ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 107-ე შეხვედრა: შეფასებები

2022 / 06 / 09

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2022 წლის 7 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 107-ე შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ  ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა ორივე მხარეს მოუწონეს თანამშრომლობა აღდგომის დღესასწაულის პერიოდში გამშვები პუნქტების გახსნასთან მიმართებით, აღნიშნეს ევროკავშირის „ცხელი ხაზის“ ეფექტიანობა და მხარეებს, არსებული პრობლემების შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, ინიციატივების აქტიურ რეჟიმში შემუშავებისაკენ მოუწოდეს.

თბილისის შეფასება

შეხვედრაზე ოფიციალური თბილისის მხრიდან სამი ძირითადი საკითხი დადგა დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, სუს-ის  საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრაზე განსაკუთრებული სიმწვავით უკანონო დაკავებების საკითხზე ისაუბრა და ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ქართული მხარის მიერ დღის წესრიგში გამყოფი ხაზის სიახლოვეს მიმდინარე სამხედრო წვრთნებიც დადგა, რასაც ანთაძემ უკანონო უწოდა და ოსურ მხარეს ამგვარი სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისაკენ მოუწოდა. უკანონო წვრთნებთან ერთად ოფიციალურმა თბილისმა დღის წესრიგში ბორდერიზაციის პროცესი და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე უკანონო საქმიანობა დააყენა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე განლაგებული მე-4 სამხედრო ბაზის ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანის მიუხედავად მაისში მაინც განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარდიაანთკარში.

ცხინვალის შეფასება

107-ე შეხვედრაზე ოსურმა მხარემ 2 განსახილველი საკითხი გამოყო. ე.წ. „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ” და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის” ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა რიგით პირველ პრიორიტეტად ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟის საკითხი დააყენა და აღნიშნა, რომ ოსური მხარე საგუშაგოს პრობლემის მოსაგვარებლად ყოველ ჯერზე ახალი წინადადებით გამოდის (სავარაუდოდ იგი გულისხმობდა 105-ე შეხვედრაზე გაჟღერებულ შეთავაზებას საგუშაგოს დემონტაჟის სანაცვლოდ ოძისის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით და 106-ე შეხვედრაზე წამოყენებულ ინიციატივას უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფი სამართლებრივი დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, რასაც ორივე მხარისთვის საბოლოოდ ნათელი უნდა გაეხადა ამ მონაკვეთში „საზღვრის“ არსებობა). საგუშაგოს მდებარეობასთან და ფუნქციონირებასთან ერთად მან ასევე დაგმო საქართველოს მოქალაქეების მიერ ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტები. მისი განცხადებით, ბოლო შეხვედრის შემდეგ „რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი“ საქართველოს 12-მა მოქალაქემ დაარღვია.

რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

107-ე შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები გასული შეხვედრის დღის წესრიგის გაგრძელება გახლდათ, ვინაიდან 106-ე შეხვედრის შემდეგ წარმატებული მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე გამშვები პუნქტების დროებითი გახსნა აღმოჩნდა, დანარჩენ გამოწვევათა აბსოლუტური უმრავლესობა კი გადაუჭრელი დარჩა. მოუგვარებელი დარჩა ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოსთან დაკავშირებული საკითხიც. ოფიციალური თბილისი არც ამჯერად აპირებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ცხინვალის მიერ შეთავაზებული, არცერთი წინადადებისა თუ  ინიციატივის მიღებას.

რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

რიგით 107-ე რაუნდზე გასული შეხვედრისაგან განსხვავებით არცერთი მხარე არ გამოსულა არსებული პრობლემების მოგვარების ახალი ინიციატივით.

შემდეგი შეხვედრა

მხარეების შეთანხმებით მომდევნო, 108-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაიმართება, თუმცა არ გამორიცხავენ მოსავლის აღების სეზონის დაწყებასთან ერთად დიალოგის საჭიროების დადგომას, რისთვისაც სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ.

 

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

Go BackGo Back