ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2023 / 04 / 04

გამოცემა: N20 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 მარტი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

უკანონო დაკავებები და „ბორდერიზაცია“

მიმდინარე წლის მარტში საოკუპაციო რეჟიმის მიერ  საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტი არ დაფიქსირებულა. არც უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაუტოვებით ცხინვალის ციხე. 31 მარტის მდგომარეობით ცხინვალის ციხეში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება: მამუკა ჩხიკვაძე და  კახაბერ ნათაძე. ჩხიკვაძე უკანონო პატიმრობაში გასული წლის 12 იანვრიდან იმყოფება და ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევის ბრალდებით იხდის სასჯელს, რაც 5 წლითა და 6 თვით პატიმრობას ითვალისწინებს. ნათაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2021 წლის 10 დეკემბერს დააკავეს და უკანასკნელი 2 წლისა და 4 თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

მარტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „ბორდერიზაციის“ პროცესის დინამიკის შემცირებით ხასიათდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ადგილობრივების ინფორმაციით, გახშირდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პატრულირების ინტენსივობა.

IPRM-ის 111-ე შეხვედრა

2023 წლის 2 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელის ელჩ ვიორელ მოშანუს თანაფასილიტატორობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 111-ე შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა გასული შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტები და ცხინვალის ციხეში ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პერსპექტივები დაწვრილებით და ინდივიდუალურად განიხილეს. უცვლელი დარჩა მდგომარეობა და მხარეთა პოზიციები სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს თაობაზე, ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების პერიოდული გახსნის პრაქტიკის გაგრძელების მიმართ კი ორივე მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა.

IPRM-ის 111-ე შეხვედრის შესახებ უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

მნიშვნელოვანი ვიზიტები საოკუპაციო ხაზთან

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციის  ვიზიტი ოძისში

15 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) დელაგაციას სოფ. ოძისში უმასპინძლა. ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა დელეგატებს ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარება გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა ბოლო დროს განვთარებული მოვლენების შესახებ. 

ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ვიზიტი. წყარო: eumm.eu

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ოძისში

24 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა მინისტრს გამშვები პუნქტების გაჭიანურებული ჩაკეტვით გამოწვეული ჰუმანიტარული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. წყარო: eumm.eu

პრინცესა ვიქტორიას ვიზიტი სოფ. ხურვალეთში

30 მარტს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში შვედეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიის გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთის მონაკვეთი მოინახულა. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა მას ადგილზე გააცნო უსაფრთხოებასთან, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან და სხვა ჰუმანიტარულ ასპექტებთან დაკავშირებით არსებული ვითარება. პრინცესას ვიზიტი 2023 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის კონტექსტში განხორციელდა.