ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2023 / 04 / 03

გამოცემა: N31 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მარტი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.

აფხაზეთი

ერთობლივი სამხედრო წვრთნები

  • დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ტაქტიკური წვრთნები ჩაატარეს. წვრთნები, რომელიც თავდაცვით ხასიათს ატარებდა, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სამხედრო პოლიგონზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ერთობლივი წვრთნები

სხვა საქმიანობა

  • დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა ხელი საგაზაფხულო გაწვევის ბრძანებას მოაწერა. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება და ივლისამდე გაგრძელდება. 
  • დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა.
  • ბჟანია ოკუპირებულ გალის რაიონში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. მან, ერთი მხრივ, სამხედრო პერსონალის მობილიზაციისათვის მზადყოფნა, მეორე მხრივ კი, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა.

ცხინვალის რეგიონი

სამხედრო წვრთნები

  • დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის სამხედროება საცეცხლე მომზადება გაიარეს. ტაქტიკური წვრთნები მიზნად ისახავდა საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნის შემოწმებას.
  • კავშირგაბმულობის ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებების მონტაჟსა და მათ გამოყენებაში ივარჯიშეს.

სხვა საქმიანობა

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ ფონდ „Международный институт развития коммуникаций МИР-МОСТ-ОСЕТИЯ“-თან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროს ეხება და მიზნად ე.წ. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ კადეტთა სკოლაში პატრიოტული აღზრდის  მეთოდების დანერგვას ისახავს.
  • ოკუპირებული ჯავის რაიონის დაბა კვაისაში სამხედრო რეზერვში გაწვეულმა პირებმა რეგისტრაცია გაიარეს. რეგისტრაციის პროცესი დანარჩენ რეგიონებშიც გაგრძელდება, რის შემდეგაც, როგორც დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო იუწყება, დაიწყება რეზერვისტების მომზადება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. 

რეზერვისტების რეგისტრაცია.

  • საქართველოში „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო მასობრივი აქციების პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. სხდომაზე საქართველოსთან ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელი ინციდენტების პრევენციის მიზნით მან ძალოვანი სტრუქტურების ინტენსიურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის განკარგულება გასცა.
  • ე.წ. თავდაცვის მინისტრმა მარატ პავლოვმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეები „უმწიკვლო სამსახურისთვის“ მედლებით დააჯილდოვა.
  • რუსეთის ფედერაციის მხარეს უკრაინაში მებრძოლი ოსი სამხედროებისთვის დახმარების გაწევის მიზნით ცხინვალში ორგანიზაციის დაფუძნება იგეგმება. ამისათვის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ წესდება 4 მარტს მოამზადა. როგორც ე.წ. სამინისტროში აცხადებენ, რეგისტრაციის შემდეგ, ორგანიზაციაში ციფრულად აღირიცხებიან ომში მონაწილე ოსი მებრძოლები, რაც გააადვილებს საჭირო ზომების მიღებას მათი გარდაცვალებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში.  

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.