ახალი ამბები

ასლან ბჟანიამ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

2021 / 01 / 29

29 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აფხაზეთმა უნდა განამტკიცოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთთან, ვინაიდან „მხოლოდ მას შეუძლია მშვიდობის შენარჩუნების უზრუნველყოფა“.

ბჟანიამ განაცხადა, რომ ის გადახედავს სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებულ იმ დოკუმენტებს, რომლებიც ჯერ არაა რატიფიცირებული. გარდა ამისა, საჭიროა აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ტექნიკური აღჭურვილობის დონის გაუმჯობესებაც.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2019 წელს რუსეთმა და აფხაზეთმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის საჭირო ფინანსური ხარჯების ანაზღაურებას რუსეთის მიერ. მოდერნიზაციის პროცესში კი იგულისხმება აფხაზეთის დე ფაქტო არმიის აღჭურვა თანამედროვე შეიარაღებით, ასევე სამხედრო ძალების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სტანდარტების უნიფიკაცია.

Go BackGo Back