ახალი ამბები

ინალ არძინბას ახლოაღმოსავლური ტურნე

2023 / 12 / 22

ავტორი: არსენ არაქელოვი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ინალ არძინბასთვის დეკემბერი დატვირთული თვე აღმოჩნდა. ახლოაღმოსავლური ტურნეს ფარგლებში იგი ესტურმა სირიას, ლიბანსა და თურქეთს. არძინბას ვიზიტის მთავარი მიზანი ახლო აღმოსავლეთში დე ფაქტო რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების საქმეში მხარდაჭერის მოპოვება და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება იყო.

ვიზიტი სირიაში

არძინბას „ოფიციალური“ სამუშაო ვიზიტი სირიაში 12 დეკემბერს დაიწყო, თუმცა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, 11 დეკემბერს არძინბამ დამასკოში აფხაზურ-აბაზურ და ჩერქეზულ დიასპორებთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრა დიასპორასთან

დიასპორასთან შეხვედრას სირიაში ჩერქეზული საქველმოქმედო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები, სირიაში ე.წ. ელჩი, მუჰამად ალი და დე ფაქტო სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა ავიძბაც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არძინბამ დე ფაქტო რესპუბლიკისა და სირიის ურთიერთობის გამყარებაში აფხაზურ-აბაზური და ჩერქეზული დიასპორების მნიშვნელობის გაზრდაზე ისაუბრა. გარდა ამისა, არძინბამ „კოლექტიურ დასავლეთთან“ დაპირისპირების კონტექსტში რუსეთთან აფხაზეთისა და სირიის სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. არძინბას თქმით, დასავლეთის ქვეყნები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას უშლიან ხელს, რითაც კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებას აფერხებენ. „მეტიც, აქტიურად მუშაობებ საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რუსეთის საზღვართან, მეორე ფრონტის გახსნაზე“ - განაცხადა შეხვედრაზე არძინბამ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს დიასპორებისთვის აქტუალური საკითხები. არძინბა დაპირდა დიასპორის წარმომადგენლებს, რომ ყველა საკითხი გადაწყდებოდა რუსეთის საელჩოსა და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან

უცნობი ჯარისკაცის საფლავის მონახულება

12 დეკემბერს არძინბას ვიზიტის „ოფიციალური“ ნაწილი დაიწყო. მან სირიის თავდაცვის სამინისტროს გენერლებთან ერთად დამასკოში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი მოინახულა და პატივი მიაგო სირიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. არძინბა საბრძოლო დიდების მუზეუმსაც ეწვია და ვიზიტორთა საპატიო წიგნში თავისი ხელმოწერაც დატოვა.

არძინბა სირიელ ჯარისკაცებთან ერთად

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

ამავე დღეს არძინბა სირიის საგარეო საქმეთა და თანამემამულეთა საქმეეების მინისტრს, ფეისალ ალ მიკდადის შეხვდა. „კოლეგებმა“ შეხვედრაზე რეგიონული, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და აფხაზეთ-სირიის ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე განიხილეს ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტიც. „მინისტრებმა“ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს ყურადღება მიაქციონ ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფას.

მიკდადის თქმით, „სამინისტროებს“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, იგი მუშაობს ოკუპირებული რეგიონისთვის ახლო აღმოსავლეთში კავშირების გაღრმავებაზე.

აღსანიშნავია, რომ მიკდადიმ მხარი დაუჭირა ოკუპირებულ აფხაზეთში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების აკრძალვის გადაწყვეტილებას. არძინბამ აფხაზეთის ტერიტორიაზე USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება 2023 წლის 7 დეკემბერს აკრძალა. მან პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი და ასევე, აიკრძალა იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სირიაში მალე დაიწყებს ფუნქციონირებას ე.წ. საკონსულოც, ხოლო აფხაზ დიპლომატებსა და სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლა სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიურ ინსტიტუტში შეეძლებათ.

მიკდადიმ დაპატიჟა აფხაზური დელეგაცია „დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე“, რომელიც მომავალი წლის აგვისტო-სექტემბერში გაიმართება. შეხვედრაზე გაიჟღერა დე ფაქტო რესპუბლიკისა და სირიის სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის დაწყების იდეამაც.

ინალ არძინბასა და ფეისალ ალ მიკდადის შეხვედრა

შეხვედრა რუსეთის ელჩთან

12 დეკემბერს არძინბა სირიაში რუსეთის ელჩს, ალექსანდრ ეფიმოვსაც შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სირიაში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მიმდინარეობა და ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის გათვალისწინებით, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის განვითარების შესაძლო სცენარები.

ინალ არძინბასა და ალექსანდრ ეფიმოვის შეხვედრა

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

12 დეკემბერს არძინბას ბოლო შეხვედრა სირიის პრემიერ-მინისტრთან, ხუსეინ არნუსთან შედგა. შეხვედრაზე განიხილეს სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას.

ინალ არძინბასა და ხუსეინ არნუს შეხვედრა

შეხვედრა ბაშარ ალ-ასადთან

13 დეკემბერს არძინბა უკვე შეხვდა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს. შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში - „ალ მუხაჯირინ“. შეხვედრის დასაწყისში არძინბამ ასადს დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოკითხვა გადასცა და 2024 წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში დაპატიჟა. ასადი, თავის მხრივ, დათანხმდა არძინბას შეთავაზებას.

შეხვედრაზე არძინბამ და ასადმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მხარი დაუჭირეს და გააკრიტიკეს „აშშ-ს კონფლიქტების შექმნის მცდელობები ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს რუსეთის ძალისხმევა შექმნას საერთაშორისო ურთიერთობების ახალი, უფრო სამართლიანი სისტემა და მულტიპოლარულობა გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში.

ასადი არძინბას დაპირდა, რომ „ძალისხმევას არ დაიშურებს“ არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოსაპოვებლად.

გარდა ამისა, ასადმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სირიასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის განვითარდეს თანამშრომლობა განათლებაში, შეიქმნას გაცვლითი პროგრამები და სამეცნიერო თანამშრომლობა. ასადის თქმით, ის მხარს დაუჭერს ორმხრივი დიალოგის პროექტებს კულტურისა და სპორტის სფეროებში. გაჟღერდა ინიციატივა საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის შესახებაც.

ასადმა აღნიშნა, რომ როგორც დე ფაქტო რესპუბლიკისთვის, ასევე სირიისთვის მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაზეც არძინბამ უპასუხა, რომ აფხაზეთში ბჟანია მაქსიმალურად ცდილობს შექმნას კარგი საინვეციტიო კლიმატი. ამ საკითხზე საუბრისას აღინიშნა აფხაზურ-სირიული დელეგაციების ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა რუს და ბელარუს ინვესტორებთან.

მიკდადისთან შეხვედრის მსგავსად მხარეებმა განიხილეს ისრაელის მიერ სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიშები და გააკრიტიკეს „კოლექტიური დასავლეთის“ ქმედებები, რამაც „ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია“. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო და დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ გავლენასთან ბრძოლის აქტუალობა, „რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში“.

ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა ერთობლივი, მასშტაბური საინფორმაციო პროექტის შექმნის აუცილებლობა „მულტიპოლარულობისა“ და „გლობალური უმრავლესობის“ იდეის გავრცელებისათვის.

ინალ არძინბასა და ბაშარ ალ-ასადის შეხვედრა

მეორე შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

14 დეკემბერს არძინბა მიკდადს კიდევ ერთხელ შეხვდა. ამჯერად მხარეებმა განიხილეს და დაამტკიცეს ორმხრივი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში აფხაზურ-სირიული ურთიერთობების გააქტიურებას. კერძოდ, „კოლეგები“ შეთანხმდნენ საგარეო პოლიტიკისა  და არსებული ინფორმაციის ერთობლივ კოორდინირებაზე.

ინალ არძინბასა და ფეისალ ალ მიკდადის მეორე შეხვედრა

სატელევიზიო საუბარი ასადთან

ამავე დღეს არძინბამ სატელევიზიო საუბარი გამართა ასადთან. სატელევიზიო ეთერი უკავშირდებოდა პირად შეხვედრაზე გაჟღერებულ იდეას, რომლის თანახმადაც დაიწყება ერთობლივი, მასშტაბური პროექტი, რომელიც მიეძღვნება მულტიპოლარულობის იდეის პოპულარიზებასა და იმ ხალხებსა და ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთის წინააღმდეგ იბრძვიან. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ტრანსლაცია აფხაზური და „მეგობრული ქვეყნების“ ტელევიზიებში იგეგმება.

ინალ არძინბა და ბაშარ ალ-ასადი სატელევიზიო ეთერში

საერთაშორისო ბაზარი

16 დეკემბერს სირიაში „საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარი 2023“ ჩატარდა. ღონისძიებაში, რომლის მიზანიც თებერვალში სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება იყო, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა, თუმცა არძინბა ღონისძიებას არ დასწრებია. ამ დროს ის სამუშაო ვიზიტით ლიბანში გაემგზავრა.

ვიზიტი ლიბანში

სირიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, არძინბა ლიბანში ჩავიდა. 16 დეკემბერს არძინბა ბეირუთში რუსეთის ელჩ ალექსანდრ რუდაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა დე ფაქტო რესპუბლიკასა და ლიბანს შორის დიალოგის დაწყების შესაძლებლობები.

ინალ არძინბასა და ალექსანდრ რუდაკოვის შეხვედრა

გარდა ამისა, არძინბამ შეხვედრები გამართა რუსეთ-ლიბანის ბიზნეს საბჭოს ლიბანური ნაწილის თანათავმჯდომარესთან, ლიბანის საზოგადო მოღვაწესთან, ჟან-ჟან სარაფომთან, ბეირუთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელთან, მოჰამედ შუსერთან და ლიბანის საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის გენერალურ დირექტორთან, მოჰამედ დარვიჩთან. ყველა შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტი თურქეთში

ლიბანის მსგავსად არძინბას თურქეთში ვიზიტიც ხანმოკლე აღმოჩნდა. 17 დეკემბერს არძინბა სტამბოლში თურქეთში აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენელ იბრაჰიმ ავიძბას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზური დიასპორის მონაწილეობით სხვადასხვა ფორუმის, კონცერტისა და ღონისძიებების ორგანიზების საკითხები. არძინბამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია დიასპორამ შეძლოს თურქეთში მოქმედ სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და ბიზნეს-საზოგადოებებთან კავშირის დამყარება, რითაც შესაძლებელი იქნება დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის წარმოჩენა.

შეჯამება

არძინბას ვიზიტმა ახლო აღმოსავლეთში ჯამში 6 დღე გასტანა. ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო პოლიტიკაში“ ახლო აღმოსავლეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან სოხუმში მიაჩნიათ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებას, შესაძლოა, რეგიონის ქვეყნების მხრიდან საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო სირიაში ვიზიტი, რომელიც სირიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებით იყო დატვირთული. სირიისგან განსხვავებით, ლიბანსა და თურქეთში არძინბას ვიზიტი უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, 2023 წლის ივნისში თურქეთში არძინბას ვიზიტისგან განსხვავებით, როდესაც არძინბა „მინისტრის“ რანგში თურქეთს პირველად ეწვია. სირიაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ლიბანსა და თურქეთში სიმბოლური შეხვედრების მიუხედავად, არძინბას ახლოაღმოსავლური ტურნე სოხუმისთვის მნიშვნელოვანი „საგარეო-პოლიტიკური“ აქტივობაა, რაც ახლო აღმოსავლეთში ოკუპირებული აფხაზეთის კავშირების გაფართოებას ისახავს მიზნად.

Go BackGo Back