ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2023 / 03 / 01

გამოცემა: N30 / მიმოხილვის პერიოდი: 1-28 თებერვალი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.

აფხაზეთი

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს „ნაგვალოუს“ სამხედრო პოლიოგონზე საარტილერიო, სატანკო და მექანიზებულმა დანაყოფებმა სპეციალური ტაქტიკური წვრთნა გაიარეს. წვრთნას დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც დაესწრო.

ცხინვალის რეგიონი

სამხედრო წვრთნები

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამმართველოს ოფიცრებს „მართვის პუნქტების სამუშაოს ორგანიზებასთან“ დაკავშირებით სასწავლო-მეთოდური გაკვეთილები ჩაუტარდათ. გაკვეთილებს ე.წ. გენშტაბის ოფიცრები უძღვებოდნენ.
  • სპეცდანიშნულების ბატალიონის სამხედროებმა შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიგონზე ივარჯიშეს. მიმდინარე წვრთნა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მარატ პავლოვმაც მოინახულა.
  • საპატიო ყარაულის ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ბაზაზე ინდივიდუალური წვრთნა გაიარეს. წვრთნას მაღალი რანგის ოფიცრები უძღვებოდნენ და მიზნად ისახავდა საშტატო იარაღის გამოყენებაში, სამხედრო ტოპოგრაფიასა და სამედიცინო სფეროში მომზადებას. აღნიშნული დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებს ტაქტიკური მომზადება 1-ელ თებერვალსაც ჩაუტარდათ მთიანი და ტყიანი რელიეფის პირობებში.

სურათი საპატიო ყარაულის სამხედრო მოსამსახურეების წვრთნები. წყარო: alaniamil.org

  • T-72-ის სატანკო ეკიპაჟებმა საცეცხლე მომზადება გაიარეს, გაანადგურეს 4 კილომეტრზე შორი დისტანციით დაშორებული პირობითი მოწინააღმდეგის ტანკები, ივარჯიშეს ტყვიამფრქვევებისა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების გამოყენებაში.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებმა თეორიული გამოცდა გაიარეს. ტესტირება პროფესიული საქმიანობის სახელმძღვანელო დოკუმენტების ფაქტობრივ ცოდნას, უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისა და ბრძანების გაცემის უნარ-ჩვევებს შეეხებოდა.
  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე კადეტთა სკოლის კურსანტებს სამხედრო-პატრიოტული აღმზრდელობითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. მათ ასევე მოინახულეს „სამხრეთ ოსეთის დაღუპულ მცველთა ხსოვნის მემორიალი“ და ე.წ. სამხედრო დიდების მუზეუმი.

სურათი სამხედრო-პატრიოტული გაკვეთილი კადეტებისთვის. წყარო: alaniamil.org

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.