ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2024 / 01 / 04

გამოცემა: N27 / მიმოხილვის პერიოდი: 1- 31 დეკემბერი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

IPRM-ის 116-ე შეხვედრა

13 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრა გაიმართა.

116-ე შეხვედრის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.

დაკავებული და გათავისუფლებული  მოქალაქეები

ცხინვალის ციხეში ამჟამად უკანონო პატიმრობაში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. მათგან სამის ვინაობა ცნობილია. ესენი არიან: ლაშა ხეთერელი, გიორგი მელაძე და დიმიტრი კორინთელი

ლაშა ხეთერელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის ივლისში მეშვიდედ დააკავეს. იგი პერიოდულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის იქ მცხოვრები ოჯახის წევრების მოსანახულებლად.

გიორგი მელაძე და დიმიტრი კორინთელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 24 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. აძვის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს.

რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.

ხვიჩა კორინთელის გათავისუფლება

5 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. აძვში მცხოვრები ხვიჩა კორინთელი 11 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. იგი 24 ნოემბერს ძმისშვილ დიმიტრი კორინთელთან და თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად დააკავეს სოფლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ცხინვალის რეგიონიდან მისი „გამოძევების“ მიზეზად დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მელაძისა და კორინთელის წინააღმდეგ კი 8 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით საქმე აღძრეს.

გიორგი დარჩიაშვილის გათავისუფლება

საქართველოს მოქალაქე გიორგი დარჩიაშვილი ორთვიანი უკანონო პატიმრობიდან 12 დეკემბერს 50 000 რუბლის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იგი 5 ოქტომბერს ცხინვალის რაიონის ოკუპირებული სოფლების ღრომისა და ანდორეთის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაცია 18 ოქტომბერს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. მას ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.

გიორგი დარჩიაშვილის გათავისუფლება. წყარო: ssg.gov.ge

ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

16 დეკემბერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ, თავის Facebook-ის გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა „მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის“ (დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციგრიაანთკარის) მახლობლად, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერის განთავსებასთან დაკავშირებით.

ქაცარავას ცნობით, აღნიშნული პერიმეტრის პატრულირება საოკუპაციო ძალების მიერ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან იქვე მდებარეობს 24 საათიანი საგუშაგოც.

 

ახალი ბანერი სოფ. ციგრიაანთკართან. წყარო: დავით ქაცარავას პირადი Facebook-ის გვერდი.

რონდელის ფონდის მიერ მომზადებული ბორდერიზაციის ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოს დელეგაციამ ელჩ რობინ ლ. დუნიგანის ხელმძღვანელობით, საოკუპაციო ხაზის თვაურების, ოძისისა და გორაკას მონაკვეთი მოინახულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მათ ადგილზე გააცნეს „ბორდერიზაციის“ ბოლოდროინდელი აქტივობები და გადაადგილების შეზღუდვის გავლენა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე.

აშშ-ს ელჩის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან. წყარო: EUMM-ის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.