მთავარი ფიგურები

სერგეი კუზოვლევი

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე სრული კონტროლი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს აქვს დამყარებული. ამ მხრივ, განსაკუთრებულ როლს ასრულებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქი (სსო). სსო-ის დაქვემდებარებაში შედის აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე–7 და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის მე–4 სამხედრო ბაზები. სამხედრო ბაზებთან ერთად კრემლის ინტერესების დაცვას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოც უზრუნველყოფს, რომელიც სსო-ის ოპერატიულ დაქვემდებარებაშია.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სერგეი კუზოვლევი დაიბადა 1967 წლის 7 იანვარს, ქ. მიჩურინსკში, ტამბოვის ოლქში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1984 წელს დაამთავრა ქ. მიჩურინსკის საშუალო სკოლა.
  • 1990 წელს დაამთავრა არმიის გენერლის მარგელოვის სახელობის რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სამეთაურო სასწავლებელი.
  • 2008 წელს სწავლა დაიწყო და 2010 წელს დაამთავრა რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო-საჯარისო აკადემიაში.
  • მონაწილეობდა ჩეჩნეთის I და II ომებში.
  • 2014 წლის 22 თებერვალს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, 2017 წლის 10 ივნისს - გენერალ-ლეიტენანტის წოდება, 2021 წლის 18 თებერვალს - გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.

სამხედრო კარიერა

  • 2005-2008 წლებში ვოლგისპირეთ-ურალის სამხედრო ოლქის მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური  იყო.
  • 2010 წელს საერთო-საჯარისო აკადემიის დასრულების შემდეგ მე-18 ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.
  • 2014 წელს დაინიშნა სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის შტაბის მეთაურად.
  • უკრაინული მხარის ცნობით, კუზოვლევი 2014 წლის შემოდგომიდან 2015 წლის ზამთრამდე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსს ხელძღვანელობდა. სხვადასხვა ინფორმაციით, იგი ხელმძღვანელობდა ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში სეპარატისტთა სამხედრო დანაყოფებს.
  • 2015-2016 წლებში დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-20 საგვარდიო საერთო-საჯარისო არმიის მეთაური იყო.
  • 2016-2017 წლებში სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური იყო.
  • 2017 წელს სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-8 საგვარდიო საერთო-საჯარისო არმიის მეთაურად დაინიშნა.
  • 2019 წელს სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის პირველ მოადგილედ და შტაბის მეთაურად დაინიშნა. მანამდე შტაბს, რუსეთის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ ტეპლინსკი ხელმძღვანელობდა.
  • 2020-2021 წლებში სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების საჯარისო დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.
  • 2021 წლის ივნისიდან სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი იყო.
  • 2022 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურად, სადაც მხოლოდ ერთი თვე დაჰყო.
  • 2023 წლის 23 იანვარს სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ალექსანდრ დვორნიკოვი შეცვალა.