ახალი ამბები

კურატორის ვიზიტი: რაშიდ ნურგალიევმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა

2021 / 07 / 28

2021 წლის 26 ივლისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ნურგალიევი უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. ვიზიტის ფარგლებში იგი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს - ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის: საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, კორონავირუსთან ბრძოლა, შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მუშაობის ფარგლებში ექსპერტიზის ჩატარების საკითხი, ცენტრისთვის კვალიფიციური კადრების შერჩევა.

ბიბილოვმა ნურგალიევს ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის ჩრდილოეთ  კავკასიის ფედერალური ოლქის დონეზე ხელფასების მომატების თხოვნით მიმართა. რამდენიმე თვით ადრე ხელფასი ზოგიერთი „საბიუჯეტო ორგანიზაციის“ თანამშრომლებს მოემატათ.

შეხვედრის დასასრულს ბიბილოვმა და ნურგალიევმა მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიასა და ცხინვალის რეგიონის „შს სამინისტროების“ ორმხრივი კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილების ხელმოწერის ცერემონიაში. ცერემონიას ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვიც ესწრებოდა.

ამავე დღეს ბიბილოვმა და ნურგალიევმა „მამულის მცველთა მემორიალს“ მიაგეს პატივი.

ცენტრის ახალი კომპლექსის გახსნა

სამუშაო ვიზიტის პირველივე დღეს ნურგალიევმა ბიბილოვთან ერთად ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შენობების კომპლექსი გახსნა. ახალი შენობების გახსნა ცენტრის ფორმირების შეთანხმების ხელმოწერის ხუთი წლისთავს მიეძღვნა. სტუმრებმა ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა ობიექტები მოინახულეს: რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი (სახლში ექვსი ბინაა), ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩასატარებელი ბოქსი, ტირი, სპორტული მოედნები.

ღონისძიების დასასრულს ცენტრის დირექტორმა ალან ბოლატაევმა ხუთწლიანი მუშაობის შედეგებზე მოხსენება გააკეთა. რის შემდეგადაც ცენტრის ზოგიერთ თანამშრომელს „სახელმწიფო და უწყებრივი“ ჯილდოები გადასცეს.

ვიზიტი „საზღვრისპირა“ სოფლებში

27 ივლისს ნურგალიევმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიც მოინახულა, მათ შორის სინაგური და თედელეთი. ნურგალიევმა „საზღვრისპირა“ სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის აშენებული სახლები და სამედიცინო პუნქტები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ნურგალიევი საზღვრისპირა სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებასაც კურირებს.

სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა

28 ივლისს, ვიზიტის ბოლო დღეს, ნურგალიევმა სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა შეამოწმა. სარეზერვო ხაზი როკის გვირაბში გაივლის და ცხინვალის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ კრიტიკული მნიშვნელობისაა. რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი მთიან ადგილებში გადის და ზამთრის პერიოდში ხშირად ზიანდება, რის გამოც რეგიონი სინათლის გარეშე რჩება. პროექტის განხორციელებისთვის რუსეთმა უკვე გამოჰყო 400 მლნ რუბლი, შემდეგ წლებში კი დამატებით 400 მლნ რუბლამდე დაიხარჯება.

Go BackGo Back