ახალი ამბები

ვინ იყო „მიკიჩი“?

2024 / 01 / 31

ავტორი: არსენ არაქელოვი

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე ცნობილმა საბრძოლო დანაყოფმა „პიატნაშკამ“ და, როგორც სხვადასხვა უკრაინული წყარო იუწყება, რუსეთის ჯარმა დიდი დანაკარგი განიცადა ვლადიმირ ხარაბუას, მეტსახელად - „მიკიჩის“ დაღუპვით. მიკიჩი დაიღუპა 2024 წლის 20 იანვარს, როდესაც იგი ქ. ავდიივკას მახლობლად რუსეთის ჯარისა და „პიატნაშკას“ შეტევას ფრონტის ხაზზე ხელმძღვანელობდა.

საქმე ისაა, რომ „მიკიჩი“ „პიატნაშკას“ მეთაურის, ახრა ავიძბას პირველი თანაშემწე იყო და, როგორც ჩანს, მას დიდი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. ხარაბუას დაღუპვას აფხაზურ და რუსულ ტელეგრამ არხებშიც აქტიურად ეხმაურებიან და დიდ დანაკარგად მიიჩნევენ.

„პიატნაშკას“ რიგებში ირიცხება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი, რომან ზაიაცი, მეტსაცხელად - „ბატიუშკა“. ერთ-ერთი პირველი, ვინც ხარაბუას დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სწორედ ის იყო. მის არხზე ვკითხულობთ, რომ ხარაბუა არ იყო მონათლული და „ბატიუშკას“ მცდელობების მიუხედავად ხარაბუასთვის აზრი შეეცვალა, მას ეს, სავარაუდოდ, არ გამოუვიდა. „ბატიუშკა“ თავის ტელეგრამ არხზე აქვეყნებს ომის მიმდინარეობის დეტალებს და მისი თქმით, ცდილობს სულიერი საზრდოთი დაეხმაროს ბრიგადაში გაწევრიანებულ მებრძოლებს.

რომან ზაიაცი, მეტსახელად - „ბატიუშკა“

ხარაბუას შესახებ საკმაოდ ბევრი დაიწერა უკრაინულ მედიაში. გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელ წლებში „მიკიჩი“ უშუალოდ იღებდა მონაწილეობას უკრაინაში რუსეთის არმიის არაერთ მასშტაბურ შეტევაში. „მიკიჩის“ დაღუპვას უკრაინულ მედიაში აფასებენ, როგორც „ოკუპანტების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საველე მეთაურის“ ლიკვიდაციას. მეტიც, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს რუსეთის არმიისთვის შესაძლოა მძიმე დარტყმა იყოს ავდიივკას მიმართულებით არსებულ ფრონტზე.

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, პაველ კუკუშკინის ტელეგრამ არხზე განთავსებულია არაერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ხელმძღვანელობს „მიკიჩი“ მებრძოლებს და ესვრის უკრაინელ ჯარისკაცებს. ხარაბუა, ტელეგრამ არხებში გავრცელებული ვიდეობის მიხედვით, სავარაუდოდ, იყო ბრიგადის მეცხრე მოიერიშე ასეულის მეთაური. ვიდეობის სიმრავლემ განსაკუთრებით იმატა ხარაბუას დაღუპვის შემდეგ, როდესაც კუკუშკინმა 16 ნაწილად დაყოფილი ვიდეორგოლები გამოაქვეყნა, სადაც საომარ მოქმედებებში მონაწილე „პიატნაშკას“ მებრძოლები არიან აღბეჭდილი. კუკუშკინმა ვიდეოები „მიკიჩის“ ხსოვნას მიუძღვნა.

22 იანვარს გაიმართა ხარაბუას პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და „პიატნაშკას“ მებრძოლები. 23 იანვარს კი, დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ, ე.წ. მინისტრის, ლევ კვიცინიას ხელმძღვანელობით, ხარაბუა დიდი პატივით გადაასვენა ოკუპირებულ აფხაზეთში.  „მიკიჩი“ დაკრძალეს 25 იანვარს, ოკუპირებული გუდაუთის რაიონის სოფ. ანუხვაში, სავარაუდოდ, მის მშობლიურ სოფელში. „მიკიჩის“ დაკრძალვას ასობით ადამიანი დაესწრო.

„მიკიჩის“ დაკრძალვა

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის მხარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც იბრძვიან. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მებრძოლები ომში მონაწილეობენ, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, ისე მოხალისის სტატუსით. მათი დიდი ნაწილი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე ჩართულია სამხედრო მოქმედებებში, ხოლო ნაწილი კი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის.

ღია წყაროებში დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაღუპულია 41 მებრძოლი, აფხაზეთიდან კი - 21.

ეთნიკურად აფხაზი მებრძოლები ყველაზე მეტად „პიატნაშკას“ ინტერნაციონალურ ბრიგადაში არიან გაწევრიანებული. „პიატნაშკა“ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 2022 წლიდან მე-100 მექანიზებულ მსროლელთა ბრიგადის, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველი არმიის კორპუსის დაქვემდებარებაშია. ბრიგადის აქტიურობა ხშირად შეინიშნება დონეცკის ოლქში, ქ. ავდიივკას მახლობლად. დანაყოფის მეთაური ეთნიკურად აფხაზი ახრა ავიძბაა, მეტსახელად „აფხაზი“.

ინტერაქტიური რუკა

რონდელის ფონდის პროექტის „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში შექმნილ ინტერაქტიურ რუკაზე წარმოდგენილია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაღუპული მებრძოლები. რუკაზე დატანილი ინფორმაცია განახლებადია და დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ რეგულარულად ადევნონ თვალი ოკუპირებული რეგიონების ჩართულობას საომარ მოქმედებებში. რუკაზე დატანილია ინფორმაცია ყველა იმ მებრძოლის შესახებ, რომელიც აფხაზეთთან ან ცხინვალის რეგიონთან არის დაკავშირებული. მათი საბრძოლო დანაყოფები აღნიშნული რუკის აღწერაში მითითებულია შესაბამისი ფერით.

რუკის სანახავად გადადით ბმულზე.

Go BackGo Back