ახალი ამბები

ვინ ესტუმრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას „გამარჯვების დღეს“ ?

2023 / 10 / 02

30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საზეიმოდ აღნიშნავენ „აფხაზეთის რესპუბლიკის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“, როდესაც სოხუმის დაცემიდან სამი დღის შემდეგ, 30 სექტემბრისთვის, ქართულმა შენაერთებმა აფხაზეთის ტერიტორია დატოვეს, სეპარატისტებმა კი მდ. ენგურზე აფხაზეთის „სახელმწიფო“ დროშა აღმართეს. ოკუპირებულ აფხაზეთში „გამარჯვების“ 30-ე წლისთავი წელსაც საზეიმოდ აღნიშნეს, მათ შორის ჩატარდა სამხედრო აღლუმი. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთიდან არაერთი სტუმარი  ეწვია.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულ დელეგაციებს პირადად შეხვდა, მათ შორის: ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას, ბაშკირეთის, ლენინგრადის ოლქის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ადიღეის, ჩეჩნეთის, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დელეგაციებს.

ბჟანიამ აფხაზი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა სტუმრებს და განაცხადა, რომ „აფხაზეთის დამოუკიდებლობა დიდწილად იმ ქვეყნების თანადგომის დამსახურებაა, რომელთა დელეგაციებიც სოხუმში არიან ჩასული“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულმა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას ლიდერმა, სერგეი მენიაილომ საჯაროდ მიულოცა აფხაზ ხალხს „გამარჯვების დღე“ და განაცხადა, რომ „აფხაზმა ხალხმა გააკეთა ყველაფერი, რათა დაეცვა საკუთარი დამოუკიდებლობა და ეცხოვრა საკუთარ მიწაზე“. გარდა ამისა, მენიაილომ აღნიშნა, რომ 1992-93 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მისი არაერთი თანამემამულე იბრძოდა აფხაზების გვერდით, ახლა კი მონაწილეობს სამხედრო აღლუმში. აღსანიშნავია, რომ მენიაილო ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 15 წლის წინ იყო ჩასული და მისი თქმით, იმის შემდგომ იქ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ბაშკირეთის რესპუბლიკის ლიდერი, რადიი ხაბიროვიც, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბჟანიას მოწვევისთვის, აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკასა და ბაშკირეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობა და „რთულ წლებში ბაშკირეთის მაცხოვრებლების მიერ აფხაზებისთვის გაწვდილი დახმარების ხელი“.

გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმირ შამანოვი, რომელიც აფხაზეთის ხშირი სტუმარია. მას „საზღვარზე“ პირადად დახვდა დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, რაულ ლოლუა.

აღსანიშნავია, რომ ბჟანიამ დელეგაციებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც აღდგება სოხუმის აეროპორტი. შეხვედრის ბოლოს კი დელეგაციების ხელმძღვანელებმა ბჟანიას სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Go BackGo Back