ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა: შეფასებები

2023 / 07 / 07

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2023 წლის 3 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელის ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა გაიმართა.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ „ლომისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საკონტროლო გამშვები პუნქტების (სგპ) დროებითი გახსნის ინიციატივას და მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს სგპ-ების სრულად ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეებმა მოიწონეს მხარეების მზაობა საირიგაციო სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის სარწყავი წყლის გაზიარების თვალსაზრისით, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებების პრაქტიკის გამო და ოსურ მხარეს უკანონო პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

თბილისის შეფასება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს)-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგში რამდენიმე საკვანძო საკითხი დადგა. ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა. ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, 112-ე შეხვედრის შემდეგ დაფიქსირებული ბორდერიზაციის ფაქტების შესახებაც და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემებიც განიხილეს.  

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ  უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ნებართვასთან დაკავშირებით, არ უსაუბრიათ, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ანთაძემ აღნიშნა, რომ „ამ ფაქტის სერიოზულად შეფასება შეუძლებელია“.

წინა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ანთაძემ გასული წლის დეკემბერში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების პერსპექტივების არსებობა ახსენა და გათავისუფლების პროცესის დადებით დინამიკაზე ისაუბრა. 113-ე შეხვედრის შემდეგ ამ საკითხზე მას კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, იგი შეხვედრის შემდეგ უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან პეტრიაშვილის ოჯახის წევრებს ესაუბრა. პეტრიაშვილი საოკუპაციო ძალებმა მიმდინარე წლის 14 მაისს დააკავეს , 27 ივნისს ჩანიშნული მისი ე.წ. სასამართლო კი უცნობი მიზეზის გამო გადაიდო.   

მამუკა ჩხიკვაძის საქმეზე დეტალურად წაიკითხეთ აქ.

ცხინვალის შეფასება

„პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“ და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის“ ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრის მთავარი საგანი უსაფრთხოების გამოწვევები იყო. ოსურმა მხარემ კვლავ მოითხოვა ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟი და აღნიშნა, რომ საგუშაგოს გადატანით დესტაბილიზაციის საფრთხე ადგილზე აღარ იარსებებს. კოჩიევმა ჟურნალისტებთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტიც გააჟღერა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრაზეც ისაუბრეს და ქართული მხარე იზიარებს მის პოზიციას, ამიტომაც იგი იმედოვნებს, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება. ქართველი პოლიციელების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ამსახველი მტკიცებულებები ოსურ მხარეს არ გაუსაჯაროვებია.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ცეცხლის გახსნის ნებართვასთან დაკავშირებით დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით გამოწვეულ ვნებათაღელვას კოჩიევიც გამოეხმაურა. მანაც დაადასტურა, რომ ეს საკითხი შეხვედრის დღის წესრიგში არ ყოფილა, თუმცა  განხილვის შემთხვევაში მისი პოზიცია უცვლელი იქნებოდა, რადგან „ყველა სახელმწიფოს გააჩნია უფლება მიიღოს ზომები უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ.

საირიგაციო საკითხებზე თანამშრომლობის კუხით ოსური მხარის მზაობა უცვლელია, თუმცა კოჩიევს განცხადებით, იგი ვერ ხედავს წყლის მიწოდების დაუყოვნებლივ აუცილებლობას, ვინაიდან ზაფხულის სეზონი საკმაონ უხვნალექიანია. თუმცა დააანონსა, რომ ტირიფონის არხის შეკეთების სამუშაოები მიდინარე წელს დასრულდება, შესაბამისად, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლები სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნებიან. საირიგაციო საკითხებთან ერთად, ოსურმა მხარემ ტექნიკური ხასიათის ინიციატივაც წარმოადგინა მოლაპარაკების მხარეთა წარმომადგენლების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით. კოჩიევის თქმით, კორონა ვირუსის პანდემიისას დადგენილი კვოტა დელეგაციის 2-3 ადმიანით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით საჭირო აღარ არის. იგი IPRM-ის შეხვედრებზე ჟურნალისების დასწრებასაც მიესალმება.

შემდეგი შეხვედრა

მხარეების შეთანხმებით, მომდევნო, 114-ე შეხვედრა, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM- შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

Go BackGo Back