ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 06 / 03

გამოცემა: N8 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მაისი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

„საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაცია“ და ოპოზიციის კრიტიკა

2023 წლის 31 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გარკვეული კატეგორიის პროდუქციის გადატანა გამარტივდება. დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული ჩამონათვალი რისი გადატანაც ე.წ. ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გამარტივებული წესით შესაძლებელია.

ოპოზიციის შეფასებით, დე ფაქტო ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილებით „საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაცია“ სურს. ოპოზიციის კრიტიკის პასუხად დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, 11 მაისს კი, ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ბჟანიას ადმინისტრაციისა და დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა პირველმა ვიცე-პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ. ამ საკითხზე მთავარი მომხსენებელი სწორედ ჯოპუაა.

ჯოპუას თქმით, არავინ აპირებს „საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაციას“. მისი თქმით, „სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრობლემას შეეჩეხა სოფლის მეურნეობის პროგრამის შესრულების კუთხით. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტს ეხმარება, თუმცა ზოგიერთი სახის ნარგავებისა და ტექნიკის რუსეთიდან შემოტანა, სანქციების გამო შეუძლებელია“. მსგავს პროდუქტებს შორის ჯოპუამ დაასახელა სუბტროპიკული კულტურები, თხილი და ასევე სპეციალური ტექნიკა.

დე ფაქტო ხელისუფლების მსგავსი გადაწყვეტილება განპირობებულია რუსეთიდან გარკვეული კატეგორიის პროდუქციის იმპორტის გართულებით, რადგან სანქციების პირობებში ამ პროდუქციის შეტანა თავად რუსეთშიც გართულებულია, ან მისი აფხაზეთში იმპორტი გაძვირებულია. ამ შემთხვევაში, დე ფაქტო მთავრობა შექმნილი დეფიციტის დაძლევის გზად ქართულ მხარესთან გარკვეული მიმართულებით ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში ხედავს, რასაც დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტები ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობების ლეგალიზაციად და დე ფაქტო რესპუბლიკისთვის სახიფათო გადაწყვეტილებად აფასებენ.

რატომ დააკავეს „Ҳараҳпицунда“-ს წევრები?

4 მაისს სოხუმში ახალგაზრდული ორგანიზაცია „Ҳараҳпицунда“-ს აქტივისტები დააკავეს. აქტივისტებმა ქალაქში ბანერები გააკრეს. ბანერებზე გაკეთებული წარწერები მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, ზოგიერთი წარწერა დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობილი მოღვაწეების ციტატებს შეიცავდა. ორგანიზაცია „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოდის და ბოლო პერიოდში გახდა პოპულარული. როგორც ჩანს, დე ფაქტო ხელისუფლება ორგანიზაციაში საფრთხეს ხედავს, რადგან მას „გარედან“ (იგულისხმება საქართველო) მართულს უწოდებს.

ორგანიზაციის მიერ სოხუმში გაკრული ერთ-ერთი ბანერი

ოპოზიციის მიტინგი სოხუმში

11 მაისს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი სოხუმში მიტინგის ჩატარებას გეგმავდნენ. მანამდე, 25 აპრილს, მათ ბჟანიას მოთხოვნები წაუყენეს. დე ფაქტო ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ სხვადასხვა დარღვევებში, მათ შორის „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების ხელმოწერაში, ელექტროგადამცემი ხაზის - „აჩგუარას“ რემონტისთვის თანხების გაზრდასა და ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდაში. ოპოზიციამ დე ფაქტო მთავრობის გადადგომაც მოითხოვა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ თავიდანვე თადარიგი დაიჭირა და ოპოზიცია საკურორტო სეზონის წინ შიდა პოლიტიკური ვითარების დაძაბვაში დაადანაშაულა. დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი ძალების შეხვედრაზე დე ფაქტო შს მინისტრმა, ვალტერ ბუთბამ განაცხადა, რომ „პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ საზაფხულო საკურორტო სეზონის ჩაგდება, რომ სახელმწიფო პროდუქტიულად არ განვითარდეს, რადგან ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც ჩვენ განვითარებისთვის შემოსავლების მიღება შეგვიძლია“. წინასწარი გაფრთხილება გააკეთა დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა, რომლის ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა 28 მაისს განაცხადა, რომ  მშვიდობიანი მიტინგის ჩატარება მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები კანონის ფარგლებში აღმოიფხვრება.

ოპოზიციის მიტინგი 30 მაისს ჩატარდა. პარარელურად შეიკრიბნენ ბჟანიას მომხრეებიც. დე ფაქტო ხელისუფლება მიტინგისთვის განსაკუთრებულად მოემზადა და ხელოვნური ბარიერების მონტაჟის გარდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისა და ტექნიკის სრული მობილიზაცია უზრუნველყო. მიტინგის დასასრულს ოპოზიციის წარმომადგენლებმა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოთხოვნების სია გადასცეს, მათ შორის მთავრობის გადადგომის შესახებ. ისინი ბჟანიამაც მიიღო, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე. საბოლოო ჯამში, მიტინგი მშვიდობიანად დაიშალა. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოიპოვა გამარჯვება, რადგან მიტინგის შედეგად ოპოზიციას რაიმე შედეგისთვის არ მიუღწევია.

ოპოზიციის მიტინგი სოხუმში

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს იუბილე

სოხუმში დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაარსებიდან 30 წლისთავი პომპეზურად აღნიშნეს. ყველაზე მაღალი რანგის სტუმარი ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი დენის მონკადა იყო, რომელსაც 18 მაისს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც შეხვდა. საზეიმო ღონისძიებებს ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი და რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვენესუელის ელჩი ხესუს ველასკესიც ესწრებოდნენ.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში 17 მაისს ფორუმი - „Global Abkhazia“ ჩატარდა. ფორუმის მიზნად განსაზღვრული იყო აქტუალური საკითხების განხილვა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან გამოცდილების გაზიარება. ფორუმში მონაწილეობა ბჟანიამაც მიიღო. ფორუმზე განიხილეს აფხაზეთის დსთ-ის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ რეგიონის მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობს, რადგან აღიარების პოლიტიკის კუთხით სწორედ ამ რეგიონის ქვეყნებიდან ელიან მხარდაჭერას.

ამ ქვეყნებთან (სირია, პალესტინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ლიბანი, იემენი, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები) ურთიერთობის განვითარებაზე არძინბამ 26 მაისს აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. მისი თქმით, იგი ივლისში მონაწილეობას მიიღებს სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ სამიტში - „რუსეთი-აფრიკა“. ამავე ინტერვიუში არძინბამ სტრატეგიულ მიმართულებად ბელარუსთან ურთიერთობის განვითარება დაასახელა. მისი თქმით, „ბელარუსის მიმართულება ჩვენთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს, ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ სამოკავშირეო სახელმწიფოს (რუსეთ-ბელარუსის კავშირი) განვითარებას“. არძინბა ბელარუსისგან აღიარებას მას შემდეგ ელოდება, რაც ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები დამყარდება. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბჟანიას შეხვედრა 2022 წლის სექტემბერში ბიჭვინთაში, 2023 წლის თებერვალში კი, მინსკში შედგა.

„Canale Italia“

19 მაისს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. საგანგებო დავალებათა ელჩებმა, კან ტანიამ და ვიტო გრიტანიმ, მონაწილეობა მიიღეს იტალიური ტელევიზიის - „Canale Italia“ პროგრამაში „Notizie Oggi“. საუბრის ძირითადი თემა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას და პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა კონფლიქტების შედარებით ანალიზს შეეხებოდა. ტანიამ 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზეც ისაუბრა. აფხაზური მხარე დიდ ყურადღებას აქცევს უცხოეთში საინფორმაციო კამპანიის წარმოებას და მათი არაფორმალური წარმომადგენლების ლობირების გზით, განსაკუთრებით იტალიაში, პერიოდულად ჩნდებიან მედიასაშუალებებსა თუ საჯარო სივრცეში.

გადაცემაში ე.წ. საგანგებო დავალებათა ელჩები მონაწილეობენ

დაპირისპირება გაეროსთან

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. დე ფაქტო სამინისტრომ გაეროს განვითარების პროგრამის ოფისის ხელმძღვანელთან პროექტებისა და პროგრამების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით შეხვედრა მოითხოვა, რაზეც საპასუხო წინადადება იყო, რომ საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის ალტერნატიული ფორმები შერჩეულიყო და არა პოლიტიკურ დონეზე შეხვედრა. გაეროს მხრიდან უარი არ მოიწონეს დე ფაქტო სამინისტროში, სადაც მსგავსი ქმედებით გაეროს საქმიანობის გამჭვირვალობა დააყენეს ეჭვის ქვეშ. 3 მაისს გავრცელებულ განცხადებაში დე ფაქტო სამინისტრო პროექტების შეჩერებით დაიმუქრა, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მსგავსი მიდგომა დე ფაქტო სამინისტროს ზოგადი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც დე ფაქტო მინისტრად ინალ არძინბას დანიშვნის (2021 წლის 17 ნოემბერი) შემდეგ გააქტიურდა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად.

„ჯაშუშის“ გასამართლება

5 მაისს საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძე ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს დააკავეს. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, 1998 წელს დაბადებული თაკალანძე ზუგდიდში დაიბადა და ოკუპირებულ გალის რაიონის სოფ. ნაბაკევში ცხოვრობდა. სამსახურის განცხადებით, „თაკალანძე საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით იღებდა, აგროვებდა და გადასცემდა ქართულ სპეცსამსახურებს ინფორმაციას, რომელიც შეიცავდა სახელმწიფო, სამხედრო და სხვა კანონით დაცულ საიდუმლოს“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ბოლო პერიოდში „ქართულ ჯაშუშებთან“ ბრძოლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. სამსახურის შეფასებით, „საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობა უფრო დახვეწილი, ორგანიზებული და ტექნიკურად გამართული ხდება“.

ცხინვალის რეგიონი

ინალ ჯაბიევის საქმის ახალი ეჭვმიტანილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ინალ ჯაბიევის საქმეზე ყოფილი „გენერალური პროკურორის“, ურუზმაგ ჯაგაევის წინააღმდეგ, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს კრიმინალური მილიციის შენობაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ცხინვალში ფიქრობენ, რომ საქმის არასათანადო გამოძიებაზე მთავარი პასუხისმგებელი ჯაგაევია. მანამდე სისხლის სამართლის საქმე ყოფილი დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის წინააღმდეგადაც აღძრეს. ჯაბიევს ნანიევის მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ.

გაგლოევის ერთი წელი

ალან გაგლოევის გამოსვლა დე ფაქტო პარლამენტში

24 მაისს ცხინვალის რეგიონში გაგლოევის „პრეზიდენტობის“ ერთი წელი შესრულდა. 29 მაისს გაგლოევი დე ფაქტო პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და თავისი საქმიანობა შეაჯამა. წინამორბედის კრიტიკის გარდა გაგლოევმა მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრა. მისი გამოსვლის მთავარი გზავნილები:

საგარეო პოლიტიკა

  • რუსეთი არის და იქნება ჩვენი მთავარი მოკავშირე. რუსეთის წინააღმდეგ აგრესია განხილული იქნება „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ აგრესიად.
  • ჩვენ მხარი დავუჭირეთ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. იმედი მაქვს, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც „სამხრეთ ოსეთის“ რიგიც დადგება.
  • სპეცოპერაციის ფონზე საქართველოში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც მათ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ. ამ ფონზე გაძლიერებულია დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობა.

შიდა პოლიტიკა და კანონიერება

  • მზად ვარ განვიხილოთ პარლამენტის სასარგებლოდ უფლებამოსილების გადანაწილების საკითხი.
  • ინალ ჯაბიევის მკვლელობის გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი.

ეკონომიკა და ფინანსები

  • რუსი მომწოდებლების მიმართ 1 მლრდ რუბლის დავალიანებაა გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარებისთვის.
  • რუსეთის მიერ დახმარების სახით გამოყოფილი თანხების ხარჯვაში დიდი ფინანსური დარღვევებია. რუსეთის ხაზინამ 625 მლნ რუბლის დარღვევა გამოავლინა.
  • რუსეთიდან რეგიონის სრული გაზიფიკაციის პროექტის განხორციელებაზე თანხმობაა.
  • ეკონომიკური საქმიანობის სფეროში ტურიზმი პერსპექტიული დარგია. უნდა შეიქმნას ტურიზმის განვითარების სააგენტო.

ჯანდაცვა და სოციალური სფერო

  • ვერ ვუზრუნველყოფთ ჩვენი მოქალაქეების კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას და იძულებული ვართ ისინი გავაგზავნოთ რუსეთში ან საქართველოში.
  • ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამინისტროს ბაზაზე ცალკე შეიქმნება შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტრო.

კულტურა, განათლება, ეროვნული იდეოლოგია

  • უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ოსურის ენის შენარჩუნებისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა.
  • უნდა მომზადეს „სამხრეთ ოსეთის“ უახლოესი ისტორიის ხარისხიანი სახელმძღვანელო. ახალგაზრდობამ უკეთ უნდა იცოდეს „სამხრეთ ოსეთის“ ისტორიის გმირული წარსული, ახსოვდეს იმათი სახელები, რომლებიც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეებთან იდგნენ და სამშობლოს ქართული აგრესიისგან იცავდნენ.

გაგლოევმა თავის გამოსვლაში რუსეთის მოკავშირეობასა და კრემლის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი, თუმცა, ამავე დროს, რუსეთის მხრიდან დაფინანსების მოსალოდნელ შემცირებაზეც ისაუბრა, რაც, მისი შეფასებით, რეგიონზეც მოახდენს ნეგატიურ გავლენას. გაგლოევს რთული პოლიტიკური წელი ელის, რადგან 2024 წელს არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, დაფინანსების შემცირება კი, მას პროექტების განხორციელების შესაძლებლობას შეუმცირებს, რასაც მისი პოლიტიკური ოპონენტები მის წინააღმდეგ გამოიყენებენ.