მექანიზმი;
    • მინსკი შეიძლება გახდეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე მოლაპარაკების პროცესისთვის ალტერნატიული მოედანი;
    • უნდა შეიქმნას ახალი უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაზე.
  • 7 მარტს სირიაში აფხაზეთის „ელჩი“ ბაგრატ ხუტაბა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფეისალ მიკდადს შეხვდა.
  • მარტში დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ავღანეთსა და ლიბანში იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარი მიზნები იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, სავაჭრო სახლების დაფუძნება და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. შეხვედრის დეტალები უცნობია.
  • 21 მარტს ნიკარაგუაში პალესტინის საელჩოში კულტურის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ნიკარაგუაში აფხაზეთის „ელჩი“ ინარ ლადარიაც დაესწრო.
  • 24 მარტს არძინბამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში „ბიზნეს-დიალოგი ევრაზიის სივრცეში“, რომელიც ინდოეთში ჩატარდა. ონლაინ გამოსვლის დროს, არძინბამ, ეკონომიკაში ტურისტული სფეროს როლზე ისაუბრა.
  • 24 მარტს ბერლინში სამზარეულოების ცნობილი მწარმოებელის „SieMatic“-ის სივრცეში აფხაზური პროდუქციის გამოფენა მოეწყო. ღონისძიება აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და გერმანიაში მისი ე.წ. წარმომადგენლის ვოლფგანგ მატცკეს ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზებაში მონაწილეობა ლაიფციგში რუსეთის გენერალურმა საკონსულომაც მიიღო.
  • 30 მარტს არძინბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვს ტელეფონით ესაუბრა. ბოგდანოვი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია ახლო აღმოსავლეთში. დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, აღიარების პოლიტიკის კუთხით, ახლო აღმოსავლეთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ოპოზიციური თავყრილობა

29 მარტს, სოხუმში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ ყრილობა ჩატარდა. შეკრებილებმა მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლება „საუკეთესო მიწის ნაკვეთების უცხოური და აგრესიული ოლიგარაქტის ინტერესების ლობირებაში“ დაადანაშაულეს. ამ მხრივ განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი გახდა „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება. დასკვნით რეზოლუციაში შეკრებილებმა დე ფაქტო პრეზიდენტს თანამდებობის ნებაყოფლობითი დატოვებისკენ მოუწოდეს. ყრილობას ესწრებოდნენ ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატი ადგურ არძინბა, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის, პერსპექტიულ „საპრეზიდენტო“ კანდიდატად განიხილება. მსგავსი თავყრილობა დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია, რაც შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უპირატესობის მოპოვებას ისახავს მიზნად.

„აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ ყრილობა

ცხინვალის რეგიონი

ალან გაგლოევის შეხვედრა პუტინთან

16 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 2022 წელს გაგლოევის „გაპრეზიდენტების“ შემდეგ ეს მისი პირველი შეხვედრა იყო პუტინთან. ეს შეხვედრა თებერვალშიც იგეგმებოდა, მაგრამ, გაგლოევს შეხვედრის წინა დღეს კოვიდი დაუდასტურდა და შეხვედრა გადაიდო. გაგლოევს მისი ოპონენტები ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მან რუსეთის ლიდერთან შეხვედრა ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დროს ახალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ  მიუღიათ, პუტინთან დაგვიანებული შეხვედრა გაგლოევისთვის მაინც დიდი შვებაა, რადგან ეს დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში მას გარკვეულ უპირატესობას მისცემს.

ალან გაგლოევის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან

„საზღვრის დემარკაცია“

2 მარტს „საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის“ ე.წ. კომისიამ მუშაობა დაასრულა და ცალმხრივ რეჟიმში მოამზადა საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის „რუკა-გეგმის“ პროექტი და სამუშაო ჯგუფის საბოლოო ანგარიში. კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, კომისია ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოებისა და სახალხო კომისრების საბჭოს მიერ მიღებული №2 დეკრეტით - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ“, რომელიც 1922 წელს მიიღეს. აღნიშნული დოკუმენტები გადაეგზავნა დე ფაქტო პრეზიდენტს შემდეგი რეაგირებისთვის. „საზღვრის“ დადგენამ შესაძლოა „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლებას შეუწყოს ხელი.

ჯაბიევის საქმე

დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, დასრულდა ინალ ჯაბიევის გარდაცვალებაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება. ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს კრიმინალური მილიციის შენობაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე უკვე დაკავებულია დე ფაქტო შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი. მას შემდეგ რაც სისხლის სამართლის საქმეს გაეცნობა ყველა მონაწილე, საქმე „სასამართლოში“ გადაიგზავნება. ჯაბიევის საქმემ გაგლოევის წინამორბედს, ანატოლი ბიბილოვს სერიოზული პოლიტიკური დარტყმა მიაყენა და „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მის დამარცხებას შეუწყო ხელი.

111-ე შეხვედრა ერგნეთში

2 მარტს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 111-ე შეხვედრა გაიმართა. ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა ამ შეხვედრაზეც სოფ. ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს საკითხზე ისაუბრა და მისი დემონტაჟი მოითხოვა. რასაც, ეწინააღმდეგება ქართული მხარე. საინტერესოა, რომ მან განვლილი პერიოდი შეაფასა, როგორც „ყველაზე მშვიდი პერიოდი“. შემდეგი შეხვედრა 25 აპრილს დაიგეგმა.