ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2024 / 03 / 07

გამოცემა: N28 / მიმოხილვის პერიოდი: 1 იანვარი- 29 თებერვალი, 2024 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

IPRM-ის 117-ე შეხვედრა

13 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ტიბორ კოზმასა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 117-ე შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წელს ეს რიგით პირველი შეხვედრა იყო. 116-ე შეხვედრის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.

დაკავებული და გათავისუფლებული  მოქალაქეები

პეტრე კალაშნიკოვის გათავისუფლება

8 თებერვალს უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქე პეტრე კალაშნიკოვი გათავისუფლდა. კალაშნიკოვი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 15 სექტემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისის მიმდებარედ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. (ოსური მედია სააგენტო „რეს“-ის ცნობით, მისი დაკავების თარიღი 14 სექტემბერია).

პეტრე კალაშნიკოვის გათავისუფლება. წყარო: ssg.gov.ge

საქართველოს 4 მოქალაქის დაკავება

იანვარ-თებერვალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ერთი მათგანი - 15 იანვარს, ოკუპირებული ახალგორის სოფ. ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მოქალაქე: ნიკა მამასტარაშვილი და ივანე ლუთიძე - 15 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კნოლევის მიმდებარედ, ერთი კი - 28 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირის სიახლოვეს. ორი მოქალაქის ვინაობისა და დაკავების გარემოებების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში ამ დრომდე არ გავრცელებულა.

9 მარტის მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფება. მათგან ცნობილია:  სოსო დვალიშვილის, ლაშა ხეთერელის, გიორგი მელაძის, დიმიტრი კორინთელის, ნიკა მამასტარაშვილისა და ივანე ლუთიძის ვინაობა.

სოსო დვალიშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 16 იანვარს საოკუპაციო ხაზის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მონაკვეთზე დააკავეს.

ლაშა ხეთერელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის ივლისში მეშვიდედ დააკავეს. იგი პერიოდულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის იქ მცხოვრები ოჯახის წევრების მოსანახულებლად.

გიორგი მელაძე და დიმიტრი კორინთელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 24 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. აძვის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს.

რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

ახალი სანგარი გრემისხევთან

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, 4 იანვარს, პატრულირების დროს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემისხევის სიახლოვეს მდებარე საოკუპაციო ძალების საგუშაგოს ირგვლივ ახალი სანგარი შენიშნა.

ახალი თხრილი ორჭოსანთან

19 იანვარს, დავით ქაცარავამ ინფორმაცია გაავრცელა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ორჭოსნის სიახლოვეს პატრულირებისას აღმოჩენილი ახალი სანგრის ტიპის თხრილის შესახებ.

ახალი თხრილები ორჭოსანთან. წყარო: დავით ქაცარავას Facebook-ის გვერდი.

ახალი სანგარი საკორინთლოსთან

დავით ქაცარავას ინფორმაციით, რომელიც მან 14 თებერვალს, პატრულირების შემდეგ გაავრცელა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. საკორინთლოს სიახლოვეს მდებარე საგუშაგოს ირგვლივ საოკუპაციო ძალებმა ახალი სანგარი გათხარეს.

ახალი სანგარი ორჭოსანთან. წყარო: დავით ქაცარავას Facebook-ის გვერდი.

MUROM-M საკორინთლოს სიახლოვეს

საოკუპაციო ძალებმა სოფ. საკორინთლოში MUROM-M ტიპის ვიდეო-სითბური კამერით აღჭურვილი ავტონომიური მობილური სათვალთვალო კომპლექსი დაამონტაჟეს. დავით ქაცარავას ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი ასეთი ტიპის კომპლექსია განთავსებული: ერთი მათგანი - ოკუპირებულ სოფ. ახმაჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე, მეორე კი - სოფ. საკორინთლოს სიახლოვეს მდებარე საგუშაგოსთან.

MUROM-M ტიპის სათვალთვალო კომპლექსი საკორინთლოში. წყარო: დავით ქაცარავას Facebook-ის გვერდი.

პატრულირება ანტი-დრონის იარაღის თანხლებით

დავით ქაცარავას ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების აღჭურვილობას LPD-801 ტიპის იარაღი შეემატა. რუსული წარმოების LPD-801 უპილოტო საფრენი აპარატის მწყობრიდან გამოყვანის საშუალებას იძლევა. 

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პატრულირების პროცესში. წყარო: დავით ქაცარავას Facebook-ის გვერდი