ახალი ამბები

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

2024 / 03 / 20

ავტორი: არსენ არაქელოვი

2024 წლის 15-17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მეხუთედ იყრიდა კენჭს რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა, უპრეცედენტო 87.28% დააგროვა. არჩევნები ჩატარდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებშიც, სადაც პუტინმა საშუალოდ, ხმათა 90%-ზე მეტი მიიღო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მაცხოვრებლებზე ზეწოლას შეიარაღებული პირებიც კი ახდენდნენ. ამის ფონზე, საინტერესოა, თუ როგორ ჩატარდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

რა ხდებოდა არჩევნებამდე?

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, აფხაზურ და ოსურ მედიაში აქტიურად იწერებოდა პუტინის გამარჯვებისა და რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების აქტიურობის მნიშვნელობაზე.

ოსურ მედიაში ხშირად ქვეყნდებოდა ინტერვიუები რიგით მაცხოვრებლებთან, პენსიონერებთან და განსაკუთრებით სკოლის პედაგოგებთან, რომლებიც თავიანთ ინტერვიუებში აცხადებდნენ, რომ „პუტინის არჩევით, ჩვენ ვირჩევთ ძალას“, „პუტინის წყალობით ჩვენ მშვიდობა გვაქვს“ და აცხადებდნენ, რომ ყველა მათი კოლეგა არჩევნებზე სწორედ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს დაუჭერდა მხარს.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს რეგიონებში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თვალსაზრისიდანაც აფასებდნენ. მაცხოვრებლებს პროპაგანდისტული მოწოდებებით აგრესიაში ჩართულმა ეთნიკურად ოსმა მებრძოლებმაც მიმართეს. „რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიმამაცე რუსეთის სპეციალური ოპერაციის მონაწილეებს გაბედულობას მატებს აქტიურ საბრძოლო ზონებში წინსვლაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ და ფაშიზმი დამარცხდება“ - აცხადებდა ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო აგრესიაში ჩართული მებრძოლი, ანდრეი კუძიევი. კუძიევის თქმით, მას უკვე მოხდილი ჰქონდა საკუთარი ვალი ვადამდელი ხმის მიცემის პროცესში.

პუტინის მხარდამჭერი განცხადებებით აქტიურად გამოდიოდნენ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები და რეგიონებში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებიც. განცხადებით გამოვიდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი პუტინს და განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონი მხარს არჩევნებში სწორედ პუტინს უჭერს, რადგან ყველას ახსოვს თუ „რა წვლილი შეიტანა ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის შეძენაში“.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე განცხადებით გამოვიდა ცხინვალის რეგიონში რუსეთის ელჩი, მარატ კულახმეტოვიც. „ასეთ რთულ სიტუაციაში ჩვენს სამშობლოს სჭირდება ყველა ამომრჩევლის ხმა, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ“. მან გამოთქვა იმედი, რომ რეგიონის მაცხოვრებლები აქტიურად მივლენ საარჩევნო უბნებზე და მხარს დაუჭერენ რუსეთს ამ პროცესში ისევე, როგორც ამას აკეთებენ „სამხრეთ ოსეთის მებრძოლები რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“.

ზოგადად, ოკუპირებულ რეგიონებში პროპაგანდისტული მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და ტიპური რიტორიკა „ნაციზმის“ შესახებ. 12 მარტს სოხუმში „აფხაზეთის ახალგაზრდობის ფორუმი“ ჩატარდა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც. ფორუმის მონაწილეებმა და დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინს დაუჭირეს მხარი. ფორუმზე სიტყვით ასევე გამოვიდა რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე ეთნიკურად აფხაზი მოხალისე, მირზაკან ცკუა. მან განაცხადა, რომ „ყველასათვის ნათელია, თუ როგორ ეხმარება ვლადიმერ  პუტინი აფხაზეთს“, რის საპასუხოდაც „დღეს ჩვენი ძმები რუსეთისთვის იბრძვიან“.

13 მარტს გავრცელდა სოხუმის ე.წ. მერის, ბესლან ეშბას ვრცელი ინტერვიუ. ის იხსენებდა 2000-იანი წლების დასაწყისს და მისი თქმით, იმ დროს სწორედ პუტინის შემოსვლა პოლიტიკაში გახდა ოკუპირებული აფხაზეთისთვის საბედისწერო. „აფხაზეთისთვის ცვლილებები დაიწყო მაშინ, როდესაც პუტინი სათავეში ჩაუდგა რუსეთის მთავრობას, შემდგომ კი ქვეყანას“ - განაცხადა ეშბამ და გაიხსენა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და რუსეთის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარება. მან აღნიშნა რუსეთის საინვესტიციო პროგრამები, ფინანსური დახმარებები, არჩევნებში აქტიურობა კი შეაფასა როგორც ამ ვექტორის მხარდაჭერა.

განცხადებით გამოვიდა აფხაზური პოლიტიკური პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტი“, რომელმაც მხარი ღიად დაუჭირა პუტინს, მისი გამარჯვება კი დააკავშირა აფხაზეთის განვითარებასთან და რუსეთის სამხედრო აგრესიაში გამარჯვებასთან. მსგავსი განცხადებები გაავრცელეს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც.

12 მარტს ცხინვალში პუტინის მხარდასაჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი პარტია „ნიხასი“ იყო, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის პარტიაა.  

აქცია

14 მარტს კი, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ცხინვალის რეგიონში გამნაღმელებმა და კინოლოგებმა უსაფრთხოების მიზნით შეამოწმეს საარჩევნო უბნები. კულახმეტოვის განცხადებით, ე.წ. „ცესკო“ ეხმარებოდა რუსეთის საელჩოს ტექნიკურ საკითხებში და არჩევნებისთვის ყველაფერი მზად იყო.

კინოლოგები საარჩევნო უბანზე

სად ჩატარდა არჩევნები?

აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 30 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, რაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში „უცხოეთში“ გახსნილი საარჩევნო უბნების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

სოხუმში გახსნილი იყო 7 საარჩევნო უბანი, მათ შორის ერთი რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე.

გაგრის რაიონში ფუნქციონირებდა 5 უბანი, ორი ქ. გაგრაში, ერთი ბიჭვინთაში და თითო-თითო განთიადსა და ბზიფში.

გუდაუთის რაიონში თითო უბანი იყო გახსნილი ქ. გუდაუთასა და ახალ ათონში, ოთხი უბანი სოფლებში - კალდახვარა, ბამბორა, ლიხნი და პრიმორსკოე.

სოხუმის რაიონში ორი უბანი ფუნქციონირებდა სოფლებში - ეშერა და გუმისთა.

გულრიფშის რაიონში ფუნქციონირებდა სამი უბანი, კერძოდ: მაჭარაში, აგუძერასა და დრანდაში.

ოჩამჩირის რაიონში კი გახსნილი იყო ხუთი უბანი, ერთი თავად ოჩამჩირეში, დანარჩენი კი სოფლებში - აძიუბჟა, კუტოლი, ჭლოუსა და აკვასკიაში.

ტყვარჩელისა და გალის რაიონში ფუნქციონირებდა თითო-თითო საარჩევნო უბანი.

არჩევნებზე მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი დე ფაქტო შს მინისტრის მოადგილე, ბესლან ჭკადუა იყო. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე წესრიგს 230-ზე მეტი თანამშრომელი იცავდა. ე.წ. მინისტრის, რობერტ კიუტის ბრძანებით, საარჩევნო უბნების 24 საათიანი ფიზიკური დაცვა თანამშრომლებმა 9 მარტიდან დაიწყეს. ასევე, თანამშრომლები ესკორტით აცილებდნენ რუსეთის საელჩოში მიმავალ  „ცესკოს“ კომისიის წევრებს.

ცხინვალის რეგიონი

ცხინვალის რეგიონში ჯამში ფუნქციონირებდა 12 საარჩევნო უბანი, მათგან ერთი კი განკუთვნილი იყო რეგიონში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურეებისთვის.

ქ. ცხინვალში საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა რუსეთის საელჩოში, №1, 5 და მე-6 სკოლებში, პროფკავშირის შენობასა და მრავალპროფილურ კოლეჯში. ასევე, ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლოთ  დმენისის ე.წ. ადმინისტრაციის შენობაში, ახალგორის „კულტურის სახლში“, ჯავის ე.წ. ადმინისტრაცის შენობაში, კვაისაში „სოფლის კლუბის“ შენობასა და ზნაურის (ყორნისი) ე.წ. ადმინისტრაციის შენობაში. გათვალისწინებული იყო ის ამომრჩეველიც, რომელიც ფიზიკურად ვერ ახერხებდა საარჩევნო უბანზე მისვლას.

რუსეთის საელჩოში მდებარე საარჩევნო უბანი

რეგიონში საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო მეტალოდეტექტორები. დე ფაქტო შსს-ს განცხადებით, იარაღის ტარების მქონე მოქალაქეები, მათ შორის „ძალოვანი სტრუქტურების“ თანამშრომლები, თუ არჩევნების დღეებში არ იქნებოდნენ მოვალეობის შესრულებისას, უბანზე მისვლისას ვალდებულნი იყვნენ დაეტოვებინათ კუთვნილი იარაღი. დე ფაქტო შსს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა, არჩევნებზე წესრიგს კი 700-ზე მეტი თანამშრომელი იცავდა.

დე ფაქტო შსს-ს თანამშრომელი არჩევნებზე

ვინ და რამდენმა მისცა ხმა?

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლოთ რუსეთის მოქალაქეებს. მოქალაქეებს უნდა წარედგინათ რუსეთის საზღვარგარეთის, შიდა, დიპლომატიური ან სამსახურეობრივი პასპორტი.

აფხაზეთი

2020 წელს დე ფაქტო მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახად, ოკუპირებულ აფხაზეთში 22 468 ეთნიკურად რუსი მაცხოვრებელია, თუმცა რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები უფრო მეტია. რუსეთის „ცესკოს“ მონაცემებით, აფხაზეთში პუტინს მხარი დაუჭირა 38 945-მა ადამიანმა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის ხმათა 94%-ია. 2018 წლის არჩევნების მონაცემებთან შედარებით, პუტინმა წლევანდელ არჩევნებში აფხაზეთიდან 482-ით ნაკლები ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაცემებში არ არის მოცემული ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზებზე განთავსებული საარჩევნო უბნების მონაცემები. 

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აბესალომ კვარჩიამ და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი შამბამ ხმა 15 მარტს რუსეთის საელჩოში მისცეს. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებიდან არჩევნებზე ასევე მისული იყვნენ დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები და დე ფაქტო სპიკერი ლაშა აშუბა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია.

ასლან ბჟანია საარჩევნო უბანზე

ცხინვალის რეგიონი

2019 წლის დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში ეთნიკურად რუსი 610 მაცხოვრებელი ცხოვრობდა, თუმცა რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირი გაცილებით მეტია.

რუსეთის „ცესკოს“ მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში პუტინს მხარი დაუჭირა 14 688-მა ადამიანმა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის ხმათა 96.3%-ია. ჯამში არჩევნებზე მივიდა, დაახლოებით, 17 000 ადამიანი. 96.3% ცხინვალის რეგიონში დაფიქსირებული პუტინისადმი რეკორდულად მაღალი მხარდაჭერაა. 2018 წელს რეგიონში არჩევნებში მონაწილეობა 17 790-მა ადამიანმა მიიღო, მათგან პუტინს მხარი კი 92.8%-მა დაუჭირა.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი ეთნიკურად ოსი და რუსი სამხედრობისთვის ჩატარდა სამხედროთა დასახლებაში, სამხედრო ბაზის საკონფერენციო დარბაზში. „უწყების“ თანახმად, არჩევნებში ხმა შეიარაღებული ძალების მთლიანმა პირადმა შემადგენლობამ მისცა.

სამხედროები საარჩევნო უბანზე

რუსეთის საელჩოში მდებარე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, რუსეთის ელჩმა მარატ კულახმეტოვმა, დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინ ჯუსოევმა, დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალან ჯიოევმა და ე.წ. „სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის“ ხელმძღვანელმა ოლეგ შირანმა.

ალან გაგლოევი საარჩევნო უბანზე

საარჩევნო უბანზე გამოჩნდა ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითიც.

ედუართ კოკოითი საარჩევნო უბანზე

შეფასებები

რუსეთის „ცესკოსა“ და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ საარჩევნო უბნებზე პროცესმა შეფერხების გარეშე ჩაიარა და ინციდენტები არ დაფიქსირებულა. კომისიების შეფასებით, აქტივობა მაღალი იყო და ზოგიერთ უბანზე შეინიშნებოდა რიგებიც.

რიგში მომლოდინე ამომრჩევლები

ზოგიერთ საარჩევნო უბანზე საზეიმო ვითარებაც იყო. არჩევნების მეორე დღეს ცხინვალის რეგიონში ერთ-ერთ საარჩევნო უბანში, ცხინვალის მე-6 სკოლაში სკოლის მოსწავლეებმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდასაჭერი კონცერტი გამართეს. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს ადგილზე ბლინები და ჩაიც დახვდათ.

საზეიმო ვითარება საარჩევნო უბანზე

არჩევნების მიმდინარეობის დროსაც არ ჩერდებოდა დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლების პუტინის მხარდასაჭერი მოწოდებები. 17 მარტს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ასლან ლოლაევმა მოუწოდა მოსახლეობას გამოეყენებინათ უკანასკნელი დღე და „მხარი დაეჭირათ უფროსი ძმისთვის“.

აღსანიშნავია, რომ გუმისთაში მდებარე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე დმიტრი ფედოტოვი, აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო. მან განაცხადა, რომ „იმის გათვალისწინებით, თუ რა გადაიტანა აფხაზეთმა, როგორი ურთიერთობა აქვთ აფხაზეთსა და რუსეთს“ და თუ როგორია მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ის ელოდა აფხაზეთში ასეთ აქტიურობას. 

რეგიონების ე.წ. „ცესკოს“ წევრები რუსეთშიც იმყოფებოდნენ დამკვირვებლებად. მათ დადებითად შეაფასეს არჩევნები და განაცხადეს, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში. აღსანიშნავია, რომ არჩევნებს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. წარმომადგენელი, ხიბლა ამიჩბა გერმანიაშიც აკვირდებოდა.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. „ცესკოს“ წარმომადგენლები რუსეთში

რუსეთის „ცესკოს“ მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, დე ფაქტო ლიდერებმა მიულოცეს ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება. ბჟანიამ მილოცვაში განაცხადა, რომ პუტინის გამარჯვებამ დაადასტურა რუსეთში „დემოკრატიული პრინციპების ტრიუმფი და აჩვენა მთელს მსოფლიოს რუსული საზოგადოების სამოქალაქო სიმწიფე“. სატელეფონო საუბარი შედგა გაგლოევსა და პუტინს შორისაც, რა დროსაც გაგლოევმა დაუდასტურა რუსეთის პრეზიდენტს რეგიონის მაცხოვრებლების 97%-იანი მხარდაჭერა. პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ განაგრძობდა ცხინვალის რეგიონის მხარდაჭერას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ხმის მიცემას არაკანონიერი უწოდა და შეაფასა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა. აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისში ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. მან მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს უწოდა უკანონო და დასძინა, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იყო „არც თავისუფალი და არც სამართლიანი“.

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს შედგება, ის პრეზიდენტად 6 წლის ვადით აირჩა.

Go BackGo Back