ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2023 / 09 / 04

გამოცემა N24 / მიმოხილვის პერიოდი: 1 ივლისი - 31 აგვისტო, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

IPRM-ის 113-ე შეხვედრა

მიმდინარე წლის 3 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელის ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.

დაკავებული და გათავისუფლებული  მოქალაქეები

ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა „სასაზღვრო სფეროში კანონმდებლობის“ დარღვევის 2023 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამ პერიოდში სულ 185 დამრღვევი დააკავეს. მათ შორის: 8 „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის, 86 – „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის“ დარღვევისთვის, 91 – „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევისთვის. ივლისში დარღვევის 37 შემთხვევა დაფიქსრიდა.

ლაშა ხეთერელის დაკავება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 5 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შაუმიანის დევნილთა დასახლების მკვიდრი ლაშა ხეთერელი ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფ. დმენისში დააკავეს. ეს მისი დაკავების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 2023 წლის თებერვალში მან უკანონო პატიმრობის ერთწლიანი ვადა ცხინვალის საპატიმროში მოიხადა. გასულ წლებში იგი ექვსჯერ არის დაკავებული. ხეთერელი ნათესავების მონახულების მიზნით პერიოდულად გადადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება და გათავისუფლება

7 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა საქართველოს პარლამენტში სუს-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს 6 მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ განაცხადა. დაკავების ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მეჯვრისხევის სიახლოვეს მოხდა. ეს ამდენი ადამიანის ერთად დაკავების პირველი შემთხვევაა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულები თავდაპირველად სოფ. მეჯვრისხევის მომიჯნავე ოკუპირებულ სოფ. ღრომში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ცხინვალის ციხეში განათავსეს. დაკავებულები უკანონო პატიმრობის მესამე დღეს, 10 ივლისს გაათავისუფლეს.

სერგო გუგუტიშვილისა და თამაზ კახაბრიშვილის გათავისუფლება

28 ივლისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ორი მოქალაქე სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი უკანონო სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცა. ქ. თბილისში მცხოვრები კახაბრიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის სოფ. გუგუტიაანთკარში მცხოვრები გუგუტიშვილი ამავე მუნიციპალიტეტის სოფ. კოშკას სიახლოვეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 2 იანვარს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით ექვსთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

თამაზ ფსიტიძისა და ზურაბ პეტრიაშვილის დაკავება-გათავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 22 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან ამავე სოფელში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე, თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი დააკავეს. სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ევროკავშირის მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი დაუყოვნებლივ ამოქმედდა. ფაქტთან დაკავშირებით ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ საკუთარ Facebook-ის გვერდზე რუკა გამოაქვეყნა, რითაც იგი დაკავების ადგილის მონახულების შემდეგ ამტკიცებს, რომ წერტილი, საიდანაც უკანონოდ გაიტაცეს საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, ხელოვნურად შექმნილ ე.წ. შიშის ზონაში მდებარეობს. ორივე მოქალაქე დაკავებიდან მეორე დღეს, 23 აგვისტოს გათავისუფლდა.

თამაზ ფსიტიძისა და ზურაბ პეტრიაშვილის გათავისუფლება. წყარო: ssg.gov.ge

კახაბერ ნათაძისა და მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლება

25 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს 2021 წლის დეკემბრიდან უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე გადმოსცა. 2021 წლის 12 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიქოზის მიმდებარედ დაკავებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე და ამავე წლის 10 დეკემბერს ვლადიმერ კანიაშვილთან ერთად (რომელიც 2022 წლის აპრილში გაათავისუფლეს) ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ღდულეთის შემოგარენში დააკავებული კახაბერ ნათაძე 25 აგვისტოს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ცხინვალელი ადვოკატის მიერ ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, სასჯელი შეუმცირეს და იმავე წლის აგვისტოში პატიმრობის ვადად 3 წელი და 8 თვე განუსაზღვრეს. გათავისუფლების მომენტისთვის ჩხიკვაძეს უკანონო პატიმრობის ვადის ნახევარი ჰქონდა მოხდილი.

კახაბერ ნათაძისა და მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლება. წყარო: ssg.gov.ge

ადგილობრივების პროტესტი

ივლისში გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერშუეთისა და ხურვალეთის მომიჯნავე სოფ. წინაგარში (ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტი) საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოსახლეობის (იგულისხმება ძირითადად ადგილობრივი ოსური მოსახლეობა) უკანონო დაკავებების ინტენსივობის ზრდას პროტესტი მოჰყვა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოსახლეობაში საპროტესტო ტალღა ე.წ. სასაზღვრო ზონის დარღვევის ბრალდებით მწყემსების გახშირებულმა დაკავებებმა გამოიწვია. მათი თქმით, სოფლის მოსახლეობას საქონლის მწყემსვისას აკავებენ „ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის“ არქონის გამო და გათავისუფლების სანაცვლოდ ფულად ჯარიმას აკისრებენ.

რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიული რუკა იხილეთ აქ.

 „ბორდერიზაცია

ახალი თავდაცვითი ზღუდე ორჭოსანი-ხურვალეთის მონაკვეთზე

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავის განცხადებით,  ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ორჭოსნისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული საგუშაგოს გასწვრივ ახალი თავდაცვითი ზღუდე ააშენეს. მისი შეფასებით, საოკუპაციო ძალები ძველი საგუშაგოს გარშემო „კაპიტალურ სასანგრე სისტემას ამზადებენ“. მისი თქმით, მსგავსი საინჟინრო სისტემები პატრულირების შედეგად ოკუპირებულ სოფლებში თამარაშენში, ღოღეთში, ჯარიაშენსა და ახმაჯშიც დააფიქსირეს.

საგუშაგოს გამაგრების ამსახველი ვიდეო მასალა იხილეთ აქ.

განახლებული ხანძარსაწინააღმდეგო ხნული და ბანერი ატოცში

დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 25 ივნისი-16 აგვისტოს მონაკვეთში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ატოცის მიმდებარედ გავლებული ხანძარსაწინააღმდეგო ხნული, რომელიც საოკუპაციო ზოლის ფუნქციას ასრულებს, განაახლეს. ამავე ტერიტორიაზე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებს პატრულირებისას ახალი „საინფორმაციო“ ბანერიც დახვდათ, რომელიც ე.წ საზღვრის არსებობისა და მისი ვიდეო-მეთვალყურეობის შესახებ იუწყება.

ახალი ბანერი ატოცში. წყარო: დავით ქაცარავას Facebook-ის გვერდი

რონდელის ფონდის მიერ მომზადებული „ბორდერიზაცია“ - მცოცავი ოკუპაციის ინტერაქტიული რუკა იხილეთ აქ.

საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

ბრძოლა უპილოტო საფრენ აპარატებთან

3 ივლისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, 3 ივლისიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შეუძლიათ. ცხინვალის შეფასებით, საფრენი აპარატების მართვა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხორციელდება.

დროებითი შეღავათები აგროსაქმიანობისთვის

2 აგვისტოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სასაზღვრო ზონაში ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგროსაქმიანობის წარმოებისთვის შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. აღნიშნული შეღავათი 30 სექტემბრამდე იმოქმედებს. ამ პერიოდში მოსახლეობა, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე შეძლებს ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის ზონაში აგროსაქმიანობა წარმოებას. მათ მხოლოდ უახლოეს ადგილობრივ „სასაზღვრო“ დანაყოფში გამოცხადება ევალებათ.

კულტურის ძეგლების დაზიანება

28 აგვისტოს საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ეკლესიის კარი თუნუქის ფირფიტებით აჭედეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დავით ქაცარავამ პატრულირების შემდეგ გაავრცელა. სოფ. კირბალის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მოსახლეობა 2018 წლამდე, ვიდრე დე ფაქტო ხელისუფლება ტერიტორიას ოკუპირებულად გამოაცხადებდა, შეუზღუდავად გადაადგილდებოდა.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის ვიზიტი ოძისში

11 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციების ხელმძღვანელმა ბრაიან რიჩარდმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისში მდებარე სგპ-თან გერმანიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა პარლამენტის პრეზიდენტის, ბარბელ ბასის ხელმძღვანელობით.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ოძისში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, აჯა ლაბიბმა 24 აგვისტოს სოფ. ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ოძისში. წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-ის გვერდი

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ოძისში

5 ივლისს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები, ასამბლეის პრეზიდენტის ფრანსის დრუენის ხელმძღვანელობით საოკუპაციო ხაზის სოფ. ოძისის მონაკვეთზე იმყოფებოდნენ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ოძისში

30 ივნისს საოკუპაციო ხაზის სოფ. ოძისის მონაკვეთი ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმაც მოინახულა. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.