ახალი ამბები

რა ვიცით ჩრდილოეთ კორეული კომპანია „მანგებონის“ შესახებ, რომლის წარმომადგენლებიც აფხაზეთში იმყოფებოდნენ

2024 / 04 / 10

ავტორები: მარიამ ჯეჯეია, დადუნა გეწაძე

19 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა ჩრდილოეთ კორეული საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების კორპორაცია „მანგენბონ“-ის გენდირექტორს, იუნ გუკ ნამს სოხუმში უმასპინძლა. შეხვედრაზე სოხუმსა და ფხენიანს შორის „სავაჭრო წარმომადგენლობების“ გახსნის პერსპექტივები და კვების ინდუსტრიის, საბანკო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნულმა შეხვედრამ კორპორაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობის ფორმატის შესახებ ინტერესი გააჩინა.

საინტერესოა, რომ შეხვედრის შესახებ გავრცელებული სურათის მიხედვით, შეუძლებელია ჩრდილოეთ კორეული დელეგაციის წევრების იდენტიფიცირება. შეხვედრის ეს დეტალი იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები მსგავს შეხვედრებზე, როგორც წესი, თავს არიდებენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას.

ალექსანდრ ანქვაბის შეხვედრა „მანგენბონ“-ის წარმომადგენლებთან

რა ვიცით „მანგენბონ“-ის შესახებ?

„მანგენბონ“-ის საქმიანობის შესახებ ღია წყაროებში მწირი ინფორმაციაა. კორეული საინფორმაციო რესურსების მიხედვით, კორპორაციის ბიზნეს ინტერესი სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, კორპორაცია საქმიანობს კვების ინდუსტრიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მედიცინის, ზღვის პროდუქტებისა და ტრიკოტაჟის წარმოების სფეროში. კორპორაციის სახელი ჩრდილოეთ კორეის დედაქალ ფხენიანთან მდებარე მთის სახელიდან მოდის.

საინტერესოა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, კორპორაცია „მანგენბონ“-მა მასზე დაწესებული სანქციების გამო 2019 წლის დეკემბერში რუსეთი დატოვა. აღნიშნული სანქციის მიზანი იყო ფხენიანისთვის უცხოურ ვალუტებზე წვდომის შეზღუდვა, რის ნაკლებლობასაც იგი განიცდიდა დასავლეთის სანქციების გამო.

ასევე საყურადღებოა, რომ 2022 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში კორპორაცია ჩართული იყო ჩრდილოეთ კორეელი საინფორმაციო ტექნოლოგიის სფეროს სპეციალისტების ჩინეთში გადაყვანაში.

ღია წყაროებში მოიპოვება ინფორმაცია ბორან „მანგენბონ 92“-ის (Mangyongbong 92) შესახებ. იაპონიის მიერ ჩრდილოეთ კორეაზე ატომური იარაღის პროგრამაზე მუშაობის გამო დაწესებულ სანქციებამდე, ბორანის საშუალებით იაპონიაში მოქალაქეებისა და ტვირთების გადაყვანაც ხდებოდა. არსებული ბორანი არარეგულარულად მოგზაურობდა ვონსანსა (ჩრდილოეთ კორეა) და ნიიგატას (იაპონია) შორის, მაგრამ რეისები შეწყდა ჩრდილოეთ კორეა-იაპონიის ურთიერთობების გაუარესების გამო. მოგვიანებით, ბორანი გამოიყენებოდა მთა გეუმგანგის (მდებარეობს ჩრდილოეთ კორეაში) მონახულების მიზნით ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის გადაადგილებისთვის, მაგრამ ეს რეისებიც შეწყდა ორ კორეას შორის ურთიერთობების სწრაფი გაუარესების გამო, მთა გეუმგანგისზე ტურისტის მკვლელობის შემდეგ.

ბორანი „მანგენბონ 92“

ზუსტი კავშირის დადგენა კორპორაციასა და „მანგენბონ 92“-ს შორის ვერ ხერხდება, თუმცა მათ საქმიანობას შორის შეიძლება გარკვეული პარალელის გავლება. „მანგენბონ 92“-ის ტვირთებისა და ადამიანების გადაზიდვას უზრუნველყოფს, კორპორაცია კი ჩართულია საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში.

შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა რამდენად იყენებს კორპორაცია ბორან „მანგენბონ 92“-ს საკუთარ ბიზნესში. ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული არაერთი სანქციის პირობებში, შესაძლოა, მსგავსი კავშირების ოფიციალური დოკუმენტირება არც ხდებოდეს. Wikipedia-ის ინფორმაციით, „მანგენბონ 92“-ის მფლობელია „Daizin Shipping Co“. კომპანია ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში საქმიანობს და, სავარაუდოდ, ჩაბმულია ქვანახშირის გაყიდვა/მიწოდების პროცესში. კომპანიას კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი „შრომის პარტია“ აკონტროლებს. კომპანიის შემოსავლებით ჩრდილოეთ კორეის მთავრობა და „შრომის პარტია“ სარგებლობენ.

კორპორაციასა  და „Daizin Shipping Co“-ს პირდაპირი კავშირების შესახებ დადასტურებელი ინფორმაციის არარსებობის მიუხედავად, შეიძლება მათ საქმიანობაში  გარკვეული მსგავსებების დაფიქსირება:

  • ხელისუფლებასთან კავშირები: ორივე კომპანია ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან არის დაკავშირებული. „მანგენბონ“ სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკურ ურთიერთობებშია ჩაბმული, „Daizin Shipping Co“ კი ჩრდილოეთ კორეის ფარგლებს გარეთ საზღვაო გადაზიდვებს უზრუნველყოფს.
  • საერთო ბიზნეს სფერო: ორივე კომპანია საერთაშორისო ვაჭრობაშია ჩართულია, რაც არ გამორიცხვას მათ შორის თანამშრომლობას.

ვის რა ინტერესი აქვს?

აფხაზეთის ინტერესი

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ადრეც შეინიშნებოდა გარკვეული ურთიერთობები. 2017 წელს ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატამ აფხაზეთის წარმომადგენლებთან მშენებლობის, კვების, ტექსტილისა და ლოგისტიკის სფეროში პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. უკვე, 2018 წელს, დელეგაციების ურთიერთვიზიტები შედგა. ჩრდილოეთ კორეულმა კომპანიებმა აფხაზეთში შრომითი მიგრანტების გაგზავნის ინტერესი გამოთქვეს. მაგ. Washington Post-ის 2019 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეის 400 მოქალაქე ცხოვრობდა. კორეელი მიგრანტების შესახებ აფხაზურ მედიაშიც იწერებოდა.

ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას ხვდებიან, 2018 წლის ნოემბერი

აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში, 2018 წლის აგვისტო

ჩრდილოეთ კორეულ კომპანიასთან ურთიერთობა ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელიც რუსეთის გარდა გაეროს ოთხი წევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული, საერთაშორისო კავშირების განვითარების შესაძლებლობაა. სოხუმს იმედი აქვს, რომ მსგავსმა კავშირებმა, ეკონომიკური სარგებელის გარდა, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარებასაც შეუწყოს ხელი.

ჩრდილოეთ კორეის ინტერესი

საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ კორეას ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობის განვითარებისთვის სხვადასხვა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა. აფხაზეთი ჩრდილოეთ კორეელი შრომითი მიგრანტების დასაქმებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის ვაჭრობისთვის გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. შრომითი მიგრანტების უცხოეთში დასაქმება ჩრდილოეთ კორეისთვის უცხოური ვალუტის მიღების ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკაა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეამ „მანგენბონ“-ის საშუალებით შესაძლოა თავისი არელაგალური ფინანსური ოპერაციებიც შენიღბოს.

Go BackGo Back