ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2019 / 12 / 01

2019 წლის ნოემბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობამ იკლო. ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2019 წლის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების შედეგები შეაჯამა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2020 წლის ბიუჯეტის დიდ ნაწილს რუსეთი დააფინანსებს. ცხინვალში ფონდ „რუსკი მირ“-ის წარმომადგენლობა გაიხსნება. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის ნოემბერში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                                                                                                      

  • კურატორის ვიზიტი: ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცხინვალის რეგიონში 2019 წლის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების შედეგები შეაჯამა.
  • სამხედრო წვრთნები: ნოემბერში, წინა თვეებთან შედარებით, სამხედრო წვრთნების რაოდენობამ იკლო.
  • საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის დეპუტატები 2020 წლის თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ.
  • საგანგებო სიტუაციებში თანამშრომლობა: რუსულმა ავიაციამ აფხაზეთში ხანძარი ჩააქრო.
  • საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „ელჩს“ შეხვდა.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი გამარტივდა.
  • საბიუჯეტო დახმარება: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2020 წლების ბიუჯეტის დიდ ნაწილს რუსეთი დააფინანსებს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალში რუსეთის დაფინანსებით სამშობიარო სახლის მშენებლობა დასრულდა.
  • სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა: რუსეთი და აფხაზეთი სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველი ვიზიტით ადიღეს რესპუბლიკას ესტუმრა.
  • „რბილი ძალა“:  ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დღესასწაული - სახალხო ერთობის დღე აღნიშნეს.

კურატორის ვიზიტი

2019 წლის 28 ნოემბერს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი მორიგი სამუშაო ვიზიტით ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში კოშინმა 2019 წელს ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების შედეგები შეაფასა. კოშინის შეფასებით, ეს იყო პირველი წელი, როდესაც საპროექტო-საფინანსო დოკუმენტაციები პირველივე კვარტალში მომზადდა, ასევე დროულად ჩამოყალიბდა 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა. 2018-2019 წლების საინვესტიციო პროგრამა 2017 წლის დეკემბერში მიიღეს. პროგრამა 51 ღონისძიების განხორციელებას ითვალისწინებს. მიმდინარე პროგრამა სოციალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობით დასრულდება.

სამხედრო წვრთნები

ნოემბერი, აქტიური ხუთთვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, სამხედრო წვრთნების ჩატარების თვალსაზრისით, შედარებით პასიური იყო.

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტთა ჯგუფმა პირობითი მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების მართვისა და სარაკეტო დარტყმების განხორციელების შეფერხებაში ივარჯიშა.
  • სადაზვერვო დანაყოფმა სამხედრო მზვერავის დღე პირობითი მოწინააღმდეგის უკანონო შეიარაღებული ფორმირების შენიღბული ბანაკის განადგურებით აღნიშნა.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო ბაზაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ერთთვიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
  • სამხედრო ბაზაზე 200-მდე ახალწვეულის საერთო საჯარისო მომზადების კურსი დაიწყო.

საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობა

აფხაზი დეპუტატი ექსპერტთა საბჭოს წევრად აირჩიეს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხთა კომიტეტის ექსპერტთა საბჭოს წევრად აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი, ვალერი აგრბა აირჩიეს. აგრბა სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში კანონპროექტების ექსპერტიზას უზრუნველყოფს.

მოსკოვში 2020 წლის თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ

მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტისა და რუსეთის ფედერალური საბჭოს თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა გაიმართა, სადაც 2020 წლის თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ.

საგანგებო სიტუაციებში თანამშრომლობა

აფხაზეთში 10 000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ავიაციაც ჩაერთო. ხანძარს 10-21 ნოემბრის პერიოდში ებრძოდნენ. ხანძრის ჩასაქრობად რუსულ ავიაციას 266 გაფრენის განხორციელება და 1736 ტონა წყლის გამოყენება დასჭირდა.

საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია

2019 წლის 1 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩს, იგორ ახბას შეხვდა. რუდენკო, რომელიც მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 19 სექტემბერს დაინიშნა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. შეხვედრაზე რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების საკითხები და აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარების მიმართულებით საგარეო-პოლიტიკური ქმედებები განიხილეს.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში საინვესტიციო პროგრამის პროექტი განიხილეს

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 სხდომასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ახალი საინვესტიციო პროგრამისთვის 4.5 მლრდ რუბლი გამოიყოფა. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება: გზებისა და ინფრასტრუქტურის რემონტი, ელექტროენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაცია. მთავარი სოციალური ობიექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში აშენდება, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოა.

რუსეთ-აფხაზეთის საქმიან ფორუმს მოსკოვი დააფინანსებს

2020 წლიდან რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთ-აფხაზეთის საქმიან ფორუმებს რეგულარულად დააფინანსებს. მსგავსი განკარგულება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა  გამოსცა. აფხაზეთ-რუსეთის საქმიანი ფორუმები ტრადიციულად ტარდება. 2018 წელს რიგით მე-9 საქმიანი ფორუმი ჩატარდა.

რუსეთიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი გამარტივდა

2019 წლის 14 ნოემბერს რუსეთიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის გამარტივებას და ნავთობპროდუქტების ექსპორტის დროებითი პერიოდული საბაჟო დეკლარირების გარეშე განხორციელებას რუსეთის სახელმწიფო დუმამაც დაუჭირა მხარი. აღნიშნული ცვლილებით აფხაზეთისთვის გამოიყოფა ნავთობპროდუქტების გარკვეული რაოდენობა, რომელზეც არ გავრცელდება საბაჟო გადასახადები და მიმწოდებლებს შორის კვოტების ფორმით განაწილდება.

აფხაზეთის ავტობუსებით აღჭურვის პროგრამა დასრულდა

2019 წელს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 162 მლნ რუბლის ღირებულების 63 ავტობუსის შესყიდვა განხორციელდა. ამით აფხაზეთის ავტობუსებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა. პროგრამის განხორციელების შედეგად შიდა საქალაქო მარშრუტები სრულად არის ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფილი, სასკოლო ავტობუსების ავტოპარკი კი, 80%-ით განახლდა.

საბიუჯეტო დახმარება და კონტროლი

საბიუჯეტო დახმარება

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი მიიღო. ბიუჯეტის პროექტში რუსეთის ფინანსური დახმარება 6.16 მლრდ რუბლს შეადგენს. საკუთარი შემოსავლები კი, მხოლოდ 1.355 მლრდ რუბლი იქნება, რაც მთლიანი შემოსავლების 18%-ია.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „აფხაზეთის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“. ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლები შეადგენს 3 368 855,6 ათასს რუბლს, რუსეთის ფინანსური დახმარება კი - 4 746 629,7 ათასს რუბლს.

ცხინვალის რეგიონში რუსული ფულის ხარჯვა კონტროლის პალატამ შეამოწმა

რუსეთის კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ცხინვალის რეგიონში 2019 წელს რუსეთის ფინანსური დახმარების ხარჯვა შეამოწმეს. სამუშაო ჯგუფმა ფედერალური ბიუჯეტის რესურსების გამოყოფისა და მიზნობრივი გამოყენების წესისა და პირობების შესრულება შეაფასეს.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგრძელდება

აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმების - „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის ფედერაციის ცალკეული კატეგორიის მოქალაქეების მედიკამენტებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ -  მოქმედების ვადა ორი წლით გაგრძელდა.

ცხინვალში სამშობიარო სახლის მშენებლობა დასრულდა

ცხინვალში რუსეთის ფინანსური დახმარებით სამშობიარო სახლის მშენებლობა დასრულდა. მშენებლობა ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2018-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 490 მლნ რუბლი იყო.

სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი და „როსსტატ“-ი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ხელმოწერილი შეთანხმება აფხაზურ მხრეს საშუალებას მისცემს სტატისტიკის წარმოების სფეროში თანამედროვე მეთოდები დანერგოს.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველი ვიზიტით ადიღეს რესპუბლიკას ესტუმრა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხაჯიმბა რესპუბლიკის მეთაურს, მურატ კუმპილოვს შეხვდა და ადიღეს პირველი პრეზიდენტის, ასლან ჯამიროვის 80-წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში  მიიღო მონაწილეობა.

რუსეთის „რბილი ძალა“

ფონდ „რუსკი მირ“-ის წარმომადგენლობა ცხინვალშიც გაიხსნება

რუსული ფონდის - „რუსკი მირ“-ის ცენტრი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გაიხსნება. ფონდი ცენტრის დაარსებისთვის საჭირო ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს და ცენტრს საქმიანობისთვის საჭირო სამეცნიერო-მეთოდურ ლიტერატურას გადასცემს. ფონდი 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა და მისი მიზნებია რუსული ენის პოპულარიზაცია და რუსეთსა და უცხოეთში რუსული ენის შემსწავლელი პროგრამების მხარდაჭერა.

ცხინვალში რუსეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკის არქივის პრეზენტაცია გაიმართა

ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაციონალურ მუზეუმში, სანქტ-პეტერბურგში ოსეთის პირველი საელჩოს გახსნის 270-ე წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკის არქივიდან მასალები გამოაქვეყნეს.

კულტურის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზურმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სანქტ-პეტერბურგის კულტურის VIII საერთაშორისო ფორუმში. ფორუმში 98 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ახალგაზრდა დიპლომატთა გლობალური ფორუმი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა დიპლომატების კავშირის მიწვევით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა დიპლომატების საბჭოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა დიპლომატების III გლობალურ ფორუმში. ფორუმში 85 სახელმწიფოს წარმომადგენელი მონაწილეობდა. პირველი და მეორე ფორუმი 2017 და 2018 წლებში ჩატარდა.

რუსეთის კვოტები აფხაზი აბიტურიენტებისათვის

აფხაზეთში აბიტურიენტების პროფესიული ორიენტაციის მიზნით სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრები ჩატარდა. დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს აფხაზეთის წარმომადგენლობამ და აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აფხაზ აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად კანდიდატების შერჩევის პროცესი გააცნეს. რუსეთი აფხაზეთისთვის ყოველწლიურად გამოჰყოფს უმაღლეს სასწავლებლებში უფასო ადგილებს. 2016 წელს აფხაზეთისთვის 200 ადგილი იყო გამოყოფილი, 2020-2021 სასწავლო წელს კი, მხოლოდ 50 ადგილი იქნება ხელმისაწვდომი.

ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში

რუსეთის სოციალური უნივერსიტეტის საბავშვო ტექნოპარკის სპეციალისტებმა ცხინვალის რეგიონის მე-7-11 კლასის მოსწავლეებისთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ორდღიანი სემინარი ჩაატარეს.

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება

აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, აფხაზეთის სკოლების მასწავლებლებმა 1-5 ნოემბერს კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

სახალხო ერთობის დღე

ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, რუსეთის სახელმწიფო დღესასწაული - სახალხო ერთობის დღე, ცხინვალსა და ახალგორში, საზეიმო კონცერტებით აღნიშნეს. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით კი, დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირი ჩატარდა.

სამშვიდობო ოპერაციის 25-ე წლისთავი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების 25-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში რუსეთში აფხაზეთის „ელჩმაც“ მიიღო მონაწილეობა.