ახალი ამბები

აფხაზეთი და წარმომადგენლობის არმქონე ერებისა და ხალხების ორგანიზაცია

2023 / 08 / 11

ავტორი: ბექა ირომაშვილი

ორგანიზაციის ისტორია და წევრები

ორგანიზაციის იდეა გვიან 1980-იან წლებში გაჩნდა და აერთიანებდა ადამიანებს, რომლებიც კომუნისტური რეჟიმების ჩაგვრის ქვეშ ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, 1991 წლის თებერვალში,  ორგანიზაციამ ოფიციალური სახე მიიღო, როდესაც წარმომადგენლობის არმქონე ერებისა და ხალხების ორგანიზაცია (The Unrepresented Nations and Peoples Organization) დაფუძნდა. მასში გაერთიანდა მკვიდრი ხალხები, უმცირესობები, არაღიარებული და ოკუპირებული ტერიტორიები.

საინტერესოა, რომ 1991-1992 წლებში ორგანიზაციის წევრები ერთდროულად იყო, როგორც საქართველო, ასევე აფხაზეთი, როგორც ცალკე სუბიექტი. საქართველომ ორგანიზაცია დამოუკიდებლობის აღდგენისა და გაეროში გაწევრიანების შემდეგ დატოვა, აფხაზეთი კი ორგანიზაციის წევრად დარჩა.

ორგანიზაცია ამჟამად 45 წევრს (მაგ. ყირიმელი თათრები, ბელუჯისტანი, კატალონია, აღმოსავლეთ თურქესტანი, ტაივანი, ტიბეტი, და სხვ.) აერთიანებს, რაც 300 მლნ ადამიანზე მეტს მოიცავს. გაწევრიანება ნებისმიერ ხალხთა ჯგუფს/რეგიონს შეუძლია, ამისთვის საჭიროა სპეციალური აპლიკაციის შევსება, და ყოველწლიური საწევრო გადასახადის, 3000 დოლარი/ევროს გადახდა.

ორგანიზაციის მიზნები და პრინციპები

ორგანიზაციის არსი და ღირებულებები

ორგანიზაციის განცხადებით, ის აერთიანებს იმ ერებსა და ხალხებს, რომელთაც არ აქვთ უფლება საერთაშორისო დონეზე ჰქონდეთ თანასწორი წარმომადგენლობა. ორგანიზაციის ხედვით, ამის შედეგად ქვეყნებს უჭირთ სამოქალაქო უფლებების და პოლიტიკური მონაწილეობის რეალიზება. ისინი ვერ აკონტროლებენ  საკუთარი ეკონომიკის, სოციალური და კულტურული განვითარების პროცესებს. ამ სირთულეებს კი ემატება ამ ჯგუფების მიმართ გამოყენებული რეპრესიები და ძალადობა.

პრინციპები

ორგანიზაცია ემყარება ზოგადად დემოკრატიის პრინციპებს და იზიარებს - მსოფლიოს გარშემო ადამიანის, სამოქალაქო  და პოლიტიკური უფლებების განხორციელების აუცილებლობას. ამავე დროს, ორგანიზაცია იცავს ავტონომიის, თვითგამორკვევისა და შემდგომი ფედერალიზმის უნივერსალურ უფლებებს. ორგანიზაციის სათავო ოფისი ჰააგაშია განთავსებული საერთაშორისო სასამართლოებთან ახლოს, თუმცა ამასთან ერთად ოფიციალური წარმომადგენლობის ოფისი ჟენევაშიც ფუნქციონირებს.

ორგანიზაციის მთავარი პრინციპებია:

  • ყველა ხალხის თვითგამორკვევის თანასწორი უფლება;
  • საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტების ერთგულება;
  • დემოკრატიული პლურალიზმის სტანდარტების ერთგულება და არატოლერანტობის უარყოფა;
  • არაძალადობის მხარდაჭერა და ტერორიზმისა და ძალადობის, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტის, გამოყენების უარყოფა;
  • გარემოს დაცვა. 

თუმცა ამ პრინციპების გაზიარება და საწესდებო შეთანხმება არ გულისხმობს წევრებს შორის განსაკუთრებული ხასიათის თანამშრომლობას. პირველ რიგში ეს ორგანიზაციის წევრების მიზნების სხვადასხვაობითაა განპირობებული. ორგანიზაციას მისი წევრები აფინანსებენ, თუმცა მის ფინანსურ უზრუნველყოფაში საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა დონორებიც იღებენ მონაწილეობას.

ოკუპირებული აფხაზეთი და წარმომადგენლობის არმქონე ერებისა და ხალხების ორგანიზაცია

პრაქტიკული თვალსაზრისით ორგანიზაციის ფუნქცია რჩევებისა და მხარდაჭერის გამოვლინებაა საერთაშორისო აღიარებისა და პოლიტიკური ავტონომიის საკითხების გარშემო. ამავე დროს,  წევრების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების საერთაშორისო დონეზე დაცვას ეწევა. სწორედ ამ აქტივობებითაა დაკავებული ორგანიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთში.

ორგანიზაცია ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ

90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის მიმდინარეობას ორგანიზაციის სპეციალური მისია აკვირდებოდა და აფასებდა იმ დროს მიმდინარე მოვლენებს. გენოციდის საკითხში, მისიამ ვერ იპოვა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც ქართველების მიერ ეთნიკურად აფხაზების გენოციდს დაამტკიცებდა. მისიის ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს აფხაზეთიდან ეთნიკური ქართველების გაძევების ისტორიებს და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ბრალდებებს.

დღეს უმეტესად ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ოკუპირებული აფხაზეთის ნარატივი ვრცელდება. მაგ. ვრცელდება ინფორმაციები, თუ როგორ იჩაგრებიან აფხაზი ახალგაზრდები საზღვარგარეთ განათლების მიღების მხრივ და რა დიდ სირთულეებს ეჭიდებიან ისინი ქართული მხარის გამო. ეს ნარატივი ხშირად ჟღერდება დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან უცხოურ მედიაში.

ორგანიზაცია ასევე აქტიურად აშუქებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და დე ფაქტო მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სხვადასხვა რუსულ გამოცემებში, რომელიც აღიარების პროცესებს ეხება.  ამავე დროს, ორგანიზაცია ავრცელებს ადგილობრივი პრესის სტატიებს, რუსეთთან თანამშრომლობაზე, პოზიტიურ საინვესტიციო გარემოზე, თუ როგორია ცხოვრება წარმომადგენლობისა გარეშე და არაღიარების პირობებში და მიმოიხილავს უცხოეთში გამართულს შეხვედრებს.

ანალიტიკური სტატიების თვალსაზრისით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ნარატივი დაცულია. ერთ-ერთი ასეთი სტატიის თანახმად, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის საქართველოსთან შეერთება არის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური მოვლენა, რუსეთთან შეერთებით კი, აფხაზეთი ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს. თუმცა დამოუკიდებლობა ყველაზე კარგ გამოსავლად არის მიჩნეული, რადგან ნეიტრალური სტატუსი და საერთაშორისო გარანტიები ან სუვერენული სახელმწიფოს შექმნა აფხაზეთს მისცემს საშუალებას მალტასა და მონაკოს მსგავსად განვითარდეს.

ორგანიზაციის აქტივობები

ორგანიზაციის წარმომადგენლები ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგიტიმურ არჩევნებს რამდენჯერმე დააკვირდნენ. ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა ჩატარებული „არჩევნები“, თუმცა გამოთქვა სურვილი რომ ახალგაზრდები მეტად იყვნენ ჩართულები „არჩევნების“ მონიტორინგში. ამგვარი მონიტორინგების შემდეგ, მაგალითად 2014 წელს ორგანიზაციამ ევროპარლამენტში წარადგინა ანგარიში და განაცხადა, რომ „აფხაზეთში არიან ნამდვილი ადამიანები, არსებობს ნამდვილი ინსტიტუტები და იმართება ნამდვილი არჩევნები“, რომელიც აკმაყოფილებდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ორგანიზაციას მხარს უჭერს ევროპის თავისუფალი ალიანსი (European Free Alliance), რომელიც ევროპის მასშტაბით სეპარატისტულ და ეთნიკური უმცირესობების პარტიებს აერთიანებს. პარტიასთან თანამშრომლობა ორგანიზაციას ევროპული პლატფორმების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

ორგანიზაციის წარმომადგენელი აფხაზეთში სტუმრობისას აცხადებენ, რომ აფხაზეთში ორგანიზაციის მთავარი მიზანი აფხაზეთის წარმოდგენაა საერთაშორისო არენაზე. ადგილობრივ დონეზე ორგანიზაცია მუშაობს ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემაზე - გადაადგილების თავისუფლებაზე. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაა ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მოსახლეობის 30% არ შეუძლია საკუთარი საბაზისო უფლების - გადაადგილების თავისუფლების გამოყენება.

2013 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა და ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებულმა რეგიონმა ლიბანის ჩერქეზებთან გააფორმა თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმება.  ორგანიზაცია ასევე, დე ფაქტო მთავრობასთან ერთად რომში ჩატარებულ კულტურული ღონისძიების ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებაზე ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიაზე, ალკოჰოლის წარმოების კულტურაზე, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე.

ორგანიზაცია ახალგაზრდულ აქტივობებშიცაა ჩართული. 2019 წელს  ახალგაზრდა დიპლომატებისთვის ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც მომავალმა „დიპლომატებმა“ შეისწავლეს თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი „სახელმწიფოს“ ინტერესები საერთაშორისო არენაზე.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფხაზეთის არ აღიარების საკითხი ყველაზე დიდი გამოწვევაა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის. შესაბამისად, ისინი ყველანაირად ცდილობენ ოკუპირებული რეგიონის ცალკე სახელმწიფო, ეკონომიკურ და კულტურულ ერთეულად წარმოჩენას მსოფლიო არენაზე. ორგანიზაციაში წევრობა კი, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის საშუალებაა არსებული საერთაშორისო პლატფორმა თავისი დღის წესრიგის პოპულარიზაციისთვის გამოიყენოს.

Go BackGo Back