ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 08 / 03

გამოცემა: N10 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ივლისი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

რუსი ინვესტორი სოხუმის აეროპორტს აღადგენს

რამდენიმე თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი გადაწყდა. აეროპორტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულების შემდეგ, 1993 წლიდან, არ ფუნქციონირებს. 9 ივნისს აეროპორტი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ოკუპირებული რეგიონების კურატორმა, ალექსანდრ ნოვაკმა მოინახულა. ამ ვიზიტიდან მალევე, 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენის შესახებ“.

26 ივლისს დე ფაქტო პარლამენტმა შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. რუსი ინვესტორი აეროპორტს 49-წლიანი იჯარით მიიღებს, 25 წლის განმავლობაში კი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. აეროპორტის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთვის, რომლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება აეროპორტის რეაბილიტაცია იყო. აეროპორტის ამოქმედებით, დე ფაქტო ხელისუფლება ეკონომიკური სარგებელის მიღების გარდა, პოლიტიკური სარგებელის მიღებასაც ელის.

შეთანხმების რატიფიკაციას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რადგან მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილების მიღება საჯარო განხილვების გარეშე მოხდა და ინვესტორი განსაკუთრებულ უფლებებს იღებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოხუმის აეროპორტი რუსული ფულით აშენდება, თუმცა ვინ იქნება ინვესტორი ჯერჯერობით უცნობია.

წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი 6.5 მლრდ რუბლი დაჯდება, რაც გულისხმობს 3.6 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის 2.4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს სამგზავრო (SSJ-100, МС-21) და სატვირთო (ИЛ-76) თვითმფრინავები მიიღოს. რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე წლიურად 375.8 ათასი მგზავრის მიღება იგეგმება. მეორე ეტაპის განხორციელებას წლიურად 1 მლნ მგზავრის ნიშნულზე მიღწევის შემდეგ გეგმავენ. აეროპორტის ამოქმედებას 2024 წლის ბოლოსთვის იმედოვნებენ. საყურადღებოა, რომ აეროპორტის ამოქმედების შემთხვევაში, სოხუმიდან საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება, რადგან საქართველოს მოთხოვნით ICAO-ის მიერ ფრენების შესრულებაზე აკრძალვაა დაწესებული.

აპარტამენტები და აპარტ-ოტელები

12 ივლისს დე ფაქტო პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი რეგულირების“ კანონპროექტი განიხილეს. განხილვაში პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საზოგადოებრივი პალატისა და დე ფაქტო ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„კანონპროექტის“ განხილვა

კანონპროექტის მიღების მთავარი ლობისტი დე ფაქტო ხელისუფლებაა, რომელიც აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობითა და გაყიდვით აფხაზეთის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას იმედოვნებს.

კანონპროექტის თანახმად აპარტამენტს მიენიჭება კომერციული დაწესებულების სტატუსი, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში. კანონპროექტის მიხედვით, აპარტამენტი არ არის გამიზნული მოქალაქის მუდმივი ცხოვრებისთვის.  აპარტამენტების რაოდენობა მთელი დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით სულ 30 000 უნდა იყოს.

ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს ბჟანიას ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი. მათი შეფასებით, აფხაზური მიწების გაყიდვა და უცხოელების დასახლება ადგილობრივების ასიმილაციას და დემოგრაფიული სურათის შეცვლას გამოიწვევს. სახელდება რიცხვები, რომ 2035 წლამდე 30 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობა აფხაზეთში 100 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასახლებას გამოიწვევს. გარდა ამისა, შიშობენ რომ საფრთხეს წარმოადგენს მშენებლობის სექტორში ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების არარსებობა, ადგილობრივთან შედარებით უცხოური ინვესტიციებისთვის უპირატესობას მინიჭება, უძრავ ქონებაზე ფასების შესაძლო მკვეთრი ზრდა. ინიციატივის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბჟანია საკანონმდებლო მანიპულაციის გზით ცდილობს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყოს, რაც ადგილობრივი „კანონმდებლობით“ აკრძალულია.

გალში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა

რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ოკუპირებულ გალში ჰუმანიტარული კოლეჯის ბაზაზე ღია განათლების ცენტრი გაიხსნა, სადაც რუსულ ენას და მისი ეფექტურად სწავლების მექანიზმებს ასწავლიან. ცენტრის ძირითადი საქმიანობა 15 სექტემბრიდან დაიწყება. ცენტრის მოკლევადიანი მიზანია ექვსი პროგრამის განხორციელება და სამი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების დაწყება. პროგრამების განხორციელებაში არმავირის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტები იქნებიან ჩართული, რომლებსაც მოსწავლეებთნ ურთიერთობაში ადგილობრივი სპეციალისტები დაეხმარებიან. ცენტრის ხელმძღვანელის, იგორ ბასოვის განცხადებით, „სპეციფიკიდან გამომდინარე გალის რაიონის მაცხოვრებლები იზოლირებული არიან დანარჩენი აფხაზეთიდან და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რაიონში რუსული ენის პრობლემაა. ჩვენი ცენტრის მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ თუ ამ პრობლემების ლიკვიდაცია არ  მოხდება, შემცირდეს მაინც“. გალის რაიონში ძირითადად ქართულენოვანი მოსახლეობაა, რომელიც 2015 წლიდან განათლებას ქართულ ენაზე ვეღარ იღებს. რაიონის 20 სკოლაში სწავლა აფხაზურ-რუსულ ენაზე მიმდინარეობს. დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის განათლების პოლიტიკის მიზანია ადგილობრივი ქართულენოვანი მოსახლეობის ასიმილაცია და მათში ქართული იდენტობის შესუსტება.

საგარეო აქტივობა

  • ივლისში აფხაზეთის საგარეო პოლიტიკაში ნიკარაგუასთან ურთიერთობა წამყვანი მიმართულება იყო. 18 ივლისს აფხაზური დელეგაცია ნიკარაგუას სანდინისტური რევოლუციის 44-ე წლისთავთან დაკავშირებით ესტუმრა. დელეგაციის ხელმძღვანელი დე ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი ბესლან ჯოპუა იყო.
  • 20 ივლისს ნიკარაგუის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნიკარაგუისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის 2023 წლის ღონისძიებების პროგრამას მოეწერა ხელი.

ხელმოწერის ცერემონია

  • აფხაზეთი და ნიკარაგუა სამოკავშირეო მედიაჰოლდინგის შექმნაზე იმუშავებენ. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, მედიაჰოლდინგის შექმნის მიზანია ერთობლივი საინფორმაციო მუშაობა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანი მულტიპოლარული მსოფლიოს შექმნისა და აშშ-თან დაპირისპირების იდეაზე.

სტიქია აფხაზეთში

ივლისი წვიმიანი თვე იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. 8-9 ივლისს ძლიერი წვიმების შედეგად არაერთი დასახლებული პუნქტი დაიტბორა, განსაკუთრებით კი რუსი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი გაგრა და ბიჭვინთა. 10 ივლისს ბჟანიამ სტიქიის შედეგების დაძლევის მიზნით საგანგებო შტაბიც შექმნა. ტურისტულ სეზონზე მსგავსი სტიქია სერიოზული დარტყმაა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომლის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო ტურიზმია. გარდა იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას ტურისტების ევაკუაცია მოუწია, მილიონობით რუბლის დახარჯვა მოუწევს დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და სახლების აღსადგენადაც. მხოლოდ გაგრის რაიონში ზარალმა 60 მლნ რუბლი შეადგინა.

ცხინვალის რეგიონი

ცხინვალის რეგიონის გაზიფიკაცია

11 ივლისს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 2025 წლისთვის რეგიონის სრულ გაზიფიკაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მზადდება ახალი „სამთავრობათაშორისი“ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, გაზიფიკაციის ხარჯების ნაწილს რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ დააფინანსებს, ნაწილს - რუსეთის მთავრობა. პროექტის ღირებულება 2.7 მლრდ რუბლი იქნება.

რეგიონის სოფლების გაზიფიკაციის შესახებ პირველად ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, 2015 წლის 1 ივნისს პუტინთან შეხვედრის შემდეგ. შემდეგ თემა ისევ გაცოცხლდა 2018 წელს, ანატოლი ბიბილოვის „პრეზიდენტობის“ პერიოდში. გეგმის მიხედვით 200 დასახლებული პუნქტის გაზიფიკაცია უნდა განხორციელებულიყო, რაც სოფლებს შორის 520 კმ, სოფლებში კი - 370 კმ  სიგრძის მილსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა.

ცხინვალის რეგიონი გაზს ძუარიყავ-ცხინვალის გაზსადენით იღებს, რომლის წარმადობა წელიწადში 252.5 მლნ კუბამეტრია, რაც ადგილობრივ მოხმარებაზე 7-ჯერ მეტია. მილსადენის დატვირთვა ბოლო ათი წელია მისი შესაძლებლობის 15%-ს არ აღემატება, რაც ნიშნავს რომ მილსადენი კომერციული თვალსაზრისით წამგებიანი პროექტია და მას ძირითადად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ახალი „გენპროკურორი“

5 ივლისს დე ფაქტო პარლამენტმა „გენპროკურორის“ პოსტზე გრიგორი სობაევის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ალან გაგლოევის „გაპრეზიდენტების“ შემდეგ, ერთ წელზე მეტი, ეს თანამდებობა ვაკანტური იყო. სობაევი 7 ივლისს წარუდგინეს თანამშრომლებს. 43 წლის სობაევი რეგიონში დაიბადა. იგი მსახურობდა სამშვიდობო ძალებში, სამხედრო პროკურატურასა და მილიციაში. 2013-2018 წლებში ცხინვალის „საქალაქო სასამათლოს“ მოსამართლე იყო. 2022 წლიდან ცხინვალის „პროკურორი“ იყო. იგი არ ითვლება მძიმეწონიან ფიგურად. გავრცელებული მოსაზრებით, იგი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას ვერ შეძლებს, თუმცა არც რომელიმე ინტერესთა ჯგუფის ინტერესების წინააღმდეგ წავა.

ახალი „გენპროკურორის“ არჩევა

სობაევმა მთავარ საქმედ ინალ ჯაბიევის საქმის გამოძიება დაასახელა. ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს კრიმინალური მილიციის შენობაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ჯაბიევის საქმეზე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, საქმე უკვე აღძრულია ყოფილ „გენპროკურორზე“ და შს მინისტრზე, რომლებიც საქმის მთავარი ფიგურანტები არიან.

19 ივლისს გაგლოევმა განაცხადა, რომ ჯაბიევის საქმეზე გამოძიება დასრულებულია. ამ ეტაპზე ბრალდებულები უნდა გაეცნონ საქმეს, რის შემდეგაც საქმე სასამართლოში გადაიგზავნება. ამ საქმის ბოლომდე  მიყვანა გაგლოევისთვის მთავარი გამოწვევაა, რადგან მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის პოლიტიკური მარცხი, სწორედ, ამ საქმეზე არასათანადო რეაგირებითაც იყო გამოწვეული.

ჟენევის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი და ერგნეთის შეხვედრა

58- რაუნდი

11-12 ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 58-ე რაუნდი გაიმართა. თუ 2022 წელს მხოლოდ ერთი რაუნდი ჩატარდა, წელს ეს უკვე მეორე შეხვედრაა. წინა შეხვედრების მსგავსად, ამჯერადაც, აფხაზურმა მხარემ ოკუპირებულ ქ. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრების აღდგენის შესახებ წამოაყენა ინიციატივა. ქ. გალში IPRM-ის ბოლო შეხვედრა 2018 წელს მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რუსმა და აფხაზმა მონაწილეებმა შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო დატოვეს. უთანხმოება კი შეხვედრის დღის წესრიგში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის შეტანას მოჰყვა. გალში შეხვედრების აღდგენის საკითხზე ქართული მხარის პოზიცია უცნობია. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის დეკემბერში დაიგეგმა.

113- შეხვედრა

3 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სხვა ტრადიციულ საკითხებთან ერთად საირიგაციო სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის სარწყავი წყლის გაზიარების საკითხიც განიხილეს. მომდევნო, 114-ე შეხვედრა, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

პრიგოჟინის ამბოხი და ოკუპირებული რეგიონების შეფასება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის ამბოხის წარმატების კვალდაკვალ თუ როგორ გეგმავდა ოპოზიცია არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლას, არამედ სოჭის აღებასაც, ოკუპირებულ რეგიონებშიც გამოეხმაურნენ.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოში ოპოზიციის მოწოდებები დაიკავონ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ასევე გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ, თვითმკვლელობის ტოლფასია“. უწყების შეფასებით, მათზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმად შეფასდება.

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა, „ქართული ოპოზიციის გეგმებს აფხაზეთში შესვლისა და სოჭის დაკავების შესახებ“ სისულელე უწოდა.

პრიგოჟინის ამბოხი, რომელიც კრემლმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, 23 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს დასრულდა.