მთავარი ფიგურები

კონსტანტინ კოსაჩევი

 რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი

რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტინ კოსაჩევი რუსეთის მასშტაბით გამორჩეული საჯარო ფიგურაა. იგი წლებია დიპლომატიურ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და მის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხს გამორჩეული ადგილი უკავია. კოსაჩევი ხშირად აკეთებს განცხადებებს საქართველოს თემაზე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აქტიური მხარდამჭერია.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • კონსტანტინ კოსაჩევი დაიბადა 1962 წლის 17 სექტემბერს, სოფ. მამონტოვკაში, მოსკოვის ოლქში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში. მამამისი დიპლომატი იყო, სკანდინავიის ქვეყნების სპეციალისტი, და გარკვეული პერიოდი შვედეთსა და ფინეთში საბჭოთა საელჩოებში მუშაობდა. 1962 წლიდან კოსაჩევის ოჯახი სტოკჰოლმში, შვედეთში ცხოვრობდა, საიდანაც 1970 წელს დაბრუნდა მოსკოვში.
  • 1979 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა მოსკოვში.
  • 1984 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის  სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის სკანდინავიის ქვეყნების განყოფილება.
  • 1991 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემია. 
  • 2003 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო სამართლის განვითარების კონცეფცია“. იგი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია.
  • კოსაჩევი დაჯილდოებულია არაერთი ორდენით, მათ შორის მიღებული აქვს ორდენები ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის აქტიური მხარდაჭერის გამო. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტისგან 2009 წელს მეგობრობის ორდენი მიიღო, 2016 წელს კი ღირსების ორდენი.
  • 2009 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
  • კოსაჩევი 2015 წლის 16 სექტემბერს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა. გარდა ამისა, კოსაჩევი 2018 წლის 6 აპრილს აშშ-ის მიერ გამოქვეყნებული სანქციების სიაშიც მოხვდა

პროფესიული კარიერა

  • ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კოსაჩევი მუშაობდა თარჯიმნად, სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე საბჭოთა კავშირისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში.
  • 1991-1995 წლებში მუშაობდა შვედეთში რუსეთის საელჩოში.
  • 1995 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა, სადაც ფინეთისა და შვედეთის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. გარკვეული პერიოდი სამინისტროს წარმომადგენლის სახელით საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მომხდარ მოვლენებზე განცხადებებს აკეთებდა.
  • 1998 წლიდან რუსეთის რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, მათ შორის სერგეი კირიენკოსთან, ევგენი პრიმაკოვთან და  სერგეი სტეპაშინთან მუშაობდა.
  • 1999 წელს სახელმწიფო დუმის წინასაარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო ბლოკის „მამული-მთელი რუსეთი“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიმაკოვის  სამდივნოს ხელმძღვანელობდა.
  • 1999-2003 წლებში მესამე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო საარჩევნო ბლოკის „მამული-მთელი რუსეთი“-ს სიით. ამ წლიდან დაიწყო მისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა სახელმწიფო დუმაში. იგი 1999-2012 წლებში სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატი იყო. მესამე მოწვევის სახელმწიფო დუმაში, 2000-2003 წლებში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი როგოზინის მოადგილე იყო.
  • 2003-2011 წლებში მეოთხე და მეხუთე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთიდან“. 2004 წლის 16 იანვრიდან 2011 წლის 21 დეკემბრამდე იგი სახელმწიფო დუმაში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. სახელმწიფო დუმაში მოღვაწეობის პერიოდში, 2004-2012 წლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სახელმწიფო დელეგაციის ხელმძღვანელი და ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
  • 2011 წლიდან სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთი“-დან მეექვსე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსეი პუშკოვის მოადგილე იყო.
  • კოსაჩევი 2012 წლის 5 მარტიდან 2014 წლის 22 დეკემბრამდე  დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს უფროსი იყო
  • 2014 წლიდან კოსაჩევმა რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოში გადაინაცვლა. 2014 წლის 15 დეკემბერს ფედერაციის საბჭოს წევრი გახდა ჩუვაშეთის რესპუბლიკიდან. 2014 წლის 25 დეკემბერს ფედერაციის საბჭოში აირჩიეს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარედ. მანამდე კომიტეტს 13 წელი მიხაილ მარგელოვი ხელმძღვანელობდა.
  • 2015 წლის 21 სექტემბრიდან ფედერაციის საბჭოში მარი-ელის რესპუბლიკას წარმოადგენს.
  • 2017 წლის 27 სექტემბერს კოსაჩევი ხელახლა დაამტკიცეს კომიტეტის თავმჯდომარედ.
  • 2021 წლის 17 მარტს კოსაჩევი ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერად აირჩიეს.

აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

თავისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში კოსაჩევს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული საქართველოს საკითხზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აქტიური მხარდაჭერია.

თავისი სადეპუტატო კარიერის განმავლობაში კოსაჩევს ხშირად გაუკეთებია განცხადებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ. თუმცა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე მისი რიტორიკა უფრო ზომიერი იყო საქართველოსთან მიმართებაში:

  • 2005 წლის 12 იანვარს შიდა აფხაზური კრიზისის შემდეგ გამართული არჩევნების შემდეგ, სადაც სერგეი ბაღაფშისა (დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი) და რაულ ხაჯიმბას (დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი) წყვილმა გაიმარჯვა, კოსაჩევმა განაცხადა, რომ „ბაღაფშმა და ხაჯიმბა მოახერხეს ერთ გუნდში გაერთიანება, რაც დიდწილად რუსეთის შუამავლობის შედეგია. ეს ძალისხმევა არავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული და არ იქნება მიმართული იქითკენ, რომ აფხაზეთი ხელოვნური გზით ჩამოვაშოროთ საქართველოს. ჩვენი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ 90-იანი წლების დამანგრეველი სისხლისღვრის შემდეგ, რესპუბლიკის შემდეგი მოწყობა - აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლით ან სხვა ფორმებით, საიმედოდ იცავდეს აფხაზი ხალხის ინტერესებს, რომელიც ტრადიციულად მიილტვის რუსეთისაკენ. 

2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შემდეგ, კოსაჩევის რიტორიკა და დამოკიდებულება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ მკვეთრად შეიცვალა და იგი რუსეთში მათ გამორჩეულ მხარდაჭერად გადაიქცა.

  • კოსაჩევი მოსკოვში, აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში ხშირად ხვდება ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს. ხშირი ურთიერთობები აქვს მოსკოვში მოქმედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საელჩოებთანაც“. 
  • 2011 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტი არჩევნების მონიტორინგის მიზნით ჩასულმა კოსაჩევმა არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ არჩევნები ტარდება მოსახლეობის მაღალი აქტიურობის პირობებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კოსაჩევი სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებთან ერთად რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
  • 2011 წლის 8 ნოემბერს, კოსაჩევი ცხინვალის რეგიონის არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლოვი ბიბილოვის კანდიდატურის მხარდასაჭერად ცხინვალში რუსულ დელეგაციასთან ერთად ჩარტერული რეისით ჩავიდა.
  • 2016 წლის 5 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისის სესიაზე ყირიმის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, რომ რეზოლუცია აჩვენებს თემატიკის მიმართ შერჩევითობას და შეკვეთით ნიანგის ცრემლებს ღვრას“. 
  • 2018 წლის 29 მაისს კოსაჩევის განცხადებით, „სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, მსოფლიოს მიერ ამ რესპუბლიკების აღიარების პროცესის მხოლოდ დასაწყისია“.
  • 2018 წლის 25 ივლისს აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კოსაჩევმა განაცხადა, რომ საქართველოს შესვლა ნატო-ში და ალიანსის ძალების განთავსება რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს, მოსკოვის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს. მისი თქმით, საქართველოს ალიანსში შესაძლო გაწევრიანებით „თბილისის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სრულიად არარეალურ პერსპექტივას შეიძენს.“
  • 2021 წლის 5 თებერვალს რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. დელეგაციის თავმჯდომარე იყო კოსაჩევი, ხოლო დელეგაციის წევრები: ფედერაციის საბჭოს წევრები კრიმ კაზანაკოვი და ოლეგ სელეზნიოვი და სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ყაზბეკ ტაისაევი. ვიზიტის მიზანი იყო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრებთან შეხვედრა ე.წ საპარლამენტაშორისი თანამშრომლობის მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში. რუსულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა დე ფაქტო პარლამენტში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდა.
  • 2022 წლის 1 თებერვალს ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ რუსეთში ზნაურ გასიევი კოსაჩევს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში კოსაჩევმა გასიევი დაარწმუნა, რომ რუსეთი რჩება რეგიონის ერთგულ მხარდამჭერად და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას აცხადებს. საუბრის მთავარი თემები იყო რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის თანამშრომლობის გაღრმავება, საპარლამენტო სფეროში კოოპერაციის გააქტიურება, ასევე 2022 წლის აპრილის „საპრეზიდენტო“ არჩევნებისწინა მდგომარეობა რეგიონში.
  • 2022 წლის 15 ივნისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია, დე ფაქტო პრეზიდეტ ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით, რუსულ მხარეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის გამართვის საკითხი იყო. რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ პრეზიდენის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი  და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე სერგეი ბოვენკო და კოსაჩევი.
  • 2022 წლის 3 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დე ფაქტო პარლამენტის დელეგაცია კოსაჩევსაც შეხვდა.
  • 2023 წლის 25 აგვისტოს კოსაჩევი სოხუმში ვიზიტის ფარგლებში დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს, ლაშა აშუბას შეხვდა. კოსაჩევმა 26 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.