ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 07 / 03

გამოცემა: N9 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ივნისი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

პრიგოჟინის „სამართლიანობის მარში“ და ოკუპირებული რეგიონების რეაგირება

23 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის დაწყებულ ამბოხს, რომელიც კრემლმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, ოკუპირებულ რეგიონებშიც გამოეხმაურნენ. 24 ივნისს, როდესაც „ვაგნერის“ მებრძოლები ჯერ კიდევ მოსკოვისკენ მიიწევდნენ, ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა: „შეიარაღებული ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზებულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ, ყოვლისმომცველ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის პრეზიდენტს წესრიგის დამყარებაში.“ ბჟანიამ უკრაინაში მოქმედ აფხაზ მებრძოლებს მოუწოდა არ წამოგებულიყვნენ პროვოკაციას და არ მიეღოთ მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. საყურადღებოა, რომ ბჟანია 20 ივნისიდან მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა მისი შეხვედრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოგვიანებით პუტინსა და ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარიც შედგა.

ბჟანიას არყოფნაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა 24 ივნისს დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ გამართა. საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრ ლევ კვიცინიას ცნობით, აფხაზები „ვაგნერში“ არ ირიცხებიან. შეხვედრის შედეგად დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები  საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. დროებით შეიზღუდა საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებაც.

24 ივნისს პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმაც, რომელმაც ცხინვალის რეგიონის ოსებს, რომლებიც „ვაგნერის“ შემადგენლობაში ირიცხებიან, მოუწოდა არ აჰყოლოდნენ პროვოკაცის და არ დაეჭირათ მხარი მათი ხელმძღვანელების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის. პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმაც. მოგვიანებით მხარდაჭერისთვის პუტინმა გაგლოევს მადლობაც გადაუხადა.

ცხინვალის რეგიონში, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 ივნისამდე პერევი-ქარძმანისა და ოძისი-მოსაბრუნების ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები დროებით ჩაიკეტა.

პრიგოჟინის ამბოხი 24 ივნისს დასრულდა.

გაეროს რეზოლუციის შეფასება

7 ივნისს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. 

რეზოლუციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც დოკუმენტს ცალმხრივი უწოდა, სადაც რეალობა დამახინჯებულად არის წარმოდგენილი და საქართველოს მიერ პროპაგანდისტულ ნაბიჯად გამოიყენება.

აფხაზეთი

არძინბას შეხვედრები თურქეთში

22 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თურქეთში ჩავიდა. საინტერესოა, რომ ეს „მინისტრად“ დანიშვნის (2021 წლის 17 ნოემბერი) შემდეგ, თურქეთში მისი პირველი ვიზიტი იყო. მას სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. წარმომადგენელი იბრახიმ ავიძბა დახვდა. არძინბამ იმავე დღეს თურქეთში აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლობის ოფისი მოინახულა, სადაც თურქეთში აფხაზური კულტურული ცენტრების ფედერაციის თავმჯდომარეს, მურატ მახარიას შეხვდა.

ინალ არძინბას ვიზიტი თურქეთში

არძინბა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების გარდა რუს დიპლომატებსა და თურქ პოლიტიკოსებსაც შეხვდა. იგი ანკარაში თურქეთში რუსეთის ელჩ ალექსეი ერხოვს, მოგვიანებით კი, სტამბოლში რუსეთის გენერალურ კონსულ ანდრეი ბურავოვს შეხვდა.

საყურადღებოა, რომ არძინბას შეხვედრები ჰქონდა თურქეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთანაც. 22 ივნისს არძინბა ნაციონალისტური პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარე, დოღუ პერინჩეკს შეხვდა, რომელმაც თურქეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დაარწმუნა არძინბა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ისინი შეძლებდნენ უახლოეს პერიოდში ამის მიღწევას. პერინჩეკის პოზიცია სიახლე არ არის და მას მსგავსი განცხადებები ადრეც გაუკეთებია. გაცილებით საყურადღებო იყო არძინბას შეხვედრა დუზჯეს გუბერნიიდან არჩეულ თურქეთის პარლამენტის წევრთან, ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრ თალიზ ოზჯანთან, რომელიც აფხაზური წარმოშობისაა.

უნდა აღინიშნოს, რომ არძინბას შეხვედრები არ ატარებდა ოფიციალურ ხასიათს და იგი არ შეხვედრია თურქეთის ხელისუფლებისა თუ მმართველის პარტიის წარმომადგენლებს. თურქეთი დე ფაქტო ხელისუფლების დიპლომატიის განსაკუთრებული სამიზნეა, რადგან ამ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს. ამიტომაც, არძინბას ვიზიტი თურქეთის პოლიტიკურ წრეებში მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად.

საგარეო აქტივობა

  • 29 მაისი-9 ივნისის პერიოდში დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს.
  • 9 ივნისს ინალ არძინბამ რუსეთის პროპაგანდისტულ პირველ არხზე მონაწილეობა მიიღო გადაცემაში - „დიდი თამაში“, რომელსაც საბჭოთა წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგი და ისტორიკოსი დმიტრი საიმსი უძღვება.
  • 15 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში არძინბამ არაბთა გაერთიანებული საამიროების პავილიონი მოინახულა, რომელიც ფორუმზე სტუმარი-ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. არძინბას განცხადებით, აფხაზეთი მზად არის ამ ქვეყანასთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობა განავითაროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო დაგეგმილი შეხვედრა და გასაუბრების ფორმას ატარებდა, დე ფაქტო ხელისუფლება მსგავს ფაქტებს, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარების კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს.

რუსული ინვესტიციები და სოხუმის აეროპორტი

ბოლო პერიოდში სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის გააქტიურება შეიმჩნევა. 9 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ნოვაკი ეწვია, რომელიც  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ნოვაკმა დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან, კრისტინა ოზგანთან ერთად სოხუმის აეროპორტი მოინახულა. ამ შეხვედრიდან მალევე, 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში რუსეთს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენის შესახებ“. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოხუმის აეროპორტი რუსული ფულით აშენდება, თუმცა ვინ იქნება ინვესტორი ჯერჯერობით უცნობია.

ალექსანდრ ნოვაკმა სოხუმის აეროპორტი მოინახულა

შეთანხმების ძალით, რუსული მხარე უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, აფხაზური მხარე კი - საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შექმნილ საკუთრებაზე უფლების დაცვის გარანტიას, საგადასახადო შეღავათებს და მიწის ნაკვეთის გადაცემას. რუსი მინისტრის განცხადებით, აეროპორტის ამოქმედების შემდეგ შემსუბუქდება სოჭის აეროპორტისა და „ადლერის“ საავტომობილო გამშვები პუნქტის დატვირთვა.

წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი 6.5 მლრდ რუბლი დაჯდება, რაც გულისხმობს 3.6 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის 2.4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას, რაც აეროპორტს საშუალებს მისცემს სამგზავრო (SSJ-100, МС-21) და სატვირთო (ИЛ-76) თვითმფრინავები მიიღოს. რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე წლიურად 375.8 ათასი მგზავრის მიღება იგეგმება. მეორე ეტაპის განხორციელებას წლიურად 1 მლნ მგზავრის ნიშნულზე მიღწევის შემდეგ გეგმავენ. აეროპორტის ამოქმედებას 2024 წლის ბოლოსთვის იმედოვნებენ.

აეროპორტის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ბჟანიასთვის, რომლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება აეროპორტის რეაბილიტაცია იყო, რომელიც ქართული-აფხაზური კონფლიქტის დასრულების შემდეგ, 1993 წლიდან არ ფუნქციონირებას. აეროპორტის ამოქმედება, დე ფაქტო ხელისუფლებას ეკონომიკური სარგებელის მიღების გარდა, პოლიტიკურ სარგებელსაც მოუტანს.

აპარტამენტების საკითხი

აფხაზეთში კვლავ მწვავედ დგას ე.წ. აპარტამენტების საკითხი. 21 ივნისს დე ფაქტო პარლამენტში სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტში დახურული სხდომა ჩატარდა. „დეპუტატებს“ აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების შესახებ დოკუმენტების პაკეტი გააცნეს, რომელიც ბჟანიამ 15 ივნისს გადაუგზავნა დე ფაქტო პარლამენტს.

აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ ბჟანიას ოპიზიცია და საზოგადოების ნაწილი. მათი შეფასებით, აფხაზური მიწების გაყიდვა და უცხოელების დასახლება ადგილობრივების ასიმილაციას და დემოგრაფიული სურათის შეცვლას გამოიწვევს. სახელდება რიცხვები, რომ 2035 წლამდე 30 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობა აფხაზეთში 100 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასახლებას გამოიწვევს. ინიციატივის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბჟანია საკანონმდებლო მანიპულაციის გზით ცდილობს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყოს, რაც ადგილობრივი „კანონმდებლობით“ აკრძალულია.

საკადრო ცვლილება

აფხაზეთში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. 13 ივნისს თანამდებობა დატოვა შს მინისტრმა ვალტერ ბუთბამ, რომელიც ამ თანამდებობას 2021 წლის დეკემბრიდან იკავებდა. მაისში ბუთბა სკანდალში გაეხვია, როდესაც მისი სიტყვები ოპოზიციის გამოსვლებთან დაკავშირებით, 1992-1993 წლების ომის ვეტერანების შეურაცხყოფად აღიქვეს. ბუთბამ მოგვიანებით განცხადებაც გააკეთა, რომელიც უფრო ბოდიშის მოხდას ჰგავდა.

ბუთბა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმღვანელმა რობერტ კიუტმა შეცვალა. კიუტი 2003 წლიდან ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მუშაობს, 2021 წლის თებერვლიდან კი სამსახურის უფროსი იყო. კიუტი ბჟანიასთან დაახლოებულ პირად ითვლება, რომელთანაც ერთად უშიშროების სამსახურში მუშაობდა. კიუტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად მისი მოადგილე თემურ ახიბა დაინიშნა.

ბუთბას გადადგომა, სავარაუდოდ, მაისში ოპოზიციის აქტიურობას და მიტინგს უკავშირდება. როგორც ჩანს, ბჟანიამ ბუთბას ქმედებები დამაკმაყოფილებლად არ ჩათვალა და მის ადგილას, უფრო ლოიალური და სანდო კადრი დანიშნა.

„სამშიტოვაია როშას“ ახალი პატრონი

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი ბჟანიას დამოკიდებულებაზე მიუთითებს დე ფაქტო მთავრობის 23 ივნისის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც ბიჭვინთაში მდებარე პანსიონატი „სამშიტოვაია როშა“ სამსახურს ოპერატიულ მმართველობაში გადასცეს. ე.წ. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ბესლან კუბრავას განცხადებით, 1999 წელს პანსიონატის ქონება კომპანია „ანაკოფიას“ 15 წლით გადაეცა. 2014 წელს, არენდის ვადა 2039 წლამდე გახანგრძლივდა. კუბრავას თქმით, აღნიშნული არენდის შეთანხმება არავის გაუუქმებია და მას იმედი აქვს, რომ ძველი და ახალი არენდატორი საერთო ენას გამონახავენ.

გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ნაბიჯი პანსიონატის მოქმედი არენდატორის წინააღმდეგ გადადგმულია ნაბიჯია, რადგან იგი ბჟანიასადმი ოპოზიციურად განწყობილი პირია. გარდა ამისა, ბჟანიას კრიტიკოსები აცხადებენ, რომ „სამსახურისადმი“ პანსიონატის გადაცემით, ბჟანიამ თავის დასაყრდენ ძალოვან უწყებას დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩინა.

ცხინვალის რეგიონი

სანქცირებული „ბანკი“ ცხინვალში

ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების მე-11 პაკეტში ცხინვალში დარეგისტრირებული „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკიც“ მოექცა, რომელიც 2015 წლიდან საქმიანობს. დოკუმენტის მიხედვით, „ბანკი“ საქმიანობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში და რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლის ქვეშ ახორციელებს ზოგიერთ საბანკო მომსახურებას. „ბანკს“ ფილიალი აქვს გახსნილი ლუჰანსკშიც. „ბანკი“ თავის დროზე დონბასისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან არალეგალური ეკონომიკური საქმიანობის წარმოების მიზნით შეიქმნა. „ბანკის“ შუამავლობით, „რესპუბლიკები“ რუსეთისგან იძენდნენ საწვავს, საკვებს, სამშენებლო მასალას და რუსეთში ყიდდნენ საკუთარ პროდუქციას.

ჰუმანიტარული დახმარება დონბასში მებრძოლებს

დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ჰუმანიტარული ტვირთი (ეკიპირება, კვების პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები) ჩაიტანეს. აქციას დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც დაუჭირა მხარი. დონბასში აქტიურობს გაგლოევის წინამორბედი ანატოლი ბიბილოვიც, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობს და ხშირად ავრცელებს პროპაგანდისტულ ვიდეოებს. 2024 წელს რეგიონში არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის მხარდაჭერის დემონსტრირება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

საგარეო აქტივობა ბელარუსში

22 ივნისს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა ბრესტში, ბელარუსი, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში - „მინსკი-ბრესტი-მოსკოვი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომსა და გენოციდის მსხვერპლ ბელარუსელებს ეძღვნებოდა. შეხვედრაში რუსეთისა და ბელარუსის მაღალი რანგის მოხელეებმაც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანმა, დმიტრი მეზენცევმა და რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა, რომელიც ასევე რუსეთის ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარეა. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი ოფიციალურად არ აღიარებს ოკუპირებულ რეგიონებს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ოკუპირებული რეგიონების წარმომამდგენლების ბელარუსულ მხარესთან შეხვედრები გახშირდა. ეს მინსკზე კრემლის ზეწოლის ნიშანია, რაც მოსკოვის მხრიდან მინსკის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნაში გამოიხატება, რასაც ამ ეტაპზე ბელარუსი თავს არიდებს.

ახსარ ჯიოევი ბრესტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობს

სამხედრო სწავლება საგარეო საფრთხის პრევენციისთვის

ცხინვალის რეგიონში პოპულარულია „მეორე ფრონტის“ გახსნის ნარატივი, რომელსაც დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობის კონტექსტში ხშირად მოიხსენიებენ. ცხინვალში მიაჩნიათ, რომ „საქართველოში კოლექტიური დასავლეთი დესტრუქციულ საქმიანობას ააქტიურებს“. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, „აშშ და მისი მოკავშირეები საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევას ზრდიან. ქართული პროდასავლური ოპოზიციისა და პროკიევური ძალების გამოყენებით, დასავლეთი ცდილობს საქართველოში ხელისუფლებაში მის მიერ კონტროლირებადი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოიყვანოს. აღნიშნული ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში, არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში ჩართვა იქნება, ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის გზით“. საგარეო საფრთხეების პრევენციის მიზნით 21 ივნისს ცხინვალში ძალოვანი უწყებების ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც კი ჩატარდა.