ახალი ამბები

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი ოჩამჩირეში: გამოხმაურებები და შეფასებები

2023 / 10 / 10

ავტორი: არსენ არაქელოვი

2023 წლის 4 ოქტომბერს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდა ბჟანიას ინტერვიუ რუსულ საინფორმაციო პორტალთან - „Известия“. სწორედ ამ ინტერვიუდან გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მოწყობა იგეგმება. ინტერვიუში ბჟანიამ დაადასტურა, რომ შეთანხმება უკვე ხელმოწერილია, რაც, მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობას უფრო მეტად გაზრდის.

კონტექსტი

3 ოქტომბერს, სოჭში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს ორმხრივ ფორმატში შეხვდა. ორმხრივ ურთიერთობებში არსებული საკითხების განხილვის გარდა, მხარეებს შორის ხელი ასევე მოეწერა „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“.

ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, 4 ოქტომბერს, ბჟანია უკვე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის შესახებ მედიაში პირველი ცნობები საღამოს 11 საათზე გავრცელდა. ინფორმაცია ვრცელდებოდა პუტინთან გაგლოევის შეხვედრაზეც, თუმცა, ეს შეხვედრა არ შედგა. პუტინ-ბჟანიას შეხვედრის ნაწილი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და დაზუსტებით თავად შეხვედრაზე განხილული საკითხები მედიისთვის უცნობი დარჩა.

ამ მოვლენას წინ უსწრებდა 30 სექტემბერს, „გამარჯვების დღეს“ მომხდარი ფაქტი, კერძოდ, სოხუმის პორტში შევიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“, რომელმაც საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ბჟანიამ ხომალდი პირადად მოინახულა.

მცირე სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“ სოხუმის პორტში

რა ვიცით ოჩამჩირის პორტის შესახებ

ოჩამჩირის პორტი ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მოქვსა და ჯუყმურს შორის ხელოვნურად შექმნილ ყურეში მდებარეობს. ამჟამინდელი მონაცემებით, პორტის სიღრმე 9 მეტრამდეა გაზრდილი და მას ჯამში 10 საპატრულო გემის (პორტში 10-მდე „სობოლისა“ და „მანგუსტის“ კლასის სანაპირო დაცვის გემი/კატერი დგას) მიღება შეუძლია სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბაქანზე. პორტის ჩრდილოეთ ნაწილში ასევე განლაგებულია ნავსადგომი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც შესაძლებელია გემების ტვირთით შევსება ან შეკეთება. ამავე სატვირთო პლატფორმას უკავშირდება სარკინიგზო ლიანდაგიც. აღსანიშნავია, რომ პორტის განვითარება და ინფრასტრუქტურის აღჭურვა 2009 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ობიექტი რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ გადავიდა.

აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ პორტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ფაქტობრივ მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც მისი როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით გამოყენება დაიწყო. ოჩამჩირის პორტს 2009 წელს სტატუსი კიდევ ერთხელ შეეცვალა. იმავე წლის 26 იანვარს რუსეთის საზღვაო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან შეთანხმების შედეგად პორტი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ბაზად გარდაიქმნებოდა. 2009 წლის აპრილში რუსეთსა და აფხაზეთს (ასევე ცხინვალის რეგიონს) შორის დაიდო შეთანხმება საერთო „სახელმწიფო“ საზღვრის დაცვის შესახებ, ხოლო ამავე წლის ბოლოს პორტში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დაცვის საპატრულო ხომალდები განთავსდა, რომლებსაც ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებათ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება 2008 წლის ომამდე დაიწყო - შეკეთდა სოხუმისა და ოჩამჩირის დამაკავშირებელი რკინიგზა, ასევე ორი სარკინიგზო ხიდი ოჩამჩირის რაიონში.

სევასტოპოლიდან ოჩამჩირეში?

4 ოქტომბერს, ჯერ კიდევ ბჟანიას მიერ გადაწყვეტილების გაჟღერებამდე, „The Wall Street Journal“- მა სატელიტურ ფოტოებსა და დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სევასტოპოლიდან გაიყვანა ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის სამი მოიერიშე წყალქვეშა ნავი და ორი ფრეგატი. ამას წინ უძღოდა ჯერ 13 სექტემბერს, სერგო ორჯონიკიძის სახელობის ხომალდების სარემონტო ქარხანაზე მიტანილი იერიში, რა დროსაც მნიშვნელოვნად დაზიანდა პროექტი 775-ის სადესანტო გემი და Палтус-ის ტიპის წყალქვეშა ნავი, შემდგომ კი სევასტოპოლში მდებარე შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილი სარაკეტო იერიში. ნათელია, რომ სევასტოპოლში რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები საკუთარ ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებენ.

შედეგად, არსებული ცნობების მიხედვით, ფლოტის ნაწილი გადაყვანილია ნოვოროსიისკისა და ფეოდოსიის (რომელიც ყირიმში მდებარეობს) პორტებში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პორტებიც ვერ ჩაითვლება დაცულ ადგილად უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამო, ოჩამჩირის პორტი ახალი ნავსაყუდელი შეიძლება გახდეს რუსეთის შავიზღვისპირეთის ფლოტისთვის. მართალია, ამჟამად აქ დიდი ზომის გემების მიღება შეუძლებელია, თუმცა რუსეთს ტაქტიკური და სპეციალური ოპერაციების წარმართვის საშუალებას პორტის არსებული ინფრასტრუქტურა მაინც აძლევს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს დიდი პრობლემის წინაშე აყენებს.

ოჩამჩირის პორტი 2023 წელს (წყარო: Google)

გამოხმაურებები და შეფასებები

თბილისის რეაგირება

5 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მოწყობის შესახებ. განცხადებაში წერია, რომ ოფიციალური თბილისი შეშფოთებას გამოთქვამს „სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ“. განცხადებაში აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება „წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას“ და „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას“.

ბჟანიას ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. იგი ამ დროს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ესწრებოდა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტს. ღარიბაშვილის განცხადებით, მან სამიტის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ პორტის მოწყობის შესახებ და დასძინა, რომ „ეს არის ოკუპაციის შედეგი... ეს არის ოკუპაციის გაგრძელება“.

აღნიშნულ მოვლენას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და საერთაშორისო საზოგადოებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა.

მმართველი პოლიტიკური გუნდიდან ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ გაცნობია ამ სიახლეს, თუმცა, „თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“ - განაცხადა მან.

მმართველი გუნდიდან ასევე განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. აღსანიშნავია, რომ მის განცხადებაში დიდწილად საუბარი იყო „მეორე ფრონტის“ შესახებ. კობახიძის თქმით, კეთდება ყველაფერი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნას. მან გააკრიტიკა ოპოზიცია რადიკალური განცხადებების გამო და დაეთანხმა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა, ეს არის ხელისუფლების პოზიცია. რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა ხელისუფლების მხრიდან“ - განაცხადა კობახიძემ.

9 ოქტომბერს კი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას ავტორობით პარლამენტში განსახილველად დარეგისტირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მიმართულია რუსული საზღვაო ბაზის მოწყობის წინააღმდეგ. ამას წინ უსწრებდა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ახალი ბაზი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.

აღნიშნულ ინიციატივაში ვკითხულობთ - „რეზოლუციის პროექტი მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.”

ოპოზიციამ პარლამენტისგან რეზოლუციის მიღება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, ეს ინიციატივა შერაცხა პროვოკაციად და აღნიშნა, რომ „2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება – დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან და ინფრასტრუქტურით დამთავრებული. მას შემდეგ ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იყო შემჩნეული. საქართველოს ოკუპაციის პრობლემა გაცილებით მძიმე და რთულია“.

დასავლეთის რეაგირება

6 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პეტერ სტანგომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, უწოდა ამ ქმედებას უკანონო და აღნიშნა, რომ ეს ქმედება რეგიონის სტაბილურობას უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი მედიის შეკითხვის პასუხად კი თავადაც გამოეხმაურა ამ საკითხს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა რუსეთის ამ გადაწყვეტილების უკანონობა და მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რას ამბობენ რუსეთში?

ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზირების პერსპექტივა რუსეთის მედიამ ფართოდ გააშუქა. მედიაში ისმოდა არაერთი განცხადება იმის შესახებაც, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური მიზნების ჭრილშიც.

რუსმა სამხედრო ექსპერტმა, კაპიტანმა ვასილი დანდიკინმა შეაფასა ეს გადაწყვეტილება „Аргументы и Факты“-სთან ინტერვიუში: „არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ნატოს კეფასთან სუნთქავს და მზად არის მიიღოს მათი გემები თავის პორტებში, როგორც კი ასეთი საშუალება გაჩნდება, ბოსფორის გახსნით. იქვეა თურქეთიც, რომელიც ასევე ალიანსის წევრია“. აღსანიშნავია, რომ დანდიკინმა ინტერვიუში ასევე ახსენა, რომ ბაზის მოწყობასთან ერთად მნიშვნელოვანი იქნება დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაც, რაც, მისი აზრით, გამოიხატება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის, საზღვრის დაცვის კომპლექსის - „Бал“ და სარაკეტო კომპლექსის - „Бастион“ განთავსებით.

ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნის საკითხს ასევე გამოეხმაურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფილი მეთაური, ადმირალი ვლადიმერ კომოედოვი. მისი თქმით, ახალ ბაზას სამი მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს, ესენია: დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის დაცვა ზღვის მხრიდან, ამ რეგიონში ჰაერში და წყალში რუსეთის დომინაციის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ჯარების მხარდაჭერა შავიზღვისპირეთის რეგიონში.

ამ მოვლენას რუსეთის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ბალტიის ფლოტის ყოფილი მეთაური, ადმირალი ვლადიმირ ვალუევი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ახალი ბაზა მისცემს რუსეთს საშუალებას სხვადასხვა პოზიციიდან მიიტანოს იერიში როგორც წყალქვეშა, ასევე მფრინავ ობიექტებზე, რაც რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერებას გამოიწვევს. ასევე, მისი თქმით, ოჩამჩირეში ახალი პუნქტის გახსნის სასარგებლო არგუმენტი ის არის, რომ აღნიშნული ადგილი ძალების თავმოყრისთვის საიმედო ადგილია. „ამერიკელებს მთელი მსოფლიო მასშტაბით აქვთ ბაზები, საიდანაც შეუძლიათ სარაკეტო იერიშის მიტანა, ხოლო ახლა კი, როდესაც დაძაბულობა მატულობს, მნიშვნელოვანია ასეთი პუნქტის მოწყობა აფხაზეთში“ - განაცხადა ვალუევმა.

რას ამბობენ ოკუპირებულ რეგიონში?

ბჟანიას ინტერვიუს გამოეხმაურა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, სერგეი შამბა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა არ მიღებულა, ხოლო პუტინთან შეხვედრაზე ბჟანიამ მხოლოდ დაუდასტურა რუსეთის პრეზიდენტს ბაზის მოწყობისთვის მზაობა.

ბჟანია ამ გადაწყვეტილებას დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის გარდა, ასევე იმ არგუმენტითაც ამართლებს, რომ მისი თქმით, „თბილისს ჯერ კიდევ აქვს დღის წესრიგში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სამხედრო ძალის გამოყენებით, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის პრაგმატული პოლიტიკისა“.

მიუხედავად ბჟანიას ასეთი შეფასებისა, აფხაზურ საზოგადოებასა და ტელეგრამ არხებში ამ გადაწყვეტილებას კრიტიკაც მოჰყვა. მათი შეფასებით, რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს ყირიმში მდებარე საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ბომბავენ, სოჭი კი აღიარებულია, როგორც ლეგიტიმური სამიზნე უკრაინის მხრიდან.

ტელეგრამ არხებში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, ბაზის განლაგების სხვა შესაძლო ვარიანტად განიხილებოდა ნოვოროსიისკი, თუმცა ეს ადგილიც ვერ ჩაითვლება უსაფრთხოდ, რადგან უკრაინას აქვს შესაბამისი შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება. ასევე, ნოვოროსიისკი გეოგრაფიულადაც არ არის ხელსაყრელი ადგილი, რადგან აქ ნაოსნობისთვის ხელსაყრელი კლიმატი არ არის. შედეგად, შავიზღვისპირეთის რეგიონში, როგორც უკრაინიდან ყველაზე შორს მდებარე ადგილი, ოჩამჩირე შეირჩა.

მიუხედავად უკრაინასა და აფხაზეთს შორის დიდი მანძილისა, აფხაზურ საზოგადოებაში მაინც არსებობს შიში იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინულ ძალებს არ გაუჭირდებათ ოჩამჩირეში მდებარე ბაზის დაბომბვა. გარდა ამისა, აფხაზურ საზოგადოებაში ეშინიათ ეკოლოგიური კატასტროფის და მოითხოვენ, რომ ბაზის მოწყობამდე ექსპერტებს მიეცეთ საშუალება შეისწავლონ სამხედრო ბაზისგან გამოწვეული შესაძლო საფრთხე. ასევე, გარკვეულ ადგილებში, სამხედრო მიზეზების გამო, ჩნდება თევზჭერის აკრძალვის საფრთხე, რაც მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ცნობისთვის, ჩრდილოეთ ბაქანთან არსებული სატვირთო სივრცე ქვანახშირით არის დაბინძურებული, რაც მოსახლეობის შიშს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს.  შედეგად, საზოგადოების ნაწილისთვის ბჟანიას ეს გადაწყვეტილება არ აღიქმება დადებითად, პუტინთან შეხვედრას კი მხოლოდ ფორმალობას უწოდებენ.

Go BackGo Back