ახალი ამბები

მიხეილ გალუზინის შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკების დელეგაციებთან

2023 / 11 / 30

30 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  სამინისტროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორმა, მიხეილ გალუზინმა შეხვედრა გამართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მრჩეველთან, კონსტანტინ კოჩიევთან და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ირაკლი ტუჟბასთან. კოჩიევი და ტუჟბა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ოკუპირებულ რეგიონებს წარმოადგენენ და ეს შეხვედრაც სწორედ აღნიშნულ საკითხს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდისთვის მომზადებას დაეთმო. შემდეგი რაუნდი 2023 წლის 5 დეკემბერს გაიმართება.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახლო მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის უნდა შეემუშავებინათ იურიდიულად სავალდებულო გარანტიები სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ. აღნიშნულის მნიშვნელობა „დელეგაციებმა“ ახსნეს იმით, რომ ბოლო პერიოდში „საზღვართან პროვოკაციები შეინიშნება“, რაც სავარაუდოდ ეხებოდა საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის რუსი ჯარისკაცების მიერ მკვლელობას. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ე.წ. საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციას.

გარდა ამისა, ტუჟბამ და გალუზინმა განიხილეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების აღდგენის საკითხი. IPRM-ის შეხვედრები გალში 2018 წლიდან აღარ იმართება. ტუჟბას განცხადებით, დე ფაქტო მთავრობამ გაეროს წარმომადგენლებს მიაწოდა თავიანთი შეთავაზება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, რომელიც მიმართულია შეხვედრების აღდგენისკენ. ტუჟბას განცხადებით, აფხაზური დელეგაციისთვის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება საერთაშორისო იზოლაცია და დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლება.

Go BackGo Back