ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2023 / 04 / 01

გამოცემა: №24 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მარტი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

სოხუმის აეროპორტი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი განიხილეს. სხდომას დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანიაც ესწრებოდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აეროპორტის აღდგენის პროექტი გადის „სახელმწიფო ექსპერტიზის“ ეტაპს, რის შემდეგაც, შესაბამისი უწყებები ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში, რომელიც რუსეთისა და დე ფაქტო მთავრობის თანამშრომლობით შეიქმნა. სოხუმის აეროპორტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულების შემდეგ არ ფუნქციონირებს და მისი აღდგენა ბჟანიას წინასაარჩევნო დაპირებაა.

მიმოზების ექსპორტი

რუსეთის „სამხრეთის საბაჟო სამმართველოს“ ცნობით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზების ექსპორტი გაზრდილია. აღნიშნულ დღეებში გაიგზავნა 26 ტონაზე მეტი, ჯამში კი ექსპორტზე გატანილია 100 ტონა მიმოზა. აღსანიშნავია, რომ საბაჟოზე დაფიქსირდა 18 ადმინისტრაციული დარღვევა, რაც დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირთა მიერ 1 ტონაზე მეტი მიმოზის „საზღვარზე“ უკანონო გადატანის მცდელობასთან.

საერთაშორისო კონკურსი ქ. სოჭში

ქ. სოჭში გაიმართა ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ღვინის სხვადასხვა სახეობის პროდუქტისთვის კომპანიამ „აფხაზეთის ღვინო და წყლები“ 5 ოქროს მედალი მოიპოვა.

აფხაზეთისა და ყირიმის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრების შეხვედრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრი, თეიმურაზ ხიშბა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრს, ვადიმ ვოლჩენკოს შეხვდა. მათი შეხვედრა მოსკოვის 29-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შედეგად, თანამშრომლობის პროტოკოლს მოეწერა ხელი. აღნიშნული პროტოკოლი ტურიზმის სფეროში გრძელვადიან ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას მოიცავს.

ვიზიტი ყაზანში

სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის მერის, ბესლან ეშბას ხელმძღვანელობით, თათრეთის დედაქალაქ ყაზანს დელეგაცია ესტუმრა. ეშბამ შეხვედრა გამართა ყაზანის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ილდარ შაკიროვთან, რომელიც ხელმძღვანელობს ტრანსპორტის, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის დარგებს. დელეგაცია სოხუმიდან გაეცნო ყაზანის ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოტენციალს. ვიზიტის ფარგლებში სოხუმმა და ყაზანმა ქალაქების „დაძმობილების“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ბაშკირეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი

ბაშკირეთის რესპუბლიკის დელეგაცია, რესპუბლიკის მეთაურის, რადი ხაბიროვის ხელმძღვანელობით  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციის წევრები შეხვდნენ დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრს, კრისტინა ოზგანსა და ე.წ. ფინანსთა მინისტრს, ვლადიმირ დელბას. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივები და მოინახულეს კომპანიის - „აფხაზეთის ღვინო და წყლები“ საწარმო.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

საინვესტიციო პროგრამა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ჯუსოევმა  რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობის კონტროლის მიზნით ოპერატიული შტაბის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მშენებლობის, არქიტექტურისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის დე ფაქტო მინისტრი, ედუარძ ძაგოევი. მისი თქმით, რიგი ობიექტების მშენებლობის დაწყებისთვის, დე ფაქტო უწყება ელოდება „სახელმწიფო ექსპერტიზას“, რომლის მიღების შემდგომ, დაიწყება კონკრეტული ღონისძიებების გატარება და ობიექტების მშენებლობა.

გაზიფიცირების პროექტი

2023 წლის 16 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებული რეგიონის გაზიფიცირების საკითხი. პუტინთან შეხვედრის შემდგომ, გაგლოევმა განაცხადა, რომ რეგიონის გაზიფიცირება 2025 წლისთვის დასრულდება. მისი თქმით, ამ საკითხში მან რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერაც მიიღო. ამჟამად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გაზიფიცირებულია მხოლოდ ქ. ცხინვალი და მიმდებარე დასახლებული პუნქტები. რეგიონს გაზი მხოლოდ რუსეთიდან, მილსადენის საშუალებით მიეწოდება.