მთავარი ფიგურები

მარატ კულახმეტოვი

რუსეთის ფედერაციის „ელჩი“ ცხინვალის რეგიონში

მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონის საკითხში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ-დიპლომატიურ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პირია. იგი 2008 წლამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ იყო ჩართული და კარგად იცნობს ადგილობრივ პოლიტიკურ თავისებურებებს. 2017 წლიდან კი, უკვე დიპლომატის რანგში, იგი რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული. კულახმეტოვი „ელჩად“ დანიშვნის შემდეგ ხშირად აძლევს ინტერვიუებს ადგილობრივ და რუსულ მედიას და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებები მისი მონაწილეობის გარეშე არ იმართება.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • მარატ კულახმეტოვი დაიბადა 1959 წლის 6 აგვისტოს სამხედროების ოჯახში, ქ. პენზაში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში. მამამისი ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე იყო.
  • კულახმეტოვმა 1980 წელს ლენინგრადის უმაღლესი საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი დაამთავრა, 1991 წელს - ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია მოსკოვში, 2003 წელს კი - გენერალური შტაბის აკადემია.
  • 2001 წელს მიენიჭა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის წოდება.
  • 2007 წლის ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში „საერთაშორისო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა.
  • რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ დააჯილდოვა მედლით „სამხრეთ ოსეთში მშვიდობის სადარაჯოზე გაწეული სამსახურისთვის“.
  • 2019 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კულახმეტოვი „მეგობრობის“ ორდენით დააჯილდოვა. ორდენი კულახმეტოვმა „საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ მიიღო.
  • აქვს მეორე კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი.

სამხედრო კარიერა

  • კულახმეტოვმა სამხედრო კარიერა 1980 წელს დაიწყო ლენინგრადის სამხედრო ოლქში მოტომსროლელი ოცეულის მეთაურის რანგში. მან გაიარა ყველა სამეთაურო თანამდებობა ოცეულის მეთაურიდან დივიზიის მეთაურამდე.
  • 2001-2003 წლებში ჩრდილოეთ ოსეთში დისლოცირებულ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მე-19 მოტომსროლელ დივიზიას ხელმძღვანელობდა.
  • 2004 წლის ოქტომბრიდან ცხინვალის რეგიონში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური იყო. მან ამ პოსტზე სვიატოსლავ ნაბზდოროვი შეცვალა.  შერეული სამშვიდობო ძალები 1992 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დასრულების შემდეგ შეიქმნა. ცხინვალის რეგიონში მოღვაწეობის პერიოდში ქართული მხარე მას სეპარატისტების მხარდაჭერაში  და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში სდებდა ბრალს.  საყურადღებო ფაქტია, რომ ცხინვალის რეგიონის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 1998-2008 წლებში მსახურობდა შერეული სამშვიდობო ძალების ჩრდილო-ოსურ ბატალიონში, ანუ ოთხი წლის განმავლობაში კულახმეტოვი და ბიბილოვი ერთად მუშაობდნენ.
  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში კულახმეტოვი რუს სამშვიდობოებს მეთაურობდა და აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე მიმდინარე პროცესებში. საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ კულახმეტოვი საქართველოს ტერიტორიიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის პროცესს ხელმძღვანელობდა.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან მალე, 2008 წლის 3 ოქტომბერს ცხინვალში განლაგებულ რუსი სამშვიდობოების შტაბის შენობასთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამშვიდობოების შტაბის უფროსი ივან პეტრიკი. კულახმეტოვი კონტუზიის დიაგნოზით მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

დიპლომატიური კარიერა

  • 2009 წლის აგვისტოდან „ელჩად" დანიშვნამდე კულახმეტოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მრჩეველი იყო სამხრეთ კავკასიასა და დნესტრისპირეთში სამხედრო-პოლიტიკურ და ცენტრალურ აზიაში სამხედრო სფეროში რუსეთის  საქმიანობის საკითხებში. 1382 მრჩეველის რანგში რუსეთის დელეგაციასთან ერთად იგი პერიოდულად ჟენევის დისკუსიებშიც მონაწილეობდა.
  • 2017 წლის 23 მაისს კულახმეტოვმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „ელჩი“ ელბრუს კარგიევი შეცვალა, რომელიც რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ასრულებდა მოვალეობას. კულახმეტოვი „ელჩის“ მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 3 ივლისს შეუდგა, როდესაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა. კულახმეტოვის „ელჩად“ დანიშვნა, ქართულმა მხარემ „მორიგ პროვოკაციად“ შეაფასა. კულახმეტოვი „ელჩად“ დანიშვნის შემდეგ ხშირად აძლევს ინტერვიუებს ადგილობრივ და რუსულ მედია საშუალებებს რეგიონში მიმდინარე პროცესების, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის თანამშრომლობის შესახებ. მას ახლო ურთიერთობა აქვს ადგილობრივ დე ფაქტო ლიდერებთან და მათთან ერთად პერიოდულად მონაწილეობს რუსული დაფინანასებით მიმდინარე მშენებლობების ინსპექტირებასა და სხვადასხვა შენობების საზეიმო გახსნის ღონისძიებებში. 
  • 2018 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის რიგით მე-19 შეხვედრა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის მხრიდან მუტკო იყო. შეხვედრაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვიც  მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე 2018 წლისთვის ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ფინანსური დახმარებისა და 2018-2019 წლებში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს
  • 2019 წლის 9 თებერვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „საელჩომ“ რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლების დღესთან (10 თებერვალი) დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა. კულახმეტოვმა ადგილობრივ დე ფაქტო ლიდერებს, მათ შორის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ერიკ ფუხაევს უმასპინძლა.
  • 2019 წლის 23 თებერვალს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის თანამშრომლებს, „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა. სამხედროებს მისალოცი სიტყვით მიმართა კულახმეტოვმა და სამხედრო ბაზის მეთაურმა ალექსანდრ კრავცოვმა.
  • 2019 წლის 9 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კულახმეტოვს შეხვდა. შეხვედრაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმაც მიიღო მონაწილეობა.
  • 2019 წლის 28 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი სამუშაო ვიზიტით ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. კოშინის დელეგაციის წევრები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, დენის ტრავინი და კულახმეტოვი. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე 2019 წელს ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების შედეგები განიხილეს.
  • 2019 წლის 24 დეკემბერს, ცხინვალში, ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოთხი ობიექტი (საბავშვო ბაღი, გადასახადებისა და მოსაკრებლების კომიტეტის  შენობა, სამშობიარო სახლი, მრავალბინიანი სახლები) გახსნეს. საზეიმო ღონისძიებებში დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლის ბიბილოვის გარდა, მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც, მათ შორის კულახმეტოვმა, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იგორ კოშინმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დენის ტრავინმა.
  • 2020 წლის 4 ივნისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ჟურნალის - „რუსული სიტყვა სამხრეთ ოსეთში“ სპეციალური გამოშვების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და კულახმეტოვიც დაესწრნენ.
  • 2020 წლის 5 ივნისს ცხინვალში რუსული ენისა და რუსი პოეტის ალექსანდრ პუშკინის დაბადების დღე აღნიშნეს. პუშკინის სახელობის სკვერში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და კულახმეტოვი.
  • 2020 წლის 12 ივნისს ცხინვალში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დღესასწაული - „რუსეთის დღე“ აღნიშნეს. ღონისძიება დიდების ხეივანში „მარადიული ცეცხლის მემორიალთან“ ყვავილების დადებით დაიწყო. ღონისძიებაში კულახმეტოვმა, რუსმა დიპლომატებმა და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ავტოგარბენი გაიმართა.
  • 2020 წლის 14 ივლისს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების შეყვანის 28 წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს „მშვიდობისმყოფელის სტელა“ და „მშვიდობისმყოფელის ყაზარმა“. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებმა და კულახმეტოვმა.
  • 2022 წლის 15 თებერვალს ცხინვალის რეგიონში ინტერნაციონალისტი მებრძოლების ხსოვნის დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მებრძოლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ომის ვეტერანები, რეგიონის დე ფაქტო მმართველები, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და სხვები. ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ კულახმეტოვი, ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე–4 სამხედრო ბაზის მეთაური რომან ვიაზოვსკი, ასევე დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.
  • 2022 წლის 15 ივნისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია, დე ფაქტო პრეზიდეტ ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით, რუსულ მხარეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის გამართვის საკითხი იყო. რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ პრეზიდენის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ კოსაჩევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი  და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე სერგეი ბოვენკო და კულახმეტოვი.