ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა

2022 / 04 / 04

გამოცემა N5 / მიმოხილვის პერიოდი: იანვარი-მარტი, 2022 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი          

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში

განათლების სფერო

  • 4-9 იანვარს ქ. სოხუმში საერთაშორისო ზამთრის სკოლა „წლის მასწავლებელი“ ჩატარდა. ღონისძიებაში ოსი, აფხაზი და რუსი მასწავლებლები მონაწილეობდნენ. ისინი ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებსა და ჰიბრიდული სწავლების მეთოდებს გაეცნენ.
  • აფხაზი კურსანტები რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლიან. კურსანტებს ოთხი სპეციალიზებული სასწავლებლიდან ერთ-ერთის არჩევა შეეძლოთ: ვორონეჟის ინსტიტუტი, ომსკის აკადემია, ორლოვის ინსტიტუტი და ნიჟეგოროდის აკადემია. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია 10 იანვარს გაიმართა.
  • თებერვალში აფხაზეთის 153-მა სკოლამ რუსეთისგან I-VII კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი 161 ათასი სახელმძღვანელო მიიღო. როგორც განათლების „მინისტრმა“ აღნიშნა, სასკოლო სახელმძღვანელოები რუსულ საგანმანათლებლო სტანდარტებს შეესაბამება. 
  • 14 თებერვალს ქ. მოსკოვში გაიხსნა ცენტრი „აფხაზეთის მომავალი“, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება აფხაზი ახალგაზრდების ხელშეწყობა რუსეთში განათლების მიღების, სტაჟირების გავლისა და დროებითი დასაქმების თვალსაზრისით.
  • 17-18 მარტს განათლების „მინისტრი“ ინალ გაბლია დაესწრო ფორუმს „პედაგოგიური განათლება რუსულ კლასიკურ უნივერსიტეტში“ და რუსეთის განათლების აკადემიასთან 2022-2024 წლებში თანამშრომლობის განვითარების გეგმას მოაწერა ხელი.
  • საგარეო საქმეთა „სამინისტრომ“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში სწავლის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყო. განცხადებები 29 მარტიდან 8 აპრილამდე მიიღება, შემდეგ კი მისაღები გამოცდები გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის რექტორი ალექსანდრ იაკოვენკო და აფხაზეთის საგარეო საქმეთა „მინისტრი“ ინალ არძინბა, ცენტრ „აფხაზეთის მომავლის“ შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ. წყარო: www.mfaapsny.org

კულტურის სფერო

  • 22 თებერვალს დასრულდა საბავშვო კონკურსი „კავკასიისთვის ბრძოლა. სტალინგრადი“, რომელიც „დიდი სამამულო ომის“ შესახებ ისტორიული მეხსიერების შენახვას ისახავდა მიზნად. დაჯილდოების ცერემონია საბრძოლო დიდების „სახელმწიფო“ მუზეუმში გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა

  • 27 იანვარს კულტურის „მინისტრის“ მოადგილე დინარა სმირი ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის - „Право мира“ და „Дорога мира“ - წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული ორგანიზაციები რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას ისახავს მიზნად.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • 4 მარტს ქ. გუდაუთაში საბჭოთა რეჟიმის დამყარების თარიღი აღნიშნეს. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს გუდაუთის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელებმა, „სახელმწიფო“ დაწესებულებების თანამშრომლებმა, დე ფაქტო შეიარაღებული ძალების სამხედროებმა და სხვ.
  • 15 მარტს გუმისთის ბრძოლაში (ე.წ. „მარტის იერიშის“) დაღუპულთა ხსოვნის 29-წლისთავთან დაკავშირებით მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოხუმის „სახელმწიფო“ კოლეჯის სტუდენტები და პედაგოგები, „ახალგაზრდული მოძრაობის“ აქტივისტები და სხვ.

რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში

განათლების სფერო

  • 41 აბიტურიენტი ჩრდილოეთ ოსეთში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში (ЕГЭ-2022) მიიღებს მონაწილეობას. გამოცდები 27 მაისს დაიწყება და ივნისამდე გაგრძელდება.
  • 11 თებერვალს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ურალის ფილიალის სამეცნიერო ცენტრთან  გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც სოციალურ, ეკონომიკურ, ისტორიულ-კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

კულტურის სფერო

  • კულტურის „სამინისტრომ“ დაიწყო კონკურსი „პლანეტის ბავშვები ხატავენ მშვიდობას“, რომელიც ომისშემდგომი ცხოვრების აღწერას ითვალისწინებს და  ახალ თაობებში წინაპრების შესახებ მოგონებების შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
  • გამოვიდა ჟურნალ „რუსული სიტყვის“ მე-19 ნომერი, რომელშიც თავმოყრილია სტატიები რუსული ენის, ლიტერატურისა და რუსეთის ისტორიის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა

  • 22 იანვარს „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციის (АПРЯЛ) პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 2022 წლის გეგმებზე ისაუბრეს. დამსწრეთა შორის „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სერგეი სკვორცოვიც იყო.
  • 24 იანვარს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ცხინვალის რეგიონში „ევრაზიის ხალხების ასამბლეის“ წარმომადგენლობა გაიხსნება. ასამბლეა რეგიონთან კულტურის, ჰუმანიტარულ, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში ითანამშრომლებს.
  • მიმდინარეობს „დიდი სამამულო ომის“ 77-წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ კონკურსი, რომელიც 1941-1945 წლების ომის შესახებ ცოდნის შემოწმებას გულისხმობს. ორგანიზატორები არიან რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საბჭო, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა სამთავრობო კომისია, რუს თანამემამულეთა მსოფლიო საკოორდინაციო საბჭო და სხვ. 
  • 16 თებერვალს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ოფისში რუსული კონკურსის, „ცოცხალი კლასიკის“ შესარჩევი ეტაპი დაიწყო. 10-17 წლის მოზარდებმა რუსი ავტორების პროზაული ნაწარმოებები წაიკითხეს. კონკურსის გამარჯვებულები „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ბანაკში გაემგზავრებიან.
  • 14 მარტს ცხინვალის რეგიონში სტალინგრადის ბრძოლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კონკურსი დასრულდა. მოსწავლეებს უნდა აესახათ, თუ როგორ აღიქვამდნენ „დიდი სამამულო ომის“ აღნიშნულ მოვლენას. ორგანიზატორები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „როსი“ და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა.

კონკურს „ცოცხალი კლასიკის“ შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები. წყარო: www.cominf.org

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • 10 თებერვალს ა. პუშკინის გარდაცვალების თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა პუშკინის შემოქმედებიდან თავიანთი საყვარელი ლექსები წაიკითხეს, ბოლოს კი მისი ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას სერგეი სკვორცოვიც დაესწრო.
  • 15 თებერვალს ინტერნაციონალისტი სამხედროების ხსოვნის დღე აღნიშნეს და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელები, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები და მეთაური რომან ვიაზოვსკი, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი და სხვები.
  • „მამულის დამცველის“ დღესთან (23 თებერვალი) დაკავშირებით, მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებისთვის „სიმამაცის გაკვეთილები“ ჩაატარეს. მათ აღნიშნული თარიღის ისტორიაზე, რუსეთის სამხედრო წარმატებასა და მე-4 სამხედრო ბაზის დაარსებაზე ისაუბრეს. ამავე დღეს ცხინვალის N1 სკოლის რამდენიმე მოსწავლე პიონერულ ორგანიზაცია „Раззагонта“-ში გააწევრიანეს.
  • 28 თებერვლიდან 6 მარტამდე ცხინვალში ტრადიციულ რუსულ დღესასწაულს, „მასლენიცას“ აღნიშნავდნენ. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „როსი“, რუსეთის „საელჩო“ და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა.

სხვა ღონისძიებები

  • 22 მარტს ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ვიდეოკონფერენციაში „ДонбассбеZгеноцида“ და ერთხმად დაგმეს ოფიციალური კიევის მიერ ჩადენილი „დანაშაულები“.
  • ცხინვალის რეგიონის N2 სკოლამ დონბასში უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ოსი ჯარისკაცებისთვის გზავნილები შეაგროვა. სკოლის დირექტორის, ოლგა მიხაილიდის თქმით, „ომი არა მხოლოდ დამანგრეველი მოვლენაა, არამედ ღვაწლი, ადამიანური ღირსება და კეთილის ბოროტზე გამარჯვებაცაა. ამიტომ სკოლის მიერ გზავნილების შეგროვებას იდეოლოგიური მნიშვნელობაც აქვს.“ ჰუმანიტარული აქცია 31 მარტს დასრულდა.
  • მე-4 სამხედრო ბაზაზე „იუნარმიის“ ინსტრუქტორები სკოლის მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების, საბრძოლო მომზადების საფუძვლების, ასევე რუსეთის ფედერაციისა და ოსეთის ისტორიის შესახებ გაკვეთილებს ჩაატარებენ. ღონისძიების ორგანიზატორები იქნებიან „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „როსი“.

 

რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო ვადიმ ჩეხა, ცხინვალის რეგიონში კი - სერგეი სკვორცოვი.