ახალი ამბები

სერგეი პუსტოვალოვი: ეთნიკურად რუსი ერთადერთი წევრი ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობაში

2023 / 07 / 10

ავტორი: ბექა ირომაშვილი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შემადგენლობაში სერგეი პუსტოვალოვი ერთადერთი ეთნიკურად რუსი მინისტრია. იგი დე ფაქტო მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებს, როცა ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ჩაუდგა სათავეში.

განათლება და კარიერა

სერგეი პუსტოვალოვი დაიბადა 1965 წლის 7 მარტს, ქ. ვორონეჟში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.

პუსტოვალოვს მხოლოდ სამხედრო განათლება აქვს მიღებული. მან 1982 წელს ყაზანის სუვოროვის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. 1982-1986 წლებში ნოვოსიბირსკის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ საერთო საჯარისო სასწავლებელში სწავლობდა. 1986-1999 წლებში საბჭოთა კავშირისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის პერიოდში, კერძოდ კი 1996 წელს, დაამთავრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჰუმანიტარული აკადემია. პუსტოვალოვი პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატია.

პუსტოვალოვის სამოქალაქო კარიერა 1999 წელს დაიწყო. 1999-2002 წლებში იგი სარატოვის ოლქის გუბერნატორის აპარატში სახელმწიფო სამსახურისა და კადრების განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2002 წლიდან მან აკადემიური საქმიანობა დაიწყო. პუსტოვალოვი 2002-2004 წლებში სახელმწიფო სამსახურის ვოლგისპირეთის აკადემიაში (ქ. ტოლიატი, სამარის ოლქი), სახელმწიფო და მუნიციპალური მმართველობის კათედრის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამავე წლებში ქ. სარატოვში სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის - „დიკომპ“ პერსონალის მართვის სამსახურის ხელმძღვანელია.

აფხაზური კარიერა

2004 წელს პუსტოვალოვი ოკუპირებულ აფხაზეთში გადადის საცხოვრებლად. 2004-2008 წლებში იგი სოციალურ-სამართლებრივ საკითხებში აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. 2008 წლიდან დღემდე კი ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია.

2020 წლის 22 ივლისის ბრძანებით პუსტოვალოვი დე ფაქტო ვიცე-პრემიერად დაინიშნა. მისი დანიშვნა პანდემიის პერიოდს დაემთხვა, როდესაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი იყო და დე ფაქტო მთავრობა ტურისტული სეზონის ჩაგდების გამო შიშობდა.

პუსტოვალოვის საქმიანობა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, უსაფრთხოების მიმართულებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც გააქტიურდა. ერთ-ერთი მიმართულება დე ფაქტო რესპუბლიკის სამობილიზაციო მზადყოფნის გაუმჯობესება იყო. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, პუსტოვალოვი იმ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო მობილიზაციისთვის მზაობა უნდა შეეფასებინა და გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციები გაეცა. სამუშაო ჯგუფმა კონკრეტული რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა.

პუსტოვალოვის პასუხისმგებლობაა ე.წ. სახელმწიფო პროგრამა - „საცხოვრებელი 2023-2025“ განხორციელებაც. პროგრამა ადგილობრივი მაცხოვრებლების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. საკითხი მწვავედ დგას და პერიოდულად ამ საკითხზე უკმაყოფილება ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციებსაც იწვევს.

პუსტოვალოვი  აქტიურადაა ჩართული ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კულტურის პოპულარიზაციაში. მაგ.: 2023 წლის 6 ივნისს რუსული ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პუსტოვალოვსა და  რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს (КСОРС) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე რუსული ენისა და კულტურის განვითარების, თვითიდენტიფიკაციის შენარჩუნებისა და რუს თანამემამულეთა ერთიანობის მიღწევის საკითხები განიხილეს. ცნობილია, რომ აფხაზეთში მცხოვრებ რუსულ დიასპორაში დიდი დაპირისპირებაა და ამ დრომდე ვერ ხერხდება ერთიანი მაკოორდინებელი სტრუქტურის ფორმირება.

2022 წლის ოქტომბერში პუსტოვალოვმა უმასპინძლა ეთნოგრაფიულ ექსპედიციას - „თანამედროვე ეთნო მსოფლიო. კავკასიის ჰორიზონტები“, რომელიც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაფუძნებული პროექტია. პროექტი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსულენოვანი ხალხების კულტურას, ყოველდღიურობასა და ტრადიციებს შეისწავლის. 2022 წელს ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, პროექტი სომხეთშიც განხორციელდა.

Go BackGo Back