მთავარი ფიგურები

ვლადიმირ ნეკრასოვი

აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი

ვლადიმირ ნეკრასოვი აფხაზეთში ვაჭრობისა და სხვა სახის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს წარმოადგენს. იგი აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის სუბიექტების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას აფხაზეთთან და რუსულ-აფხაზური საქმიანი ფორუმების აქტიური მონაწილეა. მას აფხაზეთში რუსეთის „ელჩთან” ერთად აფხაზეთში მოღვაწე რუსი მეწარმეების უფლებების დაცვაც უწევს.

ძირითადი ბიოგრაფიული ცნობები  

  • ვლადიმირ ნეკრასოვი დაიბადა 1969 წლის 23 მარტს, ქ. ტეკელში, ყახაზეთის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1987-1989 წლებში საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
  • 1993 წელს დაამთავრა კემეროვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის/მასწავლებლის სპეციალობით.
  • 1999 წელს დაამთავრა  რუსეთის საბაჟო აკადემია საბაჟო საქმის მენეჯერის სპეციალობით, 2004 წელს კი - ამავე აკადემიის ადიუნქტურა საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლის სპეციალობით.
  • 2009 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ბიზნესის უმაღლესი სკოლა (МИРБИС) და ყირგიზულ-რუსული სლავური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალობით.
  • ნეკრასოვი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია, დოცენტი, ეკონომიკის მაგისტრი, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სახელმძღვანელო და სამეცნიერო და სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომი.
  • მინიჭებული აქვს საბაჟო სამსახურის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება და რუსეთის ფედერაციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.

პროფესიული კარიერა

  • ნეკრასოვის კარიერა 1993 წელს კუზბასის საბაჟოზე დაიწყო, სადაც სხვადასხვა თანამდებობებზე იმუშავა, ინსპექტორიდან დაწყებული განყოფილების უფროსით დამთავრებული.
  • 1998-2003 წლებში ყაზახეთში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობაში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
  • 2003 წელს მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საბაჟო კავშირის საქმეების სამმართველოს საბაჟო პროცედურების უნიფიკაციის განყოფილების უფროსად.
  • 2005 წელს ორგანიზაცია ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობოს ორგანიზაციაში საბაჟო საქმისა და სასაზღვრო საკითხების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
  • 2007 წელს ყირგიზეთში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის უფროსად დაინიშნა, 2010 წლის 2 დეკემბერს კი - რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლად.
  • 2015-2017 წლებში რუსეთ-ყირგიზეთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2017 წლის 18 მარტს პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლად დაინიშნა. ნეკრასოვმა იური აიკინი შეცვალა, რომელიც მედვედევის ბრძანებით პენსიაზე გასვლის გამო გაანთავისუფლეს. აიკინი 6 წელი მუშაობდა აფხაზეთში. 
  • აფხაზეთში დანიშვნიდან ძალიან მალე, 2017 წლის 14 აპრილს, ნეკრასოვი აფხაზეთში რუსეთის „ელჩ“ სემიონ გრიგორიევს შეხვდა. შეხვედრა სოხუმში რუსეთის „საელჩოში“ გაიმართა
  • 2017 წლის 14 აპრილს სოხუმში, ნეკრასოვი აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად უდმურტეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო რუსეთის წარმომადგენლებისთვის აფხაზეთის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაცნობა. 
  • 2017 წლის 20 აპრილს ნეკრასოვი აფხაზეთში რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენელს სტანისლავ აპსავას შეხვდა. შეხვედრის დროს აფხაზეთში მოღვაწე რუსი მეწარმეების უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. 
  • 2017 წლის 24 მაისს ნეკრასოვი სოხუმის აეროპორტის დირექტორს ვიაჩესლავ ეშბას შეხვდა, რომელთანაც აეროპორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა
  • 2017 წლის 22 აგვისტოს ნეკრასოვი აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს დიმიტრი სერიკოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ვაჭრობის დროს საქონლის გადაადგილებისთვის ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრის საკითხი განიხილეს. 
  • 2017 წლის 27 ოქტომბერს ნეკრასოვი აფხაზეთ-რუსეთის რიგით მე-8 საქმიანი ფორუმის, რომელიც სოხუმში ჩატარდა, აქტიური მონაწილე იყო. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო. 
  • 2018 წლის 11 აპრილს ნეკრასოვი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს. 
  • 2019 წლის 23 მარტს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი „როდნიკი“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიების მასპინძელი ნეკრასოვი იყო. ცენტრი საზეიმოდ გახსნეს აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ასტამურ ქეცბამ. ნეკრასოვის განცხადებით, საინვესტიციო პროექტის განხორციელება ერთი წლის წინათ რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით დაიწყო და პროექტს სოციალური მნიშვნელობა აქვს. ცენტრის მშენებლობის საინვესტიციო პროექტი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლობის პატრონაჟით, კერძო რუსული ინვესტიციებით განხორციელდა.
  • 2020 წლის 26 ივნისს ნეკრასოვი სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსს ბესლან ეშბას შეხვდა. ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სავაჭრო წარმომადგენლობის  ექსპერტი ვლადიმირ ცოიც დაესწრო. შეხვედრაზე სოხუმსა და რუსულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
  • 2020 წლის 23 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარიდან ბიზნესმენებს უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობდა ნეკრასოვიც. ვიზიტის მთავარი მიზანი აფხაზეთსა და სტავროპოლის მხარეს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იყო.
  • 2020 წლის 29 დეკემბერს ნეკრასოვი აფხაზეთის დე ფაქტო პირველ ვიცე-პრემიერსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ბესლან ჯოპუას შეხვდა. მხარეებმა 2020 წლის 12 ნოემბერს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების  საკითხები განიხილეს.
  • 2021 წლის 13 მარტს სტავროპოლის მხარის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მორიგი „საათი სავაჭრო წარმომადგენელთან“ ფარგლებში ვიდეოკონფერენცია გამართა. ნეკრასოვი პოტენციურ ექსპორტიორებს სტავროპოლის მხარიდან აფხაზურ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობებზე ესაუბრა.
  • 2021 წლის 1 აპრილს ცხინვალის რეგიონისა და ყირიმის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში მასტერკლასი - „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის განვითარება: საქონლისა და მომსახურებათა ექსპორტი“ გაიმართა. დისტანციური შეხვედრა სამხრეთის რეგიონული ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრმა ყირიმის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით მოაწყო. შეხვედრას რუსეთის, ყირიმის, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ეკონომიკური სექტორის „წარმომადგენლები“ დაესწრნენ, მათ შორის იყო ნეკრასოვიც.
  • 2022 წლის აგვისტოში, ნეკრასოვმა „საკუთარი განცხადების“ საფუძველზე დატოვა თანამდებობა, ნეკრასოვი ზალინა კობესოვამ შეცვალა, რომელიც მანამდე რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობზე მუშაობდა.

ინტერვიუები

  • 2019 წლის 9 აპრილს ნეკრასოვმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს ნეკრასოვმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
  • 2021 წლის 7 აპრილს ნეკრასოვმა „სპუტნიკთან“ ისაუბრა. მისი განცხადებით, პანდემიის მიუხედავად რუსეთსა და აფხაზეთს შორის ვაჭრობა გაიზარდა და 2020 წელს 19 მლრდ 700 მლნ რუბლი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 1.5 მლრდ რუბლით მეტია. ნეკრასოვის განცხადებით, ეს რუსეთში აფხაზური პროდუქციის, მათ შორის ციტრუსების, ექსპორტის ზრდის დამსახურებაა.