ახალი ამბები

რუსი თანამემამულეები ოკუპირებულ აფხაზეთში: ბრძოლა გავლენისა და კრემლის ფულისთვის

2023 / 07 / 04

ავტორი: არსენ არაქელოვი

კრემლის საგარეო პოლიტიკაში რუსულენოვანი მოსახლეობისა და „თანამემამულეების“ უფლებების დაცვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს საკითხი ასახულია რუსეთის ახალ საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში და საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალ კონცეფციაშიც. თანამემამულეთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას სხვადასხვა ორგანიზაციები უზრუნველყოფენ, რომელთა ერთ-ერთი მიზანი ადგილობრივ დონეზე რუსულენოვანი მოსახლეობის გაერთიანება და კოორდინირებაა. მოცემულ სტატიაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციების ფორმირების პროცესი და რუსულ ორგანიზაციებს შორის არსებული დაპირისპირების საკითხებია განხილული.

2022 წლის 5 სექტემბერს მიღებულ ახალ კონცეფციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთა პირდაპირი ვალდებულება რუს თანამემამულეთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერაა. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა „საზღვარგარეთ მცხოვრებ რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოა“, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციებს აერთიანებს.

საკოორდინაციო საბჭოები

„საზღვარგარეთ მცხოვრებ რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო“

„საზღვარგარეთ მცხოვრებ რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს“ (Всемирный координационный совет российских соотечественников, ВКСРС) ინფორმაციით, დღესდღეობით 100-მდე ქვეყანაში არსებობს ადგილობრივი „საბჭოები“, რომლებიც, თავის მხრივ, ერთიანდებიან აღნიშნულ „საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს“ ქოლგის ქვეშ. „საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო“ ყოველ წელს მართავს კონფერენციებს მოსკოვში, სადაც ყველა ქვეყანაში მოქმედი ადგილობრივი „საბჭოების“ წარმომადგენლებიც იკრიბებიან.

კრემლის პოლიტიკის გატარების პროცესში მოცემულ „საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს“ დიდი როლი აქვს. აღნიშნული ყოველწლიური კონფერენციის მოდერატორი ხშირად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვია, დამსწრე საზოგადოებას კი სიტყვით მიმართავენ ისეთი პირები, როგორიცაა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, კირილე I.

სერგეი ლავროვი 2021 წელს გამართულ რუს თანამემამულეთა საერთაშორისო კონფერენციაზე. წყარო: https://vksrs.com/

ადგილობრივი „საბჭოები“

ადგილობრივ დონეზე არსებულ „საბჭოებში“ ერთიანდებიან სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს (Россотрудничество, შემდგომში - „რუსული სახლი“) მიერ. ადგილობრივ „საბჭოებს“, გარდა ადგილობრივი ორგანიზაციების კოორდინირებისა, ევალებათ სწორედ ამ ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი პროექტებისა და გრანტების დასაფინანსებლად საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ფულის მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის „საბჭო“  ფუნქციონირებს, როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - „საქართველოში რუს თანამემამულეეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო“ (Координационный совет организаций российских соотечественников в Грузии, КСОРСГ), ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში - „რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო“ (Координационный союз организаций русских соотечественников, КСОРС).

თბილისში მოქმედი „საბჭოს“ შემთხვევაში, „საბჭოს“ ფინანსური მხარდამჭერია შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, რომელიც აფინანსებს ორგანიზაციებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „რუსული სახლის“ მიერ გამოყოფილი ფინანსებით, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის შემთხვევაში, შუამავლის ფუნქციას ითავსებს თავად სოხუმში მოქმედი რუსეთის „საელჩო“.

რუსი თანამემამულეები ოკუპირებულ აფხაზეთში

ისტორიული კონტექსტი

1990-იანი წლების ომის შემდგომ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკური რუსი მაცხოვრებლების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. 1989 წლის მონაცემებით, აფხაზეთში ცხოვრობდა ეთნიკურად რუსი 74 913 მოქალაქე, რაც მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენდა. დე ფაქტო ხელისუფლების 2020 წლის მონაცემებით კი, როლის გადამოწმებაც შეუძლებელია, აფხაზეთში ცხოვრობს, დაახლოებით, 22 ათას 468 ეთნიკურად რუსი, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის 9.1%-ია.

კლებადი ტენდენციის მიუხედავად, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეთნიკური რუსების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების რაოდენობა ზრდადია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა ყოველთვის მშვიდი არ არის და ხშირად დაპირისპირების რეჟიმში არიან. საზოგადოების ნაწილი ამ ქიშპობას  ხუმრობით მხატვრულ ფილმს, „რუსეთის იმპერიის გვირგვინსაც“ ადარებს, თუ როგორ ცდილობენ „რუსეთის ტახტისთვისა“ და კრემლის ფულისთვის ბრძოლას ემიგრაციაში მყოფი პირები.

აღსანიშნავია, რომ 1992-1993 წლების ომის შემდგომ პერიოდში, რუს თანამემამულეებზე დიდი გავლენა ჰქონდა იური ვორონოვს, რომელიც იყო მეცნიერი, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი, ე.წ. მთავრობის ვიცე-პრემიერი 1995 წლამდე, მანამ, სანამ იგი თავის სახლში უცნობი მოტივით მოკლეს. ვორონინი აფხაზეთში აღიარებული პიროვნება იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მისი მსგავსი ავტორიტეტის ფიგურა აღარ გამოჩნდა. ვორონოვის გარდაცვალებამ რუსული თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების გაღვივებასაც შეუწყო ხელი, რის მოგვარებასაც, მრავალი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ ახერხებს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „საელჩოც“.

თანამემამულეთა ორგანიზაციები დაარსების საწყისებთან

2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუსეთის „საელჩომ“ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ რუს თანამემამულეთა სხვადასხვა ორგანიზაციების გაერთიანების პროცესი დაიწყო. ამ მიზნით, 2012 წლის 19 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში დარეგისტრირდა რუსეთის „საელჩოსთან“ არსებული „აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსული სათვისტომოების, რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭო“, რომელსაც უნდა გაეერთებინა ყველა იმ დროისთვის მოქმედი ორგანიზაცია. „საბჭო“ „რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოში“ გაწევრიანდა, მისი ქოლგის ქვეშ მოექცა, ხოლო თავმჯდომარედ კი დაინიშნა დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ სტრანიჩკინი. 

2012 წლის 27 ივლისს შედგა პირველი მასშტაბური კონფერენციაც, რომელსაც დასაწყისშივე ვნებათაღელვა მოჰყვა. სხვადასხვა ორგანიზაციათა ლიდერებმა, კერძოდ, გენადი ნიკიტჩენკომ, ლეონიდ ზავოდჩიკოვმა და სერგეი პიგარმა გამოთქვეს პროტესტი. მათი თქმით, „საბჭო“ დაარსების შემდგომ რიყავდა მათ ორგანიზაციებს გარკვეული საქმიანობისგან და ამ მიზეზით, რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი არ დაესწრო კონფერენციას.  აღნიშნული ვნებათაღელვის შემდეგ ორგანიზაციები ორ ბანაკაში განაწილდნენ.

ერთი ნაწილი ლოიალურად განწყობილი იყო „საბჭოსა“ და მისი თავმდჯომარის, სტრანიჩკინის მიმართ, ხოლო ორგანიზაციათა მეორე ნაწილი, რომელთა ლიდერებმაც პროტესტი გამოთქვეს კონფერენციაზევე, აღშფოთებას გამოხატავდნენ იმ ფაქტის მიმართ, რომ დე ფაქტო მთავრობის მაღალჩინოსანს (სტრანიჩკინს) შეეძლო ეკონტროლებინა „საბჭო“ და გარდა „საჯარო სამსახურისა“, სამოქალაქო აქტივიზმშიც ჩართული ყოფილიყო.

ორგანიზაციებს შორის დაპირისპირება გამწვავდა, რის გამოც საერთო გადაწყვეტილებების მიღება და თანამშრომლობა ვერ ხერხდებოდა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა შიდა პოლიტიკური პროცესების გამო, როდესაც დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის გადადგომის გამო, 2014 წლის 24 აგვისტოს, ვადამდელი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

არალეგიტიმური არჩევნები და შედეგების გავლენა რუს თანამემამულეებზე

არალეგიტიმური არჩევნების პერიოდში, პროტესტის რეჟიმში მყოფმა რამდენიმე რუსულმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა „ოპოზიციის“ კანდიდატს და ამითაც დაუპირისპირდა რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების უმრავლესობას, რომლებიც ლოიალურები იყვნენ რუსეთის იმდროინდელი „ელჩისა“, სემიონ გრიგორიევისა და ე.წ. ვიცე-პრემიერის, „საბჭოს“ თავმჯდომარის - ალექსანდრ სტრანიჩკინის.

საბოლოოდ, არალეგიტიმური არჩევნების შედეგად, შეიცვალა დე ფაქტო ხელისუფლება, სტრანიჩკინმა კი დატოვა თავმჯდომარის თანამდებობა. მიუხედავად დე ფაქტო ხელისუფლების ცვლილებისა, „ოპოზიციის“ მხარდამჭერ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებიდან არავინ დანიშნულა საბჭოს ხელმძღვანელად, ეს თანამდებობა დაიკავა იგორ ლიშჩენკომ, იმ დროისთვის აფხაზური საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილმა პირმა. ამავე წელს ჩატარდა უკვე რიგით მესამე კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ დე ფაქტო მთავრობის მაღალჩინოსნები, „ელჩი“ გრიგორიევი და „რუსული სახლის“ იმდროინდელი ხელმძღვანელი - სერგეი ფედჩენკო. ტრადიციულად, შეკრებამ დაძაბულად ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ პროტესტის რეჟიმითა და „ოპოზიციის“ მხარდაჭერის მიზნით რამდენიმე ორგანიზაციის შექმნილი ერთობა აღარ არსებობდა, ამ ორგანიზაციათა დამფუძნებლები დაკმაყოფილდნენ სხვადასხვა თანამდებობით, გარდა ერთისა - „აფხაზეთის რუსული დიასპორა“, რომლის ლიდერი, ლეონიდ ზავოდჩიკოვი, მომავალში კვლავ შეგვახსენებს თავს.

26 აგვისტოს თემა და განხეთქილება ორგანიზაციებს შორის

კონტექსტის უკეთესი აღქმისთვის, მნიშვნელოვანია 26 აგვისტოს თარიღთან დაკავშირებული განწყობები განვიხილოთ. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ. ეს დღე დე ფაქტო რესპუბლიკებში აღინიშნება, როგორც საზეიმო, თუმცა იგი, როგორც წესი, რუს თანამემამულეებში განსაკუთრებულ ვნებათაღელვას იწვევს.

2015 წლის აგვისტოში იმ ერთადერთი „განდეგილი“ ორგანიზაციის - „აფხაზეთის რუსული დიასპორა“ ლიდერმა, ლეონიდ ზავოდჩიკოვმა, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს გამოთქვამდა „საბჭოს“ მიმართ უკმაყოფილებას, ინტერნეტში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 26 აგვისტოს, 7 წლის იუბილეზე გაიმართებოდა „აფხაზეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების გამაერთიანებელი შეკრება“, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ გრიგორიევი, ფედჩენკო და იმ დროს „საბჭოში“ გაერთიანებული 14 ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ამის საპასუხოდ, რუსეთის „საელჩომ“ ოპერატიულად განაცხადა, რომ არც „ელჩს“, არც ფედჩენკოს და არც იმ 14 ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომლებიც ერთიანდებიან „საბჭოში“, არ მისვლიათ ოფიციალური მოწვევა.

„საელჩოს“ განცხადების შემდგომ, 17 აგვისტოს ზავოდჩიკოვმა ბოდიში მოიხადა დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევებისთვის, კვლავ დაადასტურა 26 აგვისტოს ჩანიშნული ღონისძიების არსებობა და დასძინა, რომ ღონისძიება იქნება ღია ყველასთვის, ვისაც სურს საერთო ორგანიზაციის შექმნა რუს თანამემამულეთა გასაერთიანებლად. საინტერესოა, რომ 7 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსაწვევები „დიასპორამ“ ასევე გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს, „რუსული სახლის“ თავმჯდომარეს, ლიუბოვ გლებოვას და რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეონიდ სლუცკის,  რომელიც ამჟამად რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა.

საბოლოოდ, 26 აგვისტოს ნაცვლად, 21 აგვისტოს მხოლოდ ხაჯიმბა და სემიონოვი შეხვდნენ „საბჭოს“ წევრებსა და ხელმძღვანელს, ლიშჩენკოს, ნაცვლად „აფხაზეთის რუსული დიასპორისა“ და მისი ლიდერის, ზავოდჩიკოვისა. აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელებთან შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანიშნულა და შეხვედრა „საბჭოს“ წევრებმა დადებითად შეაფასეს. სემიონოვმა ისაუბრა არსებული უთანხმოების მოგვარების აუცილებლობაზე, ხოლო ლიშჩენკომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არანაირი შეკრება 26 აგვისტოს არ ჩატარდება, რადგანაც, მისი აზრით,  ორგანიზაციების ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. შეხვედრაზე განიხილეს რუსულენოვანი სკოლების სიმწირის პრობლემა ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე სხვა პრობლემები, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ორგანიზაციათა ქიშპობის მოგვარება ვერ მოხერხდა.

26 აგვისტოს შეკრების ჩაშლის შემდგომ, ფოტოსააგენტოს „Абхазпресс-АРТФ“ დირექტორმა, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის თანამემამულეთა იურიდიული და სოციალური დახმარების ასოციაციის თავმჯდომარემ და „საბჭოს“ წევრმა, ვლადიმირ პოპოვმა „Эхо Кавказа“-სთან ინტერვიუში ისაუბრა ზავოდჩიკოვის, მისი თქმით, წინასწარ გათვლილ გეგმაზე. პოპოვის განცხადებით, „აფხაზეთის რუსული დიასპორის“ ხელმძღვანელს, ზავოდჩიკოვს 26 აგვისტოს ღონისძიებით ყურადღების მიპყრობა სურდა, თუმცა მისი გეგმა განწირული იყო.

პოპოვმა ასევე ისაუბრა ხაჯიმბასთან შეხვედრის შესახებ, სადაც მან განაცხადა, რომ საჭირო იყო დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროში ორგანიზაციათა დარეგისტრირებისას მეტი ყურადღება დაეთმოს მგრძნობიარე დეტალებს, რათა არ დარეგისტრირდეს განმაზოგადებელი სახელწოდებები, როგორიცაა „რუსული დიასპორა“, „აფხაზეთში რუს მოქალაქეთა კავშირი“ და ა.შ., რადგანაც ეს ორგანიზაციები ვერ აერთიანებენ თანამემამულეებს, თუმცა მათი სახელი სწორედ ამის აღმნიშვნელი ხდება, რაც უკმაყოფილებისა და უსამართლობის შეგრძნებას იწვევს.

„რუსული თანამეგობრობის“ დაარსება

ამ განხეთქილების ფონზე, 2015 წლის დეკემბერში სოხუმში შედგა საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონფერენცია - „რუსული თანამეგობრობა“. კონფერენციას დაესწრო იმ დროისთვის უკვე 22 არსებული ორგანიზაციის დელეგატი, რომელთა ნაწილი, კერძოდ, 7 ორგანიზაცია არ იყო გაწევრიანებული „საბჭოში“.

კონფერენციაზე ზემოთ აღნიშნულმა პოპოვმა გააკრიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რუსული დიასპორა. მისი თქმით, ის ფინანსები, რომლებსაც გამოყოფდა „რუსული სახლი“ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არ გამოიყენებოდა მიზნობრივად. პოპოვის ცნობით, ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთი სკოლისთვის კომპიუტერული ტექნიკა გამოიყო, თუმცა უკვე მესამე წელია სკოლას ტექნიკა არ მიუღია, სამაგიეროდ, „საბჭოს“ დახმარებით სკოლამ მიიღო ძველი, გაფუჭებული პიანინო. ასევე, „რუსული სახლის“ მოხსენებაში ნახსენები იყო რუსული ენის ორი ცენტრი, რომელიც, პოპოვის ინფორმაციით, საერთოდ არ არსებობდა.

შედეგად, მსგავსი საკითხების მოგვარებისთვის, პოპოვმა შესთავაზა დელეგატებს შეექმნათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსული თანამეგობრობა“, რომელიც არ იქნებოდა ფინანსურად მხარდაჭერილი რომელიმე მხარის მიერ, არამედ იმუშავებდა შემოწირულობისა და თანამშრომლობის საფუძველზე. 22-მა დელეგატმა ხელი მოაწერა ორგანიზაციის შექმნას და თავმჯდომარედ თავად პოპოვი აირჩია.

„უძრაობის ხანა“

შემდგომ პერიოდში „საბჭო“ ვეღარ ასრულებდა მოვალეობებს სათანადოდ და არც ორგანიზაციის - „რუსული თანამეგობრობა“ დაარსებას შეუცვლია სურათი. 2017 წლამდე უკანასკნელი კონფერენცია, რომელიც, წესდების თანახმად, ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს და აირჩეს საბჭოს წევრები, 2014 წელს ჩატარდა. საქმე ისაა, რომ „საბჭოს“ არ სურდა კონფერენციაზე მოწვევა იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ იყვნენ „საბჭოს“ წევრები. ამ პრობლების მოგვარება რუსეთის „ელჩს“, გრიგორიევს კვლავ სურდა, თუმცა მისი ეს მცდელობაც ამაო აღმოჩნდა.

2017 წელს, კრიზისიდან გამოსვლის მცდელობით, ორგანიზაციებმა - პოპოვის „რუსული თანამეგობრობა“ და „რუსული საზოგადოებების კონგრესი“, რომლის თავმჯდომარეა გენადი ნიკიტჩენკო, ორგანიზაციების „გამაერთიანებელი“ კონფერენცია ჩაატარეს. ნიკიტჩენკომ თავის სიტყვაში ბევრი რამის მიმართ გამოხატა პროტესტი. მისი თქმით, მას აბრაზებდა ის ფაქტი, რომ დე ფაქტო პარლამენტში არავინ იყო ეთნიკურად რუსი, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ რუსი ხალხი „ჩამოწერილი“ და „დაბალი ღობეა“. მან დაადანაშაულა აღნიშნულში რუსეთის „ელჩი“, გრიგორიევიც. ნიკიტჩენკოს განცხადებით, რუსეთის „საელჩოში“ არ ეხმარებიან ეთნიკურად რუსს, თუ მას აქვს აფხაზეთის ე.წ. პასპორტი, ხოლო დე ფაქტო უწყებებში კი, ეთნიკურად რუსებს, კვლავ ამისამართებენ „საელჩოში“. შედეგად, ნიკიტჩენკოს ცნობით, ეთნიკურად რუსები იჩაგრებოდნენ, ვერ იღებდნენ რუსულ პენსიასა და სხვა განკუთვნილ სერვისებს. ამ მიზეზით, ნიკიტჩენკო გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსულ საზოგადოებას უფრო დიდი ინტერესი გამოეჩინა პრობლემური საკითხებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ დამსწრე ადამიანებმა მას მხარი დაუჭირეს, ნათელი იყო, რომ პირადი ამბიციები ამ პროცესსაც ჩაშლიდა.

საქმე ისაა, რომ შეხვედრას ესწრებოდა ზემოხსენებული ზავოდჩიკოვიც, რომელსაც პუტინისა და მედვედევის დაპატიჟება სურდა საკუთარ ვერშემდგარ კონფერენციაზე. მან გააკრიტიკა კონფერენციის ორგანიზატორები, პოპოვი და ნიკიტჩენკო, უწოდა მათ „ვადაგასული“ და წარსულში მომხდარი ინციდენტის გამო ანტისემიტიზმში დაადანაშაულა. ნათელი იყო, რომ ზავოდჩიკოვი ცდილობდა საკუთარი სახელის მოხვეჭას, თუმცა კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო კიდევ ერთი ორგანიზაციათა გამაერთიანებელი კრება.

2017 წლის ივლისში „მოსკოვის სახლში“ შეიკრიბა დაპირებული კრება. შეხვედრაზე ხელი მოეწერა „საბჭოსა“ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. საინტერესო ის იყო, რომ „საბჭომ“, რომელიც თავად უნდა აერთიანებდეს რიგ ორგანიზაციებს, ხელი მოაწერა სხვებთან თანამშრომლობის დოკუმენტს, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავდა მის უფუნქციობას.

შეხვედრა ცხადია, დაძაბული გამოდგა. „საბჭოს“ თავმჯდომარემ, ლიშჩენკომ გამოთქვა იმედი, რომ ამ შეთანხმებას მოაწერდა ხელს ყველა დამსწრე დელეგატი, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. დამსწრეთა ნაწილმა ვერ გამოთქვა საკუთარი აზრი, ნაწილმა გააკრიტიკა „საბჭოს“ მუშაობა. შეხვედრას ესწრებოდა რუსი ბიზნესმენი, იგორ ვაროვიც, რომელიც ასევე კრიტიკულად იყო განწყობილი. გარდა ვაროვისა, შეხვედრას პოპოვიც ესწრებოდა, რომელმაც ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, ხმამაღლა წაიკითხა იმ ორგანიზაციების განცხადება, რომლებიც არ შედიან საკოორდინაციო საბჭოში და „საბჭოს“ წაუყენა 5 მოთხოვნა. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ „საბჭოს“ წარედგინა შესრულებული სამუშაოს ფინანსური ანგარიში, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

საბოლოოდ, თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შემდგომმა ორგანიზაციებმა: „აფხაზეთის რუსული დიასპორა“, „ყუბანის კაზაკთა არმიის სოხუმის სპეციალური განყოფილება“, მართლმადიდებლური საქველმოქმედო ფონდი - „მინდა მჯეროდეს“, „ქალ კაზაკთა რუსული ერთიანი კავშირი“, „აფხაზეთში თანამემამულეთა რუსული საზოგადოება“, „აფხაზეთში რუს თანამემამულეთა კავშირი“, „რუსული თანამეგობრობა“ და „კანონი და წესრიგი“.

2018 წელს საბოლოოდ შედგა კონფერენცია, რომელიც უკვე რამდენიმე წელი არ იმართებოდა. მიუხედავად ამისა, ეს კონფერენცია დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, არ იყო დაშვებული მედია და საბჭოს მიმართ არალოიალურად განწყობილი ორგანიზაციები. „საკოორდინაციო საბჭოს“ ახალი თავმჯდომარე კი ყოფილი დე ფაქტო სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, ოლგა კოლტუკოვა გახდა.

გარკვეულწილად, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, კონფერენციის ჩატარებამ ვნებათაღელვა დაამშვიდა, თუმცა კოლკუტოვა, არჩევის შემდგომ, უბრალოდ ჩამოშორდა საქნიანობას, რამაც კვლავ გაურკვევლობა შექმნა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ჩაანაცვლა ვინმე ანდრეი მაკლიაკმა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია საბჭოს წევრებს თავად არ დაუდასტურებიათ.

ახალი საბჭოს დაარსება

ნათელი იყო, რომ „საბჭო“ არამარტო ვერ ასრულებდა თავის მოვალეობებს, არამედ საეჭვო ხდებოდა მისი საქმიანობის გამჭვირვალობაც. არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ „საბჭოს“ მმართველი პირები „რუსული სახლისა“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილ ფინანსებს არამიზნობრივადაც ხარჯავდნენ. შედეგად, კოლკუტოვას საქმიანობიდან ჩამოშორების მიზეზით, რუსეთის „საელჩოსა“ და ახალი „ელჩის“, ალექსეი დვინიანინის ორგანიზებით, 2019 წლის ზაფხულში უკვე სხვა, ალტერნატიული კონფერენცია შედგა.

ახალი კონფერენცია რუსთა და კაზაკთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამაერთიანებელ სადამფუძნებლო შეკრებად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ანექსირებული ყირიმისა და დონეცკის დე ფაქტო სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დვინიანინმა დადებითად შეაფასა აღნიშნული შეხვედრა და აღნიშნა, რომ რუს თანამემამულეთა გაერთიანების პროცესი, მრავალწლიანი ქიშპობის შემდგომ, საბოლოო ფაზაშია.

რუსთა და კაზაკთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამაერთიანებელი სადამფუძნებლო შეკრება. წყარო: „Эхо Кавказа“

მიუხედავად ამისა, ამ ღონისძიებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდგომ, სამმა ორგანიზაციამ, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ - ოლეგ პეტროვი, ვლადიმირ პოპოვი და ლეონიდ ზავოდჩიკოვი, ამ კონფერენციის ალტერნატიული კრება მოიწვიეს და გამოუცხადეს უნდობლობა რუს-კაზაკთა კონფერენციაზე დაფუძნებულ კავშირსაც. აღსანიშნავია, რომ „საელჩოს“ მიერ აღნიშნული ახალი კავშირის შექმნის მოტივაცია, კოლკუტოვას გაუჩინარების გათვალისწინებით, ყველაფრის ახლიდან დაწყების მცდელობა იყო.

მიუხედავად ამისა, დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრომ არ დართო დარეგისტრირების უფლება ორგანიზაციას, რის გამოც გადაწყდა, რომ აღნიშნულ კავშირს - „რუსთა და კაზაკთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირი“ გადაერქმეოდა სახელი და ეწოდებოდა -  „რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო“, რომლითაც უკვე დღესდღეობით არის „საბჭო“ ცნობილი და დარეგისტრირებული. ახალმა „საბჭომ“ გააერთიანა 19 ორგანიზაცია, ხოლო სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი თავად „ელჩი“, დვინიანინი გახდა.

მიუხედავად რიგი ორგანიზაციების პროტესტისა, რომლებიც არ სცნობდნენ ახალი „საბჭოს“ ლეგიტიმურობას, 2020 წლის 5 სექტემბერს შედგა რიგით მეხუთე კონფერენცია, რომელზეც „საბჭოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს ოლეგ იურჩენკო. იურჩენკო ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებლად 2007 წელს ტულადან ჩამოვიდა, სადაც ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული. აფხაზეთში მან თავის კომპანიონთან ერთად გახსნა სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი „დემი“. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარედ დანიშვნის პერიოდში, იურჩენკოს არ ჰქონდა დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეობა“, რაც პრობლემას ქმნიდა დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროსთვის საბჭოს დარეგისტრირების პროცესში.

ოლეგ იურჩენკო

ამას გამოეხმაურა ორგანიზაცია „აფხაზთა რუსული თემი“, რომლის განცხადებითაც იურჩენკოს არ აქვს უფლება გამოიყენოს აღნიშნული სახელი, მისი „საბჭო“ არის თვითაღიარებული და ეწინააღმდეგება დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციას. აღნიშნული განცხადების ადრესატად ჩაითვალა რუსეთის „საელჩო“, „რუსული სახლი“, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები. აღნიშნულს არ მოჰყოლია პასუხი.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა კვოტების დაწესების საკითხს ეთნიკურად რუსი „მოქალაქეებისთვის“ დე ფაქტო მთავრობაში მოსახვედრად. გარდა ამისა, განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი რუსული ენისა და კულტურის გასაძლიერებლად და კონფერენციამ, რომელსაც „რუსული სახლის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ვადიმ ჩეხაც ესწრებოდა, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და საბჭოში კიდევ გაწევრიანდა 3 ორგანიზაცია, რომელთა რაოდენობა იმ მომენტისთვის უკვე 21-ს შეადგენდა.

კონფერენციას არ დაესწრო პოპოვი, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა ახალი საბჭოს შექმნის თაობაზე და ზოგიერთ პირს პირადი, კომერციული ინტერესების ქონაში დასდო ბრალი.

2021 წლის 7 ოქტომბერს შედგა რიგით მეორე კონფერენცია. საქმე ისაა, რომ იმის შემდგომ, რაც ძველმა საბჭომ შეწყვიტა არსებობა, ახალმა გადაწყვიტა კონფერენციათა თვლა ახლიდან დაეწყო.

რიგით მეორე კონფერენცია. წყარო: „Эхо Кавказа“

კოვიდ ვითარების გათვალისწინებით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ. ეს საზოგადოების ნაწილში შეფასდა, როგორც კრიტიკული კითხვების თავიდან არიდების მცდელობად, თუმცა აღსანიშნავია, რომ პროცესმა ჩაიარა მშვიდ და სამუშაო ვითარებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, სერგეი პუსტოვალოვი, „რუსული სახლის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მიხაილ მასაევი, რომელმაც ჩეხა დროებით ჩაანაცვლა ვადის გასვლის გამო და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, სერგეი შამბა. შამბამ დამსწრე საზოგადოებას დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიმართვაც წაუკითხა, თავმჯდომარედ კი კვლავ იურჩენკო აირჩა.

კონფერენციას კვლავ არ ესწრებოდა პოპოვი და რამდენიმე ორგანიზაციის ლიდერი. მათ აწუხებდათ ის საკითხი, რომ საბჭო იურიდიულადაც კი არ დაურეგისტრირებია დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს, რადგანაც თავმჯდომარე, იურჩენკო არ არის „მოქალაქე“. გარდა ამისა, „ეხო კავკაზასთან“ ჩაწერილ ინტერვიუში, „რუსული თანამეგობრობის“ ხელმძღვანელი, სერგეი პიგარი, რომელიც პოპოვთან ერთად არ დაესწრო კონფერენციას, სხვა საკითხზეც სწუხს. მისი თქმით, ამჟამინდელი „საბჭოს“ წევრები და განსაკუთრებით, მმართველები, არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ითვალისწინებს რუსეთში 1999 წელს დარეგისტრირებული კანონი, რომელიც ეხმიანება საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ რუს თანამემამულეთა მხარდაჭერასა და დაცვას. საქმე ისაა, რომ თავმჯდომარე იურჩენკოც და ზოგიერთი სხვა წევრიც ოკუპირებულ აფხაზეთში ძირითადად, 2008 წლიდან ცხოვრობენ, არ არიან მოქალაქეები, საკუთარი კეთილდღეობისა და პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობენ და პიგარის შეფასებით, არ არიან ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები პირები.

ამის შესახებ თავად იურჩენკომაც ისაუბრა „ეხო კავკაზასთან“. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ „საბჭო“ არ არის იურიდიულად დარეგისტრირებული, კარგიც კი არის, რადგანაც, ამის გამო, იგი ვერ იფუნქციონირებს როგორც კომერციული ორგანიზაცია და ასრულებს მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას. გარდა ამისა, იურჩენკომ აღნიშნა საინტერესო დეტალიც, რომ თავად „რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს“ რეკომენდაციით, რომლის ქოლგის ქვეშ ექცევა სხვადასხვა ქვეყნის საბჭოები, არ არის მიზანშეწონილი საბჭოს დარეგისტრირება იურიდიულ პირად.

ამჟამინდელი მდგომარეობა

2022 წელს, როდესაც თითქოს მდგომარეობა დასტაბილურებული იყო, „საბჭოში“ შესულმა შვიდმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა და დატოვა „საბჭო“. განცხადების თანახმად, „საბჭოს“ ხელმძღვანელობისა და იურჩენკოს გატარებული პოლიტიკა არაკომპეტენტური და დესტრუქციულია, რომლითაც რუსი თანამემამულეებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი პრობლემების უგულებელყოფა ხდება. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ იურჩენკოს გადაწყვეტილებით, ყველა ორგანიზაციამ ხელი უნდა მოაწეროს ახალ ეთიკის კოდექსს, რომელიც ეწინააღდეგება როგორც „რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს“ წესებს, ასევე საღ აზრს. „განდეგილ“ ორგანიზაციებს სურდათ კოდექსში შეეტანათ ცვლილება, რომელიც შეეხება „რუსებისა და მათი ქონების დაცვას“, რასაც იურჩენკომ უწოდა დესტრუქციული. ორგანიზაციათა პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ იურჩენკო ამ კოდექსის მოწერას ვალდებულების იერს სძენდა და ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ ოლეგმა რიგგარეშე შეკრება ჩანიშნა, რომელსაც უწოდა - „რა ვუყოთ მათ, ვინც კოდექსს ხელს არ მოაწერს?“ ამ შეკითხვას იურჩენკომ შემდგომში თავად უპასუხა - „ის ორგანიზაცია, ვინც არ ცნობს ლიდერს ან არ მოაწერს ხელს ახალ კოდექსს, ვერ იქნება საბჭოს წევრი“.

იურჩენკომ „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში დადებითად შეაფასა ეს მოვლენა და მისი თქმით, ეს ორგანიზაციები ხელს უშლიდნენ „საბჭოს“ გამართულ ფუნქციონირებაში, გასვლის ნამდვილი მოტივი კი მისთვის უცნობი რჩება.

„განდეგილი“ ორგანიზაციებიდან მხოლოდ ერთის წარმომადგენელმა ისაუბრა ამ გადაწყვეტილებაზე საჯაროდ, თუმცა ისურვა საკუთარი ვინაობა არ გაემხილა. ამ ადამიანის აზრით, იურჩენკოს მმართავენ „გარე ძალები“ და იგი არ დააყენებს დღის წესრიგში რუსი თანამემამულეებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს. ანონიმურად დარჩენის მსურველმა აღნიშნა დარღვევებიც, რომელიც, მისი თქმით, თავს იჩენს შეხვედრებზე ხმის მიცემისას.

აღსანიშნავია, რომ „განდეგილი“ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთის ხელმძღვანელი ელენა ჟილინსკაია იყო, რომელიც დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი და იურჩენკოს მოადგილე იყო. იგი ხელმძღვანელობდა „რუს თანამემამულეთა უფლებების დაცვის ცენტრს“.

ამჟამად, „საბჭო“ აგრძელებს მუშაობას იმავე შემადგენლობით, იმავე პრობლემებით და იურჩენკოს ხელმძღვანელობით. „განდეგილი“ ორგანიზაციების პოზიცია და „საბჭოს“ ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა „რუსული სახლის“ ამჟამინდელმა ხელმძღვანელმაც, დმიტრი ფედოტოვმა, რომლის დანიშვნის პერიოდში ვითარდებოდა ზემოაღნიშნული მოვლენები. ფედოტოვის თქმით, „რუსული სახლი“ თანამშრომლობს ყველა ორგანიზაციასთან განურჩევად იმისა, არის თუ არა იგი „საბჭოს“ წევრი, ხოლო რაც შეეხება მათ გაერთიანებას, ფედოტოვი თვლის, რომ ამის დიდი აუცილებლობა არ არსებობს.

27 ივნისს კი თანამემამულეთა რამდენიმე ორგანიზაციამ გაავრცელა ვიდეოები, რომლებშიც მიმართავდნენ რუსეთის „საელჩოს“, საგარეო საქმეთა სამინისტროს და აღნიშნავდნენ, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. ორგანიზაციამ „აფხაზეთის კაზაკები“ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ გარკვეული ორგანიზაციები 2014 წლიდან ეხმარებიან რუსეთის მიერ ანექსირებულ დონბასს, თუმცა „საელჩოს“ მხრიდან საპასუხოდ მხოლოდ უპატივცემულობას, მუქარასა და მითითებას იღებენ იმის თაობაზე, რომ მხოლოდ საჭირო დროს უნდა დაეხმარონ დონბასს და რომ უნდა გაწევრიანდენ „საბჭოში“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციებმა ზუსტად იციან „საელჩოდან“ გამოგზავნილი მითითებების შესახებ, „თუ როგორი რუსები სურთ საელჩოში და როგორი არა“. საბოლოოდ კი, განცხადების თანახმად, „მიუხედავად დიდი პატივისცემისა პუტინის მიმართ, ის, რაც ახლა ხდება აფხაზეთში, მათთვის მიუღებელია“.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად რუსი მოსახლეობისთვის კვლავ პრობლემად რჩება დე ფაქტო მთავრობაში, „პარლამენტსა“ და „თვითმმართველობებში“ ეთნიკურად რუსი წარმომადგენლობის სიმცირეც. „საბჭოს“ ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები კი, ძირითად შემთხვევაში, დაკავშირებულია მათ პირად, კომერციულ მიზნებთან. აღნიშნული აიხსნება იმითაც, რომ მათი გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებლად გადავიდა 2008 წლის შემდგომ, თავად თავმჯდომარე იურჩენკოც, რომელიც ფლობს სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსს სოხუმში, არ არის „აფხაზეთის მოქალაქე“ და მისი მთავარი მოტივიც ბიზნესინტერესია. ამჟამინდელი „საბჭოს“ ლეგიტიმურობასაც ძირითადად, სწორედ იმ ორგანიზაციების ლიდერები აპროტესტებენ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომამდე ცხოვრობდნენ.

რაც შეეხეხება რუსეთის „საელჩოს“ პოზიციას, იგი ამ პროცესს არ ეწინააღმდეგება, რაც შესაძლოა აიხსნას იმით, რომ თავად „საელჩოს“ ინტერესიცაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესის სფეროში რუსეთის მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა და ამის გაკეთება სამოქალაქო აქტივიზმის სახელითაც.

Go BackGo Back