ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 106-ე შეხვედრა: შეფასებები

2022 / 04 / 13

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2022 წლის 12 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 106-ე შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა განსაკუთრებულად პრობლემატურ საკითხებად თვითნებური დაკავებები, „ბორდერიზაციის“ შემთხვევები, სოფ. ოძისის გამშვები პუნქტის გახანგრძლივებული ჩაკეტვა, ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს საკითხი და აღდგომის მოახლოებული დღესასწაული გამოყვეს. მათ ორივე მხარეს, აღდგომის დღესასწაულისათვის რელიგიურ ღირსშესანიშნაობებსა და საფლავებზე დაშვების კუთხით, გამყოფი ხაზის გასწვრივ სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ხელშეწყობისკენ მოუწოდეს.

თბილისის შეფასება

შეხვედრაზე ოფიციალური თბილისის მრიდან ორი ძირითადი საკითხი დადგა დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრაზე უკანონო დაკავებების საკითხი წამოჭრა და მოითხოვა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლება. ამ კუთხით ნათაძემ ვალერი კანიაშვილის გათავისუფლებას გაუსვა ხაზი, რაც ახლო მომავალშია მოსალოდნელი, ვინაიდან მას სასამართლოს მიერ შეფარდებული 6 თვიანი პატიმრობის ვადა ეწურება (იგი 10 დეკემბერს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფ. წინაგარას  მიმდებარედ დააკავეს კახაბერ ნათაძესთან ერთად). ქართულმა მხარემ გამყოფ ხაზთან სიახლოვეს მიმდინარე სამხედრო წვრთნების არალეგიტიმურობაზეც ისაუბრა. ქართულმა მხარემ არ დააფიქსირა პოზიცია გასულ შეხვედრაზე ოსური მხარის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე, ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟის სანაცვლოდ ოძისის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით.

ცხინვალის შეფასება

106-ე შეხვედრაზე ოსურმა მხარემ 3 განსახილველი საკითხი გამოჰყო. „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ” და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის” ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა თავდაპირველი აქცენტი ისევ ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოზე გააკეთა და განაცხადა, რომ ამ კუთხით ოსური მხარის პოზიცია გასული შეხვედრის შემდეგ არ შეცვლილა. მან ასევე დაგმო საქართველოს მოქალაქეების მიერ ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტები და გამოვიდა ინიციატივით საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას” შორის დაიდოს სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს,  რათა საბოლოოდ გახდეს „საზღვრის“ არსებობა ყველა მოქალაქისათვის ცნობილი, გადაკვეთის შემთხვევაში კი ინფორმირებულნი იყვნენ თანმდევი შედეგების შესახებ.

ქართული მხარის პასუხი აღნიშნულ ინიციატივაზე, ანთაძის თქმით, გახლდათ სწორხაზოვანი და მკაფიო - ქართული მხარე არ ცნობს სახელმწიფო საზღვრის არსებობას, შესაბამისად უარს ამბობს ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხების განხილვაზე.

 

რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

106-ე შეხვედრაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი მკვეთრად არ შეცვლილა. ამჯერადაც უცვლელად აქტუალური გახლდათ [თბილისის მხრიდან] უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, „ბორდერიზაციის” საქმიანობის შეწყვეტა და [ცხინვალის მხრიდან] ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟი.

რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

რიგით 106-ე რაუნდზე გასული შეხვედრისაგან განსხვავებით ოსური მხარის მიერ არ გაჟღერებულა უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის საკითხი.

 

მხარეების შეთანხმებით, მომდევნო 107-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 7 ივნისს გაიმართება.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

 

Go BackGo Back