იგორ მასლოვი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი
ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები
- იგორ მასლოვი დაიბადა 1960 წლის 10 ოქტომბერს ქ. ლენინგრადში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
- 2009 წლის 11 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით რუსეთის ფედერაციის მე-2 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის საკლასო ჩინი მიენიჭა.
პროფესიული კარიერა
- წლების განმავლობაში იგი დიპლომატიურ საფარქვეშ ევროპის ქვეყნებში მუშაობდა. ცენტრ „დოსიეს“ მონაცემებით, მასლოვი რუსული დაზვერვის ვეტერანია, საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკი.
- მასლოვი, წლების განმავლობაში, უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის ვლადიმირ ჩერნოვის მოადგილე იყო. ბოლო წლებში სამმართველოში მოლდოვის მიმართულებას კურირებდა. მასლოვი პასუხისმგებელი იყო მოლდოვაში შიდა პოლიტიკური პროცესების კონტროლზე. ცენტრ „დოსიეს“ მონაცემებით, იგი უშუალოდ კურირებდა იგორ დოდონს (მოლდოვის პრეზიდენტი 2016-2020 წლებში), ჯერ კიდევ სანამ იგი მოლდოვის პრეზიდენტი გახდებოდა, და სხვა მოლდოველ პოლიტიკოსებს. 2014 წელს დოდონი, სოციალისტური პარტიის ლიდერის რანგში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც კი შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი მასლოვი იყო.
- 2018 წლის 27 თებერვალს მასლოვმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღე მიულოცა. აღნიშნული დღე 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესდა. სწორედ ამ ძალების წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ნახევარკუნძულის უკრაინისგან ჩამოშორების ოპერაცია.
- 2021 წლის 2 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსად დაინიშნა. მან ვლადიმირ ჩერნოვი შეცვალა.
აფხაზეთთან ურთიერთობა
- 2021 წლის 6 აპრილს მასლოვმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას 58 წლის იუბილე მიულოცა.
- 2021 წლის 20 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია „ოფიციალური“ ვიზიტით ესტუმრა რუსეთს. 23 აპრილს ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერი საინვეტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ივანოვი და მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვი.
- 2021 წლის 29 ივლისს, მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე დახმარების, ვაქცინის ახალი პარტიის მიწოდების, ივლისში სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციაში დახმარებისა და რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ბჟანია ასევე შეხვდა მასლოვს.
- 2022 წლის 30 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოხუმში მასლოვი მიიღო. აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში მასლოვმა რუსეთის დელეგაციასთან ერთად რუსული დაფინანსებით მშენებარე პროექტებიც მოინახულა. მასლოვის განცხადებით, მათი მიზანია 2025 წლისთვის აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის მაჩვენებლებს გაუთანაბრდეს. ბჟანიასთან შეხვედრამდე მასლოვი ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუნბას შეხვდა. 1 ივლისს მასლოვმა ბჟანიასთან ერთად სოხუმის აეროპორტი დაათვალიერა. ამავე დღეს იგი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსნდრ ანქვაბს შეხვდა. ამავე დღეს მასლოვს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ და „დეპუტატებმა“ უმასპინძლეს. 2 ივლისს მასლოვმა ბჟანიასთან ერთად ე.წ. აღმოსავლეთ აფხაზეთი მოინახულა, მათ შორის ესტუმრა ბედიისა და მოქვის ტაძრებს, ოჩამჩირის პორტს. სტუმარმა სოფ. ჯგერდაში რიგით მეორე დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის საფლავსაც მიაგო პატივი. მოგვიანებით, მასლოვმა სოფ. ლაბრაში „აფხაზეთის ღვინისა და წყლების“ კომპანიის ვენახები მოინახულა. მასლოვის ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ეს მისი პირველი ვიზიტი იყო აფხაზეთში.
- 2022 წლის 28 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი კოზაკს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი და მისი მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, კერძოდ დე ფაქტო რესპუბლიკაში ავიამომისვლის აღდგენისა და 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს.
ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
- 2021 წლის 24 ნოემბერს ცხინვალის რეგიონს სამუშაო ვიზიტით რუსეთის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები იყვნენ: უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, მასლოვი და მისი მოადგილე ვიქტორ შარგაევი. ვიზიტის პირველ დღეს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და დე ფაქტო მთავრობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის მეორე დღეს ბიბილოვმა მასლოვთან სოციალურ-ეკონომიკური თანაშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილა. მასლოვის განცხადებით, პროგრამის მიზანია 2025 წლისთვის ცხინვალის რეგიონმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ეკონომიკურ მაჩვენებლებს მიაღწიოს. ამავე დღეს, ბიბილოვმა სტუმრებთან ერთად გმირების ქუჩაზე რუსეთის დაფინანსებით აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი საზეიმოდ გახსნა. ბიბილოვმა მასლოვთან ერთად სოფ. ფრისში ბაზალტის ქარხნის მშენებარე ობიექტიც შეამოწმა. მასლოვი შარგაევთან ერთად დე ფაქტო პარლამენტის წევრებსაც შეხვდა. რუსი კურატორების ვიზიტის ფარგლებში, 26 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც რუსეთიდან ცხინვალის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებას გააუმჯობესებს. ღონისძიებას რუსეთის დელეგაციაც დაესწრო.
- 2022 წლის 24 მაისს ცხინვალის რეგიონის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაციის დაესწრო მასლოვიც. მასლოვის განცხადებით, „განვლილმა არჩევნებმა აჩვენა, რომ რესპუბლიკა წარმატებით მოძრაობს სახელმწიფო მშენებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე.
- 2022 წლის 15 ივნისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია, დე ფაქტო პრეზიდეტ ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით, რუსულ მხარეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის გამართვის საკითხი იყო. რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ პრეზიდენის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ კოსაჩევი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე სერგეი ბოვენკო და მასლოვი.
- 2023 წლის 30 ივნისს რუსეთის დელეგაციამ დე ფაქტო რესპუბლიკაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების პოლიგონის მდგომარეობა შეამოწმა. ობიექტი 2020 წელს ააშენეს. რუსეთის დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც ახლდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მასლოვი იყო, რომელსაც გაგლოევი 29 მაისს პირისპირაც შეხვდა. ამავე დღეს რუსეთის დელეგაციამ რუსეთის დაფინანსებით აშენებული ობიექტებიც მოინახულა.
- 2023 წლის 25 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, მასლოვი „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა. გაგლოევმა მას ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გაგლოევის მოსკოვში ვიზიტი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების (2008 წლის 26 აგვისტო) 15 წლისთავს უკავშირდებოდა.
- 2023 წლის 17 ნოემბერს ცხინვალის რეგიონს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრ ნოვაკი ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო რეგიონში. ნოვაკმა მონაწილეობა მიიღო რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ 22-ე შეხვედრაში. მან ასევე რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების მონიტორინგი განახორციელა. 17 ნოემბერს დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ნოვაკს პირადად შეხვდა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნოვაკმა გაგლოევთან ერთად საზეიმოდ გახსნა სამი საცხოვრებელი კორპუსიც. საცხოვრებელი სახლები აშენდა რუსეთის მიერ დაფინანსებული „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსებით. რუსეთის დელეგაციის წევრები კი იყვნენ ნოვაკი, რუსეთის ე.წ. ელჩი რეგიონში, მარატ კულახმეტოვი, მასლოვი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანტონ მელნიკი.
- 2024 წლის 1 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მასლოვს შეხვდა. მასლოვი რეგიონს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე გაგლოევმა მადლობა გადაუხადა მასლოვს რუსეთის მთავრობის მიერ საწვავ-საპოხ მასალაზე საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობისთვის. მასლოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სწორედ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წლის გამო, რუსეთის დელეგაციამ რეგიონში ვიზიტი წლის დასაწყისში გადაწყვიტა. რუსეთის დელეგაცია გაეცნო „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს. შეხვედრის ბოლოს მასლოვმა გაგლოევს განუცხადა, რომ „მოსკოვს, მთავრობას, პრეზიდენტის აპარატსა და პირადად უმაღლეს მთავარსარდალს რესპუბლიკის მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს“.