ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2022 / 11 / 03

გამოცემა: N1 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2022

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

გალის შეხვედრები

ბოლო პერიოდში გახშირდა ლაპარაკი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრების აღდგენის საკითხზე.  ბოლო შეხვედრა ამ ფორმატში 2018 წელს ჩატარდა. შეხვედრების აღდგენის წინადადებით აფხაზური მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდზე გამოვიდა, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართა. 17 ოქტომბერს ამ საკითხზე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აფხაზეთში რუსეთის „ელჩ“ მიხაილ შურგალინთან შეხვედრაზეც ისაუბრა. ამ საკითხზე სექტემბერში ასევე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობებს კურირებს. ამ ფორმატის შეხვედრები რეგულარულად იმართება ერგნეთში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის. ქართული მხარის ოფიციალური პოზიცია გალში შეხვედრების აღდგენის თაობაზე ამ ეტაპისთვის უცნობია.

აფხაზური მხარე ჟენევაში. წყარო: mfaapsny.org

რუსული პასპორტები და ევროკავშირი

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ტერიტორიაზე არ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს, რაც სერიოზული გამოწვევა იქნება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის. თუ ადრე მათთვის ევროპაში გადაადგილება რუსული პასპორტით შესაძლებელი იყო, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ევროპაში ვიზიტების ორგანიზება გართულდება. ამ საკითხზე მწვავე რეაქციამ არ დააყოვნა აფხაზეთში, სადაც მკაცრი განცხადება გააკეთა ინალ არძინბამ. მან ევროპარლამენტის ინიციატივის პასუხად აფხაზეთში იმ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვით დაიმუქრა, რომლებიც დაფინანსებას ევროკავშირიდან იღებენ. არძინბას განცხადებით, ჰუმანიტარული პროექტები აფხაზეთის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას და საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შეცვლას ისახავს მიზნად. მან, ერთი მხრივ, პროექტების დაფინანსება და, მეორე მხრივ, პასპორტების არაღიარება ორმაგი სტანდარტის პოლიტიკად შეაფასა. მან ევროკავშირს აფხაზი ხალხის იზოლაციაშიც დასდო ბრალი.

ახალი კადრები

აფხაზეთში ინალ არძინბას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ (2021 წლის 17 ნოემბერი) დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა კადრების დანიშვნის ტენდენცია შეინიშნება. ოქტომბერში არძინბამ „სამინისტროში“ სხვადასხვა თანამდებობაზე სამი ახალგაზრდა კადრი დანიშნა, მათ შორის, ვლადიმირ აჩბა დაინიშნა „სამინისტროს“ აპარატის უფროსად. მას ბრიტანული განათლება აქვს და გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელია. აჩბას თანამშრომლების მუშაობის შეფასების კრიტერიუმების შემუშავება დაავალეს, რაც შეიძლება არძინბას „სამინისტროდან“ არასასურველი და ძველი კადრების დათხოვნის ლეგიტიმაციისთვის სჭირდებოდეს.

ოქტომბერში  დასრულდა კონკურსი „აფხაზეთის სიამაყე - 2022“, რომელიც სოციალური პლატფორმა „აფხაზეთის მომავლის“ ფარგლებში 2020 წელს პირველად ჩატარდა. წელს მეორეჯერ ჩატარდა კონკურსი, რომელმაც სამი გამარჯვებული გამოავლინა. ისინი სტაჟირებას რუსეთში გაივლიან. კონკურსი ინალ არძინბას ინიციატივით ტარდება. კონკურსის არაერთი მონაწილე უკვე მუშაობს არძინბასთან. აფხაზეთში ეჭვობენ, რომ არძინბა კონკურსის მონაწილეებს მომავალში თავისი პოლიტიკური გუნდის წევრებად მოიაზრებს.

მობილიზაცია და სოხუმის რეაგირება

რუსეთში ე.წ „ნაწილობრივმა სამხედრო მობილიზაციამ“ გარკვეული შიშები წარმოშვა აფხაზეთის მოსახლეობაშიც, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში ეთნიკურად აფხაზი მოხალისეებიც მონაწილეობენ, აფხაზების ომში მონაწილეობას მასობრივი ფორმა არ აქვს. დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის მხარდაჭერას სხვადასხვა სიმბოლური ღონისძიებებით (ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილების მიღება, მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება, დონბასში ვიზიტები) გამოხატავს.

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა ომში გაგზავნის პირობებში, მკვეთრად იკლო რუსი სამხედროების მონაწილეობით სამხედრო წვრთნებმა. ამის ფონზე გახშირდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და შესაძლო საფრთხეების პრევენციას ისახავს მიზნად: ტერიტორიული თავდაცვის შტაბის შეხვედრები, შიდა სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვა, სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების ინვენტარიზაცია. 20 ოქტომბერს ასევე დაიწყო საშემოდგომო გაწვევა, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში დახმარება ადგილობრივ ბიზნესმენებსაც სთხოვეს.

დიპლომატიური „გარღვევა“

  • ოქტომბრის დასაწყისში, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთს, რუსეთსა და სირიას შორის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე კონსულტაციების სამმხრივი მექანიზმის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. 24 ოქტომბერს ცნობილი გახდა მექანიზმის ამოქმედების შესახებ, რომლის ფარგლებშიც სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავება და განხორციელება იგეგმება. სირიასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ამ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამო, ნაკლებად სავარაუდოა, ურთიერთობის ასეთი ფორმატების არსებობას აფხაზეთისთვის უფრო სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს.
  • 5 ოქტომბერს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანი დიმიტრი მეზენცევი ინალ არძინბას შეხვდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციული პროექტების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს და რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო ამ მხრივ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. სოხუმში მსგავს ინტეგრაციულ პროექტში მონაწილეობის იმედი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც სექტემბრის ბოლოს აფხაზეთს მოულოდნელად ეწვია ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

დიმიტრი მეზენცევის შეხვედრა ინალ არძინბასთან. წყარო: mfaapsny.org

ქართული პროდუქცია აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მაღაზიებში ქართული პროდუქციის გამოჩენის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე მოკვლევა ჩაატარა. მოკვლევის შედეგად მაღაზიებში 74 კონსერვის ქილა აღმოაჩინეს, რომლის ეტიკეტზეც გამოსახულია საქართველოს რუკა, რომელიც აფხაზეთსაც მოიცავს და დროშა. ასევე სხვადასხვა მაღაზიებში იყიდებოდა 11 ერთეული ქართული წარმოების მინერალური წყალი: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ნაბეღლავი“, „საირმე“. ორცხობილა „მოროზოვას“ ეტიკეტზე კი, რომელზეც რუსული და ქართული წარწერებია, მითითებულია, რომ ორცხობილას იმპორტიორი თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა. აღნიშნული პროდუქცია ინდმეწარმეების მიერ არის შეტანილი აფხაზეთში. ასევე დადგინდა, რომ ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მე-7 კლასის გეოგრაფიისთვის განკუთვნილი ატლასის ყდაზე საქართველოს დროშა იყო გამოსახული. ეს შემთხვევა იმის დასტურია, რომ, ერთი მხრივ, ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლებელია ქართული პროდუქციის შეტანა, თუმცა, მეორე მხრივ, ქართული პროდუქციისა თუ სიმბოლოების გამოჩენა ადგილობრივ საზოგადოებაში საფრთხის წყაროდ აღიქმება.

ცხინვალის რეგიონი

მობილიზაცია და ცხინვალის რეაგირება

რუსეთში გამოცხადებულმა ე.წ „ნაწილობრივმა სამხედრო მობილიზაციამ“ შიშები წარმოშვა ცხინვალის რეგიონშიც. დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ რუსეთში გადაადგილების დროს  რეგიონის პასპორტები გამოეყენებინათ და არა რუსული, რითაც ისინი გაწვევას თავს აარიდებდნენ. ამ მხრივ არსებული შიშები გააძლიერა რეგიონსა და რუსეთის დამაკავშირებელ ე.წ. საზღვარზე, ქვემო ზარამაგთან, დროებითი გაწვევის პუნქტის გახსნამ. გაჩნდა საფრთხე, რომ ცხინვალის რეგიონის რუსეთის პასპორტის მქონე მკვიდრებს უკრაინაში საბრძოლველად გაიწვევდნენ. პუნქტი 21 ოქტომბერს დაიხურა.

ბიბილოვთან ბრძოლა

  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უფლებამოსილების გასვლამდე, მისადმი ლოიალურად განწყობილ კადრებს სპეციალური და სამხედრო წოდებები და საკლასო ჩინები ჩამოურიგა. გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით 27 მაისს ახალმა „პრეზიდენტმა" ალან გაგლოევმა დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას 2022 წლის 1 იანვრისა და 24 მაისის პერიოდში მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებების შესწავლა დაავალა. შედეგად, გაგლოევმა ბიბილოვის გადაწყვეტილებები უკანონოდ მიიჩნია და 21 ოქტომბერს დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს სამ თანამშრომელს „მილიციის გენერალ-მაიორის“ წოდება ჩამოართვა.
  • გაგლოევის „გაპრეზიდენტების“ შემდეგ ბიბილოვის დროს განხორციელებული პროექტების შესწავლას საფუძვლიანად მოკიდეს ხელი. დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა სახელმწიფო საწარმო „წყალკანალი - სამხრეთ ოსეთის“ ყოფილ დირექტორ ალან ცხოვრებოვზე. მას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. საერთაშორისო ძებნაშია ასევე ე.წ. სახელმწიფო საწარმო „დორეკსპოსტროის“ ყოფილი გენდირექტორი სემენ მაკიევი. ჯამში, საწარმოს 56 მლნ რუბლის დაუსაბუთებელ ხარჯვას ედავებიან.
  • დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის აგვისტოში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმის ხუთი მონაწილე, რომლებიც გაუსვლელობის ხელწერილის პირობით, დროებით, საპატიმროს გარეთ იმყოფებოდნენ, კვლავ დააკავეს. ამ ეტაპზე ჯაბიევის საქმესთან დაკავშირებული შვიდივე მილიციელი საპატიმროშია. ჯაბიევი ბიბილოვის დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და იგი იზოლატორში დაკითხვის დროს გარდაიცვალა, რასაც ცხინვალში ხანგრძლივი პროტესტი და შიდა პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. ჯაბიევის საქმე ერთ-ერთი იყო, რომელმაც ბიბილოვის პოლიტიკურ კარიერას მძიმე დარტყმა მიაყენა. გაგლოევი ჯაბიევის საქმეს ბიბილოვის დისკრედიტაციისთვისაც იყენებს.

ბიბილოვი ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში იმყოფება, საიდანაც ავრცელებს პროპაგანდისტულ ვიდეობს, მის მიერ მხარდაჭერილი საინფორმაციო რესურსები კი,  გაგლოევის დისკრედიტაციას ეწევიან.

საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის რაიონების მოსახლეობას ყოველი თვის 20-30 რიცხვებში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა შეუძლია. ადგილობრივებმა ამ უფლებით ოქტომბერშიც ისარგებლეს და ამისთვის „რაზდახანისა“ (ოძისი/მოსაბრუნი) და „პერეუს“ (პერევი) ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტები გამოიყენეს. ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ოქტომბერში ამ უფლებით 2 931-მა ადამიანმა ისარგებლა. ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობას შეუზღუდავად შეეძლო ხელბარგის გადატანა, მათ შორის ისეთი პროდუქციის, რომელზეც რუსეთში სანქციებია დაწესებული.