ყოველთვიური მიმოხილვა

ოკუპირებული რეგიონების მონაწილეობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში

2024 / 03 / 18

ავტორი: არსენ არაქელოვი

2024 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზეც, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობენ კრემლის სამხედრო კამპანიაში. სტატიაში განვიხილავთ თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში რა სახით არიან ჩართულები ოკუპირებული რეგიონები რუსეთის სამხედრო აგრესიაში, როგორია დე ფაქტო მთავრობების ქმედებები, მოსახლეობის განწყობები და მოლოდინები.

პირველი რეაგირება

ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარება - გამოხმაურება სოხუმსა და ცხინვალში

2022 წლის დასაწყისი ოკუპირებულ რეგიონებში შიდა პოლიტიკური დაძაბულობით გამოირჩეოდა. ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, რომელიც აპრილში უნდა ჩატარებულიყო. მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი, ალან გაგლოევი უპირისპირდებოდა. აფხაზეთი კი, „საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ემზადებოდა, რომელშიც მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას გამარჯვება და საკუთარი გავლენის განმტკიცება სჭირდებოდა. რუსეთის განცხადებებმა და შემდეგ სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ თავისი გავლენა მოახდინა „საარჩევნო“ პროცესზეც. პოლიტიკური ჯგუფები საკითხის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ.

20 თებერვალს, როდესაც სიტუაცია მწვავდებოდა, ბჟანიამ განცხადება გაავრცელა, რომ საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთის რესპუბლიკა მზად იყო დონბასისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაეწია.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ ცნო. ამის შემდეგ, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის შესანარჩუნებლად შესაბამისი მოქმედებების განხორციელება დაავალა.

ბჟანია მიესალმა პუტინის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, „დონბასის ხალხი უკვე წლებია მძიმე განსაცდელში ცხოვრობს, რის შედეგადაც მოსახლეობა ცდილობს თავი რუსეთს შეაფაროს“. ბჟანიამ პუტინის გადაწყვეტილებას სამართლიანი, თანამედროვე გამოწვევებთან, საფრთხეებთან და გეოპოლიტიკურ რეალობასთან შესაბამისი უწოდა. „მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარება ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ფორმირებას, რომელშიც მცირე ერების უფლებები საიმედოდ არის დაცული“ - განაცხადა ბჟანიამ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ლიდერები ხშირად აღნიშნავენ საკუთარ განცხადებებში „ახალი, მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის“ შესახებ, რაც ბჟანიას განცხადებაშიც აისახა.

მოსკოვის მხრიდან აღიარების შემდეგ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები ოკუპირებულმა აფხაზეთმაც აღიარა. აღსანიშნავია, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები აფხაზეთს 2015 წლიდან აღიარებენ, თუმცა აფხაზეთიდან ასეთი გადაწყვეტილება არ მიღებულა მანამ, სანამ თავად რუსეთმა არ აღიარა სეპარატისტული რესპუბლიკები. ცხინვალის რეგიონი კი, ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს 2014 წლიდან აღიარებს და მათ შორის ამ წლებში რამდენიმე შეთანხმებაც იყო დადებული. გავრცელებული ინფორმაცით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მითითებით მიიღო, რითაც კრემლმა სეპარატისტულ რესპუბლიკებთან ეკონომიკური ურთიერთობებისთვის არალეგალური მექანიზმი შექმნა.

ამავე დღეს ბჟანიამ ძალოვანი უწყებებისთვის „საქართველოს მხრიდან პროვოკაციის პრევენციისთვის“ გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა, დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს კი ლტოლვილთა მისაღებად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაავალა. დე ფაქტო მინისტრის, ლევ კვიცინიას განცხადებით, „სამინისტრო“ მზად იყო დონბასში გაეგზავნა სამაშველო ჯგუფი სამოქალაქო პირთა ევაკუაციისთვის.

ბჟანიას მსგავსად, პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ცხინვალის რეგიონის მაშინდელი „პრეზიდენტი“, ბიბილოვი და მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს. ბიბილოვმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში „დიალოგის ნაცვლად დონბასი ხედავდა მხოლოდ გენოციდის ზღვარზე არსებულ არაადამიანობის ახალ აქტებს“. ბიბილოვმა ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარება ცხინვალის რეგიონის აღიარებას შეადარა და დასძინა, რომ „დონბასის აღიარება ათეულობით მილიონი ადამიანისთვის უკეთესი მომავლის იმედია“ ისევე, როგორც თავისი აღიარებით „რუსეთი უკვე 13 წელია მშვიდობას ამყარებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“.

24 თებერვალი - ომის პირველი დღე

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე საათში, დილის რვის ნახევარზე, ბიბილოვმა ე.წ. თავდაცვის სამინისტროში საომარი განგაში გამოაცხადა. მისი ბრძანებით, „სამინისტროს“ ყველა თანამშრომელი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, რამდენიმე საათში კი ბიბილოვმა „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა მოიწვია. საბჭოზე ბიბილოვმა ოპერატიული შტაბის შექმნის ბრძანება გასცა. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ყველა ის ამოცანა, რომელსაც გასცემს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროზეც გავრცელდებოდა.

„ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ამ პროცესში იყვნენ ჩათრეული, ანუ გარეშე ძალები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარეშე ძალებს მიეკუთვნება საქართველოც“ - განაცხადა სხდომაზე ბიბილოვმა. ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის გააქტიურება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფა და „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“ მომზადება.

ბიბილოვმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა რუს „კოლეგებთან“ დაემყარებინათ კავშირი. ამის შემდგომ, მან განცხადებით მიმართა რეგიონის მოსახლეობას. მოსახლეობისთვის გავრცელებულ განცხადებაში ბიბილოვმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და განაცხადა: „გამომდინარე რთული სიტუაციიდან და უკრაინის მოკავშირისგან - საქართველოსგან შესაძლო პროვოკაციების შესახებ მიღებული ინფორმაციიდან, მე მოვიწვიე უშიშროების საბჭოს სხდომა ... რათა მზად ვიყოთ ნებისმიერ პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“. ამის შემდეგ, ბიბილოვმა სიმშვიდისკენ მოუწოდა მოსახლეობას და განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დე ფაქტო მთავრობა მიიღებს, მიმართული იქნება „მოსახლეობისა და რესპუბლიკის დასაცავად“. მან „პოლიტიკურ ძალებს“ სთხოვა არ დაეძაბათ შიდა სიტუაცია, რის შემდგომაც მომავალი „საპრეზიდენტო არჩევნებიც“ ახსენა. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ერთობლივი ძალებით ყველამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ „არჩევნები“ მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.

ბიბილოვისგან განსხვავებით, ბჟანია უფრო „მოკრძალებულად“ შეხვდა ომის დაწყებას. შესაძლოა, ეს იყო გამოწვეული იმით, რომ ბიბილოვს „წინასაარჩევნოდ“ მისი ძალაუფლებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება სურდა. 25 თებერვალს ბჟანიამ „უშიშროების საბჭო“ მოიწვია, რომელზეც მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს. სხდომაზე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები კი ბჟანიას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მზადყოფნაში 21 თებერვლიდან ჰყავდა.

ლტოლვილების მიღება

25 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან 93 ლტოლვილი მიიღო. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა, ლევ კვიცინიამ ჟურნალისტებს ჩატარებული ოპერაციის შესახებ უამბო.

კვიცინიას განცხადებით, ბჟანიას ბრძანებით მან მობილიზება გაუკეთა ერთ რეანომობილს და ორ ავტობუსს. მისი თქმით, ამ რეისით ოლქებიდან სამაშველო ბრიგადამ ჯამში აფხაზეთში გადაიყვანა 93 ადამიანი, მათ შორის, 49 ბავშვი და ერთი პენსიონერი. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რამდენი ლტოლვილის შეფარებას შეძლებდა აფხაზეთი, კვიცინიამ განაცხადა, რომ შესაძლებელი იქნებოდა კიდევ 200-300 ადამიანის მიღება. იმ შემთხვევაში კი, თუ მდგომარეობა დამძიმდებოდა, კვიცინიას თქმით, ის მიმართავდა თხოვნით „მოქალაქეებს“. „ეს გულწრფელი იქნება, რადგან აფხაზეთსაც ჰქონდა რთული დროება, ჩვენ თავად ვიყავით ლტოლვილები, ამიტომ ადამიანები ამას გულთან ახლოს მიიტანენ“ - განაცხადა მან.

ბრიგადამ რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარი დღის 12 საათზე გადაკვეთა. ყველა ლტოლვილი სოხუმის პანსიონატში - „აიტარ“ დააბინავეს.

მიღებული ლტოლვილები

განწყობები საზოგადოებაში

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას აფხაზურ და ოსურ „პოლიტიკურ ელიტაში“ მხარდაჭერით  შეხვდნენ, სატელევიზიო დებატებში მონაწილე „დეპუტატობის კანდიდატებიც“ ერთმანეთის მსგავსად აფასებდნენ განვითარებულ მოვლენებს, განსხვავება მხოლოდ პასუხის თავშეკავებულობაში იყო, ხოლო საზოგადოებებში სხვადასხვა შეფასების მოსმენა იყო შესაძლებელი.  

აფხაზურ ტელეგრამ არხებზე განსხვავებული მოსაზრებები ფიქსირდებოდა. მაგ.: „ასეთ სიტუაციაში ეს თვითმკვლელობაა“, „უკვე დიდი ხანია საჭირო იყო და გთხოვთ, გაბედულად იმოქმედეთ!“, „სამწუხაროდ, შეუძლებელია ერთდროულად მშვიდობის დაცვა და ომის ტაშით შეგებება“ - წერდნენ სოცმედიის მომხმარებლები.

ბჟანიას განცხადება აფხაზურ საზოგადოებაში სხვადასხვანაირად შეფასდა. ცხადია, არავინ ეჭვობდა დე ფაქტო რესპუბლიკის მხარდაჭერას რუსეთისადმი, თუმცა ზოგიერთმა შესაძლო რისკებსა და შიშებზე გაამახვილა ყურადღება, ბჟანიას განცხადებას კი ნაადრევი უწოდა.

პოლიტიკურმა დებატმა სოცმედიაში გააერთიანა აფხაზური საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანებიც. მაგალითად, დიდი გამოხმაურება მოჰყვა იური ანჩაბაძის პოსტს, რომელმაც გააკრიტიკა როგორც პუტინის გადაწყვეტილება, ასევე ბჟანიას მოქმედება. ანჩაბაძე მოსკოვში მოღვაწე ისტორიის მეცნიერების დოქტორია. ანჩაბაძის თქმით, „არ შეიძლება დაუფიქრებლად, სტრატეგიული მოკავშირის სტატუსის კვალდაკვალ მოქმედება“, რითიც სწორედ ბჟანიას პუტინისადმი სწრაფი და უპირობო მხარდაჭერა გააკრიტიკა. მან გამოთქვა შიში, რომ „უკრაინის მიმართულებით პუტინ-ლავროვის ამჟამინდელი პოლიტიკა დამანგრეველი და დესტრუქციულია“ თავად რუსეთისთვის. „აფხაზეთი და დონბასი ორი სხვადასხვა ისტორიული და გეოპოლიტიკური შემთხვევაა, 2008 წელს რუსეთის აღიარება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის აქტი იყო“, „ახლა რუსეთს მოუწევს ამისთვის საფასურის გადახდა, ამიტომ ნუ ითრევთ აფხაზეთს დონბასურ საქმეებში“ - დაწერა მან.

აღნიშნულ განცხადებას უპასუხეს აფხაზეთში მცხოვრებმა საზოგადო მოღვაწეებმა და დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა. მათ გააჟღერეს რუსული პროპაგანდისთვის ჩვეული განცხადებები „უკრაინული ფაშიზმის“ შესახებ. ამასთან, აფხაზეთში აღნიშნეს, რომ საქართველო „დონბასის საქმეებშია ჩართული“ და იქ ბევრი ქართველი დაიღუპა. რეგიონში ასევე გაიხსენეს და აღნიშნეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს „აფხაზი და ოსი ხალხის გასანადგურებლად“ უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსადმი, რუსეთის მიერ წამოწყებული ომი კი ტრადიციულად, ამ „კოლექტიური ფაშიზმის“ დასასრულად შეაფასეს.

განცხადება გაავრცელა „აფხაზი ხალხის სამამულო ომის" (ასე მოიხსენიებენ 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ოკუპირებულ აფხაზეთში) ვეტერანების საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაამ“. დაძაბული საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, რუს თანამემამულეთა მხარდაჭერისა და „საქართველოსთან  დაურეგულირებელი ურთიერთობის“ მიზეზით, მათ მოუწოდეს ბჟანიას გაეცა ბრძანება სამხედრო სწავლების შესახებ, რომელიც შეამოწმებდა დე ფაქტო თავდაცვის ძალებისა და რეზერვისტთა მზადყოფნას. ასევე, განცხადებაში ორგანიზაცია მოუწოდებდა ბჟანიას ჩაეტარებინა სწავლება სამოქალაქო თავდაცვის შესახებ და მოემზადებინა სამოქალაქო პირთათვის თავშესაფრები.

თბილისის სამშვიდობო განცხადებების მიუხედავად, თბილისში მიმდინარე უკრაინის მხარდასაჭერი აქციები აფხაზეთში ფასდებოდა არა როგორც პაციფიზმის გამოვლინება, არამედ როგორც რუსეთის მიმართ აგრესია. გაისმა მოწოდებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის შესახებ. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი მოუწოდებდა დე ფაქტო მთავრობას მოლაპარაკებები ეწარმოებინა რუსეთის მთავრობასთან, რომელსაც თეორიულად შეეძლო რეგიონებში ბაზირებული მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზიდან საკუთარი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა და „საზღვარი“ დაუცველი დაეტოვებინა, რაც ნაწილობრივ მოხდა კიდევაც. 2022 წლის მარტში გავრცელდა ვიდეოკადრები, თუ როგორ მიემართებოდა ფრონტისაკენ სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობის კოლონები ცხინვალიდან.  

სამხედრო კოლონა ცხინვალიდან ფრონტის ხაზზე მიემართება

ოკუპირებული რეგიონების სამხედრო ჩართულობა რუსეთის აგრესიაში

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის მხარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც იბრძვიან. მათი დიდი ნაწილი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე ჩართულია სამხედრო მოქმედებებში, ხოლო ნაწილი კი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის. ძირითადად შემდეგი სამხედრო დაჯგუფებების გამოყოფა შეიძლება:

„პიატნაშკა“: ეთნიკურად აფხაზი მებრძოლები ყველაზე მეტად ე.წ. „პიატნაშკას“ ინტერნაციონალურ ბრიგადაში არიან გაწევრიანებული. „პიატნაშკა“ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 2022 წლიდან მე-100 მექანიზებულ მსროლელთა ბრიგადის, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველი არმიის კორპუსის დაქვემდებარებაშია. ბრიგადის აქტიურობა ხშირად შეინიშნება დონეცკის ოლქში, ქ. ავდიივკასთან. დანაყოფის მეთაური ეთნიკურად აფხაზი ახრა ავიძბაა, მეტსახელად „აფხაზი“.

„შტორმ.ოსეტია“ და „ალანია“: ეთნიკური ოსების ყველაზე დიდი რაოდენობა ამ ორ დაჯგუფებაში ირიცხება. მათი აქტიურობა ხშირად შეინიშნება ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილებში. ბატალიონების შემადგენლობაში შედიან ეთნიკურად ოსი მოხალისეები, როგორც ჩრდილოეთ ოსეთიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან.

რუსეთის შეიარაღებული ძალები: არაერთი ეთნიკურად ოსი და აფხაზი მებრძოლი უკრაინაში იბრძვის რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებშიც, მათი ნაწილი კი საომარ მოქმედებებში ჩაერთო, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში დისლოცირებული მე-4 და მე-7 რუსული სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურე.

„ვაგნერი": მოხალისეების მცირე ნაწილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" რიგებში ირიცხებოდა. ამ ეტაპისთვის ცნობილია 2 „ვაგნერელის“ დაღუპვის შესახებ, რომლებიც ოკუპირებული რეგიონებიდან იყვნენ.

დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების  შეიარაღებული ძალები: აფხაზი და ოსი მოხალისეები დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების  შეიარაღებულ ძალებშიც ირიცხებიან. მათი ნაწილი ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ლიდერებთან დაახლოებული პირები არიან.

აფხაზურ და ოსურ სამხედრო დაჯგუფებებს გარკვეული საბრძოლო ტრადიციებიც ჩამოუყალიბდათ. მაგალითად, „პიატნაშკას“ რიგებში ირიცხება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, რომან ზაიაცი, მეტსაცხელად - „ბატიუშკა“. „ბატიუშკა“ თავის ტელეგრამ არხზე აქვეყნებს ომის მიმდინარეობის დეტალებს და მისი თქმით, ცდილობს სულიერი საზრდოთი დაეხმაროს ბრიგადაში გაწევრიანებულ მებრძოლებს. აღსანიშნავია, რომ „ბატიუშკა“ პოპულარობით უკრაინულ მედიაშიც სარგებლობს და მის შესახებ არაერთი სტატიაა დაწერილი.

ასევე, ბატალიონებს საკუთარი კორესპონდენტებიც ჰყავთ. ოსური ბატალიონების შემთხვევაში ეს ძირითადად, ჟურნალისტი არზუ მამედოვაა, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს ომის მიმდინარე დეტალებს თავის ტელეგრამ არხზე. „პიატნაშკას“ შემთხვევაში კი ეს რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი პაველ კუკუშკინია. მის ტელეგრამ არხზე განთავსებულია არაერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იბრძვიან „პიატნაშკას“ მებრძოლები. კუკუშკინი პოპულარობით სარგებლობს რუსულ პროპაგანდისტულ სატელევიზიო გადაცემებშიც. პერიოდულად, მას პირდაპირ ეთერში რთავენ „Россия 1“-ის ეთერში ოლგა სკაბეევა და ევგენი პოპოვი. ზოგადად კი, რუსი ჟურნალისტები ყურადღებას უთმობენ ეთნიკურად აფხაზ და ოს მებრძოლებს, რაც გამოიხატება მათ შესახებ პროპაგანდისტული სიუჟეტების შექმნაში.

ომში ჩართული მებრძოლების რაოდენობა

უკრაინაში ოკუპირებული რეგიონებიდან წასულ მებრძოლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაგ. 2023 წლის 15 ოქტომბერს ბიბილოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიაში ცხინვალის რეგიონიდან 1 100 მოხალისეზე მეტი მონაწილეობდა.

2024 წლის თებერვალში ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა თანამშრომლობის სხვადასხვა სფერო და, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომი. შეხვედრის შემდგომ, რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა, ტომას ჯიგკაევმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება ბევრი ჯარისკაცის რეაბილიტაცია, რის შესაძლებლობასაც ოს ჯარისკაცებს ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება მისცემს. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საომარ ზონაში ცხინვალის რეგიონიდან 3 500-ზე მეტი  მებრძოლი იბრძვის.

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის რიცხოვნობის (2019 წელს დე ფაქტო ხელისუფლების გამოქვეყნებული მონაცემებით,  ცხინვალის რეგიონში დაახლოებით, 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა რეალურად რეგიონის მცხოვრებთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია) გათვალისწინებით, ეს მონაცემები შეიძლება გადაჭარბებული იყოს. ოსურ მედიაში, მათ შორის ტელეგრამ არხებში გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონიდან ომში დაახლოებით, 30 მებრძოლი დაიღუპა.

აფხაზეთის შემთხვევაში, ასევე უცნობია კონფლიქტში ჩართულ მებრძოლთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა სხვადასხვა ინფორმაციით, უკრაინაში 100-მდე მებრძოლი იბრძვის. „პიატნაშკას“ მეთაურის, ავიძბას განცხადებით, ინტერნაციონალურ ბატალიონში რეგულარულად ირიცხება 60 აფხაზი მებრძოლი. ამასთან, რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, მაგ. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას 2023 წლის 23 ოქტომბრის განცხადებით, უკრაინიდან აფხაზეთში 10 მებრძოლის ნეშტი გადმოასვენეს. ამ განცხადების შემდეგ დღემდე, ე.წ. სამინისტრომ აფხაზეთში კიდევ 4 მებრძოლი გადმოასვენა.

2024 წლის 21 თებერვალს ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს - „ТАСС“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინაში 70-80 ეთნიკურად აფხაზი მებრძოლი იბრძვის. ბჟანიამ ისაუბრა დაღუპული მებრძოლების შესახებაც და მისი თქმით, ამ ეტაპზე აფხაზეთიდან ომში წასული 20 მებრძოლი დაიღუპა.

დაღუპული მებრძოლების რაოდენობა

დე ფაქტო მთავრობების თუ „ოფიციალური“ აფხაზური და ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან ოკუპირებული რეგიონებიდან დაღუპული მებრძოლების რაოდენობა უფრო მეტია: ცხინვალის რეგიონიდან დაიღუპა 39 მებრძოლი, აფხაზეთიდან კი - 23 (2024 წლის 15 მარტის მონაცემები). აღნიშნული პირები ძირითადად დაიბადნენ ოკუპირებულ რეგიონებში, მათი მხოლოდ მცირე ნაწილი დაიბადა ოკუპირებული რეგიონების გარეთ და მოგვიანებით დასახლდა აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში. აღნიშნულ სიაში შეყვანილია ის პირებიც, რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ და შემდეგში რუსეთის ტერიტორიაზე დაკრძალეს, თუმცა ისინი წარმოშობით ოკუპირებული რეგიონებიდან იყვნენ.

ცხინვალის რეგიონიდან პირველი დაღუპული მებრძოლი ანდრეი ბაკაევია. სერჟანტი ბაკაევი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიაში მსახურობდა და დაიღუპა 2022 წლის 5 მარტს ქ. გულიაიპოლეში, ზაპოროჟიეს ოლქში.

ანდრეი ბაკაევი

აფხაზეთიდან პირველი დაღუპული მებრძოლი კი ახრა კირკინაძეა, რომელიც „პიატნაშკაში“ იბრძოდა. სხვადახვა ცნობების თანახმად, იგი დონბასში 2022 წლის 31 მარტს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ახრა კირკინაძე

ხშირია შემთხვევები, როდესაც მებრძოლთა ადგილმდებარეობის დადგენა რთულია და მათ შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ამას ადასტურებს მედიაში გავრცელებული ცნობები, თუ როგორ ეძებენ და/ან შესაბამისი უწყებებიდან დახმარებას ითხოვენ უგზოუკვლოდ დაკარგული მებრძოლების ადგილმდებარეობის დადგენაში მებრძოლთა ნათესავები. როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში, მებრძოლი შეიარაღებულ დაპირისპირებაში დაიღუპა და შეუძლებელია დაღუპვის ადგილიდან მათი გადმოსვენება ან მათი ვინაობის დადგენა. არის შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილის ვინაობის დადგენა რუსეთის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მებრძოლის გარდაცვალებიდან კვირების ან თვეების შემდეგ, დნმ-ის ანალიზით ხერხდება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამის შესახებ ცნობილია.

მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლთა ადგილმდებარეობისა და დაღუპვის ადგილის დადგენა რთულია, ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი მებრძოლი დაიღუპა დონეცკის ოლქში, ჯამში - 37, მათ შორის, ავდიივკაში - 13, ბახმუტში - 5, მარიუპოლში კი - 4. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ აფხაზური და ოსური ბატალიონები ყველაზე მეტად სწორედ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქში იბრძვიან.

დაღუპული მებრძოლები

ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, შეუძლებელია ყველა დაღუპული მებრძოლის საბრძოლო დანაყოფის დადგენა, თუმცა მოპოვებული ინფორმაციით ყველაზე მეტი მებრძოლი დაიღუპა სხვადასხვა, დაუზუსტებელ მოხალისეობრივ დანაყოფში - 20 და რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში - 18.

რუსეთის თავდაცვის ძალებიდან დაღუპული მებრძოლები ძირითადად, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის  (სსო), რეგიონებში ბაზირებული მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების მოსამსახურეები იყვნენ, თუმცა დაღუპულებს შორის არიან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კასპიისკის საზღვაო ქვეითთა 177-ე პოლკისა და 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მებრძოლები. ზოგიერთ მებრძოლს სამხედრო განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული, მათ შორის, მოსკოვის უმაღლესი საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში, ზოგიერთი კი რუსეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო დანაყოფების წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა ნაწილი დე ფაქტო რესპუბლიკების ე.წ. ელიტური ქვედანაყოფების მებრძოლებიც იყვნენ.

ძირითადი მედლები, რასაც დაღუპულ მებძროლებს ანიჭებენ, არის სხვადასხვა რანგის „გეორგიევსკის ჯვარი“,  „დნრ-ის გეორკიევსკის ჯვარი“, „სიმამაცის ორდენი“, ორდენი - „თავდადებისთვის“ და „სამშობლოს დამცველი“.

რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე და დაღუპულ მებრძოლთა ნაწილი მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც. ზოგიერთი მათგანი კი ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებულ შეიარაღებულ დაპირისპირებებში მონაწილეობდა და ამისთვის ჯილდოც აქვს მიღებული. ხშირია შეთხვევები, როდესაც ახალგაზრდა დაღუპული მებრძოლების მამები კონფლიქტების ვეტერანები არიან. ასევე, ზოგიერთ დაღუპულ მებრძოლს რუსეთის თავდაცვის ძალებში დიდი გამოცდილება და სამხედრო ჩინიც ჰქონდა.

დაღუპულ მებრძოლებს შორის არიან ისეთი პირებიც, რომლებსაც არ ჰქონიათ დიდი სამხედრო გამოცდილება. მათ შორის არიან ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის „დამსახურებული არტისტებიც“. მიუხედავად ამისა, დაღუპული მებრძოლებიდან შეგვიძლია რამდენიმეს გამოყოფა, რომლებიც როგორც თავიანთი სტატუსით, ასევე სამხედრო გამოცდილებებითა და სტატუსით გამორჩეულნი იყვნენ დაღუპულთა შორის.

2023 წლის 18 ივნისს რუსულმა ტელეგრამ არხმა გაავრცელა ინფორმაცია აივენგო ტეხოვის დაღუპვის შესახებ. იგი „შტორმ.ოსეტიას“ მეთაურის თანაშემწე იყო. 31 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ტეხოვი სიკვდილის შემდგომ „სიმამაცის ორდენით“ დაჯილდოვდა.

აივენგო ტეხოვი

ოლეგ ძარახოხოვი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიაში არსებული ასლან გაგიევის ცნობილი ბანდის ერთ-ერთი წევრი იყო. ძაროხოვი, ზედმეტსახელით - „კალაბოკი“, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ გაწევრიანდა „ვაგნერში“, რის გამოც იგი ციხიდან გაანთავისუფლეს. მას 2016 წელს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს არაერთი მკვლელობისთვის, ორგანიზებული კრიმინალური ბანდის წევრობისთვის და სხვა დანაშაულებისთვის. მისი ახალი საბრძოლო ზედმეტსახელი იყო - „ტაშაი“. 2022 წლის 24 ნოემბერს იგი ბახმუტთან ბრძოლების დროს დაიღუპა.

ოლეგ ძაროხოვი

აღსანიშნავია, რომ სამხედრო აგრესიაში დაიღუპა ეთნიკურად ქართველი მებრძოლიც, ბესლან ტაბაღუა. ტაბაღუა დაიბადა გალის რაიონში, ის რუსეთის შეიარაღებული ძალების სერჟანტი იყო. 24 წლის ტაბაღუა 2022 წლის 7 დეკემბერს დაიღუპა დონბასში და დაკრძალულია გალში.

ბესლან ტაბაღუა

ყველაზე გახმაურებული ამბავი კი ვლადიმირ ხარაბუას, მეტსახელად „მიკიჩის“ დაღუპვა იყო. მიკიჩი 2024 წლის 20 იანვარს  ქ. ავდიივკას მახლობლად დაიღუპა, როდესაც რუსეთის ჯარისა და „პიატნაშკას“ შეტევას ფრონტის ხაზზე ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, რუსეთის ჯარმა „მიკიჩის“ დაღუპვით დიდი დანაკარგი განიცადა. „მიკიჩი“ „პიატნაშკას“ მეთაურის, ავიძბას პირველი თანაშემწე და ბრიგადის მეცხრე მოიერიშე ასეულის მეთაური იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელ წლებში „მიკიჩი“ უშუალოდ იღებდა მონაწილეობას უკრაინაში რუსეთის არმიის არაერთ მასშტაბურ შეტევაში.  2024 წლის მარტში ქ. გაგრას შესასვლელში „მიკიჩის“ გამოსახულებით მის საპატივსაცემოდ აბრაც დაიდგა.

„მიკიჩის“ აბრა

რონდელის ფონდის პროექტის „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში შექმნილ ინტერაქტიურ რუკაზე წარმოდგენილია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაღუპული მებრძოლები. რუკაზე დატანილია ინფორმაცია ყველა იმ მებრძოლის შესახებ, რომელიც აფხაზეთთან ან ცხინვალის რეგიონთან არის დაკავშირებული.

ინტერაქტიური რუკა

ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარება

მებრძოლების გარდა, რუსეთს მხარდაჭერას ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებიც უცხადებენ, რაც გამოიხატება ფინანსურ, ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ჩართულობა, რომელიც პერიოდულად ფრონტზე ჩადის ოს მებრძოლებთან შესახვედრად. გაგლოევის აქტიურობის ერთ-ერთი მიზეზი მისი წინამორბედის, რეგიონის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის აქტიურობაა, რომელიც „საპარლამენტო არჩევნებში“ (დაგეგმილია 2024 წლის ივნისში) რევანშს რუსეთის სამხედრო აგრესიაში ჩართულობის კამპანიით ცდილობს, გაგლოევი კი თავისი აქტიურობით მას ოპონირებას უწევს. 

ოკუპირებულ რეგიონებში პერიოდულად ტარდება საქველმოქმედო კონცერტები, ღონისძიებები, რომლებსაც ორგანიზებას უკეთებენ დე ფაქტო მთავრობები, რეგიონებში მცხოვრები რუსი თანამემამულეები და დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტო (შემდგომში - „რუსული სახლი“). ღონისძიებებში მონაწილეობას მასშტაბურად იღებს მოსახლეობაც, სკოლების ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები.

რეგიონებში იმართება კონცერტები, ცნობილი მომღერლები სიმღერებს უძღვნიან მებრძოლებს, საკმაოდ პოპულარული აქტივობაა სკოლებში მოსწავლეების ჩართვა მებრძოლებისთვის „შესანიღბი ბადეების“ მზადებაში, რომლებიც შემდგომ ფრონტზე იგზავნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მათ მშობლიურ სკოლებს მათი სახელიც ენიჭებათ.

სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად არის ჩართული რეგიონებში „რუსული სახლის“ წარმომადგენლობა და რუსი თანამემამულეები. თანამემამულეებს, განსაკუთრებით აფხაზეთში, ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია აქვთ დარეგისტრირებული, რომლებიც „რუსული სახლის“ ჩართულობით სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს ატარებენ. აქტიურად ფუნქციონირებს „დონბასის დამხარებისა და მხარდაჭერის ერთიანი შტაბი“. შტაბში გაწევრიანებულები არიან რუს თანამემამულეთა „კაზაკთა“ ორგანიზაციები, რომლებიც ომის დაწყებიდან აგზავნიან ფრონტზე სხვადასხვა დახმარებასა და მათ შორის, ტექნიკურ და სამხედრო ინვენტარს.

„პიატნაშკას“ მხარდასაჭერად შექმნილია ტელეგრამ არხი - „СВОИХ НЕ БРОСАЕМ“ . ამ ჯგუფის ადმინისტრატორები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ბრიგადის მებრძოლებთან, პერიოდულად აქვეყნებენ იმ ინვენტარის სიას, რაც ესაჭიროებათ მებრძოლებს. სიაში ძირითადად ისეთი ნივთებია, როგორიცაა კვადროკოპტერები, თერმოგამოსახულების აპარატები, დრონები, რაციები, გამათბობლები, აკუმულატორები, მანქანები და სხვადასხვა ტექნიკა.

„პიატნაშკასთვის“ გასაგზავნი ინვენტარის სია

ჯგუფის წევრები რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც თავიანთი სახსრებით ყიდულობენ ტექნიკას, შემდეგ კი აგზავნიან შესაბამის მისამართზე. ჯგუფის მოდერატორები ასევე კოორდინირებას უწევენ ეთნიკურად აფხაზ გამოჯანმრთელებულ მებრძოლთა გადაყვანას მოსკოვის სადგურებსა და აეროპორტებში აფხაზეთში დასაბრუნებლად.

რუსეთის მოქალაქეების მიერ შეძენილი ტექნიკა

დე ფაქტო ლიდერების ჩართულობა

ასლან ბჟანია ხშირად ავრცელებს ეთნიკურად აფხაზ მებრძოლთა მხარდასაჭერ განცხადებებს და ხშირად აღნიშნავს, რომ „ის მათ გვერდითაა“. მიუხედავად იმისა, რომ მას დაძაბული ურთიერთობა აქვს „პიატნაშკას“ ლიდერთან, ავიძბასთან, ბჟანია ხშირად თავისი პირადი სახსრებით ეხმარება ბრიგადასა და მასში გაწევრიანებულ მებრძოლებს.

გაგლოევის შემთხვევაში კი, თავს იჩენს შიდა პოლიტიკური ბრძოლაც. განსხვავებით ბჟანიასგან, იგი კიდევ უფრო მეტად ცდილობს დაეხმაროს ომში ჩართულ ეთნიკურად ოს მებრძოლებს, ეს გამოიხატება როგორც ფრონტზე ჩასვლით, ასევე მებრძოლებისთვის საკუთარი სახსრებით ნაყიდი მანქანების გაგზავნით. ის არაერთხელაა ნამყოფი ფრონტზე, მას ჩააქვს დრონები და ძირითადად, „ნივას“ მარკის ავტომობილები. გავრცელებული ინფორმაციით, იგი აქტიურ კავშირშია მებრძოლებთან და მათ თხოვნებს ასრულებს. აღნიშნული კი პირველ რიგში განპირობებულია ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის აქტიურობით საბრძოლო მოქმედებებში. ბიბილოვი თავად აქტიური მონაწილეა რუსეთის სამხედრო აგრესიის, ის პერიოდულად აქვეყნებს ვიდეოებს ფრონტიდან, რასაც „საარჩევნო“ მიზნებისთვის იყენებს.

სურ. 13 ალან გაგლოევი ფრონტზე და მისი ნაჩუქარი "პიკაპი"

აღსანიშნავია, რომ ბიბილოვს არაერთი საბრძოლო მედალი აქვს მიღებული ომში მონაწილეობისთვის. 2024 წლის თებერვალში მან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „გმირის“ წოდება მიიღო. მანამდე კი, 2023 წლის აგვისტოში, ის რუსეთის სახელმწიფო ჯილდოთი, „სიმამაცის ორდენით“ დააჯილდოვეს. ბიბილოვი სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით მოხალისეთა მოიერიშე კორპუსის - „ექსპედიციონის“ მეთაურის მრჩეველიცაა.

ბიბილოვის საქმიანობას არაერთი სკანდალიც სდევს თან, არაერთ გავრცელებულ ვიდეოში ის რუს მობილიზებულ ჯარისკაცებს სიმხდალეში ამხელს და მორალს უკითხავს. ის 2023 წლის საახალწლო არდადეგებზე რეგიონში დაბრუნდა და როგორც ბიბილოვთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, მოქმედმა დე ფაქტო ლიდერმა გაგლოევმა, ბიბილოვის მანქანიდან Z სიმბოლოს მოხნის ბრძანება გასცა, თუმცა ადგილობრივმა მილიციამ ამის გაკეთება ვერ შეძლო.

ომის გავლენა ოკუპირებულ რეგიონებზე

ეკონომიკური გავლენა

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკონომიკა პრაქტიკულად მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ორივე ოკუპირებული რეგიონის „ბიუჯეტის“, ხელფასებისა თუ პენსიების დიდ ნაწილს რუსეთი უზრუნველყოფს. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ოკუპირებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ნეგატიურად აისახება. რუსული დაფინანსების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ღიად ლაპარაკობენ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებიც. ისინი ცდილობენ რუსეთის სახელმწიფო დაფინანსების ალტერნატიული გზები მოძებნონ, რაც ხშირად ადგილობრივ ეკონომიკაში ისევ რუსი კერძო ინვესტორების მოზიდვას გულისხმობს.

რუსული რუბლის შედარებითი გამყარების შემდეგ, რეგიონებში მოსახლეობა შედარებით უფრო დამშვიდდა, განსაკუთრებულად დიდი სხვაობა აღარ იგრძნობა სასურსათო პროდუქციის ფასზე, რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე კი, რაც ოკუპირებულ აფხაზეთის შემთხვევაში მეტწილად ციტრუსების, ღვინისა და სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტია, ომს ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. მაგალითად, „აფხაზური რკინიგზის“ ტვირთბრუნვა გაიზარდა, რაც რუსეთის მხრიდან გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით არის განპირობებული.

2023 წელს ოკუპირებულ რეგიონებში პრობლემა იყო რუსეთიდან საწვავისა და საწვავ-საპოხი მასალის იმპორტი, რადგან რუსეთში დაწესებული შეზღუდვების გამო, ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვაც კი შეჩერდა. გაიზარდა საწვავზე ფასებიც. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კრიზისები, ძირითადად, არ არის ხანგრძლივი, რადგან, როგორც წესი, რუსეთი ოკუპირებული რეგიონებისთვის გამონაკლისებს უშვებს და მათზე შეზღუდვებს არ ავრცელებს.

ევროკავშირის სანქციები პირდაპირ შეეხო ცხინვალის რეგიონში მოქმედ ბანკსაც. ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების მე-11 პაკეტში ცხინვალში დარეგისტრირებული „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკიც“ მოექცა, რომელიც 2015 წლიდან საქმიანობს. დოკუმენტის მიხედვით, „ბანკი“ საქმიანობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში და რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლქვეშ ახორციელებს ზოგიერთ საბანკო მომსახურებას. „ბანკს“ ფილიალი აქვს გახსნილი ლუჰანსკშიც. „ბანკი“ თავის დროზე დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან არალეგალური ეკონომიკური საქმიანობის წარმოების მიზნით შეიქმნა.

The New York Times“-ის ინფორმაციით, რუსეთი ამჟამად „ანგარიშსწორების ბანკს“ ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭროდ იყენებს. ბანკში გახსნილი ფასადური ჩრდილოეთ კორეული ანგარიში გამოყენებული იქნება სანქცირებული კორეული 9 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვისთვის, რითიც ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის მიწოდებული იარაღის სანაცვლოდ შეძლებს დაიბრუნოს საკუთარი თანხები. „ბანკი“ ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ ერთ-ერთ მსხვილ გადასახადის გადამხდელად ითვლება და ამ გარიგებით რეგიონიც იღებს სარგებელს.

საერთაშორისო იზოლაცია

2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები ვერც შენგენის ვიზას და ვერც შენგენის ზონის საზღვრებს გადაკვეთენ რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით. 2023 წელს, ევროკავშირის შემდეგ, შვეიცარიამაც მსგავი გადაწყვეტილება მიიღო. გამონაკლისი დაიშვება, მაგ., ჰუმანიტარული შემთხვევებისთვის. ევროპის ქვეყნების ეს გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, ძირითადად რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებით გადაადგილდებიან.

უსაფრთხოების გარემო                                

რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის ნაწილს გაუჩნდა საფრთხის შეგრძნება, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი ვერ შეძლებს რეგიონების სათანადოდ დაცვას, სამხედრო ბაზებზე დისლოცირებულ სამხედრო ტექნიკას კი, უკრაინის მიმართულებით გააგზავნის.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ომამდე ცხინვალში რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში იყო 40-მდე მოძველებული ტანკი - T-72, 120 ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბმპ-2, 31 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი - „აკაცია“ და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნები. ამჟამად ღია წყაროებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სამხედრო ტექნიკაა დარჩენილი მე-4 სამხედრო ბაზაზე, თუმცა 2022 წლის მარტში გავრცელებულ კადრებში ჩანდა ცხინვალიდან მიმავალი ტანკებისა (T-72) და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის კოლონა.

საზოგადოების ნაწილის ამ შიშს თან ერთვის დე ფაქტო ლიდერების განცხადებები „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. „მეორე ფრონტის“ ნარატივი პოპულარულია ოკუპირებულ რეგიონებში და რუსეთის მსგავსად, მიაჩნიათ, რომ „კოლექტიური დასავლეთი, უკრაინა და რადიკალური ოპოზიცია“ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებს „მეორე ფრონტის“ გახსნისათვის. ამასთან, ხშირია დადებით კონტექსტში გაჟღერებული განცხადებები საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლება „პრაგმატულ პოლიტიკას“ ატარებს და მიუხედავად დიდი ზეწოლისა, უარს ამბობს „მეორე ფრონტის“ გახსნაზე.

მსგავსი შეფასებების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო წვრთნებმა იკლო, რადგან მათი დიდი ნაწილი საომარ მოქმედებებშია ჩართული, გაიზარდა ოკუპირებული რეგიონების „შეიარაღებული ძალების“ სამხედრო წვრთნების რაოდენობა შესაძლო სამხედრო აგრესიის პრევენციისთვის.