ახალი ამბები

ალან ალბოროვის ვიზიტი რუსეთში

2024 / 03 / 21

ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ალბოროვი 15-17 მარტს რუსეთში იმყოფებოდა. ის ხელმძღვანელობდა რეგიონის „ცესკოს“ წარმომადგენლების დელეგაციას, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთში აკვირდებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ალბოროვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, გრიგორი კარასინს შეხვდა. ალბოროვმა შეხვედრის შესახებ თავის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პრესკონფერენციაზე ალბოროვმა აღნიშნა, რომ რუსეთში არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდა. „დასავლეთის ქვეყნებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება შეუძლიათ რუსეთისგან ისწავლონ“ - განაცხადა მან. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც ჩატარდა, ცხინვალის რეგიონში კი პუტინმა რეკორდული მაჩვენებელი, ამომრჩეველთა საერთო ხმების 97% აიღო, რაც ალბოროვმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კარასინთან შეხვედრაზე საუბრისას კი, ალბოროვის თქმით, რუსეთის სენატორებს აინტერესებდათ რეგიონში მიმდინარე პროცესები და ის საკითხები, რაშიც დე ფაქტო რესპუბლიკა საჭიროებს მხარდაჭერას. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „კანონდმებლობათა“ ჰარმონიზაციის საკითხს, რაც, ალბოროვის თქმით, რეგიონისთვის ამჟამად პრიორიტეტულია. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ გასულ წელს ე.წ. „პარლამენტმა“ რეკორდულად ბევრი კანონმდებლობა მიიღო, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს რეგიონისთვის „კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის“ მნიშვნელობას.

ასევე, შეხვედრაზე განიხილებოდა ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეების მხარდაჭერის საკითხი. ალბოროვის განცხადებით, რუსეთის მთავრობა ცდილობს, რომ აგრესიის მონაწილე მებრძოლებს მხარი დაუჭიროს სხვადასხვა სოციალური დახმარებებით და მას სურს, რომ ეს დახმარება ეთნიკურად ოს მებრძოლებზეც გავრცელდეს. 2024 წლის 25 მარტის მონაცემებით, ღია წყაროებში დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში ცხინვალის რეგიონიდან 40 მებრძოლი დაიღუპა.

Go BackGo Back