ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2023 / 12 / 05

გამოცემა: N59 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

 

 

ასლან ბჟანიას შეხვედრა კურატორთან

9 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ნურგალიევი უშიშროების საბჭოში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაზე რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი.

რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პირველი ვიზიტი ცხინვალში

17 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრ ნოვაკი ეწვია. ნოვაკი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო რეგიონში. ნოვაკმა მონაწილეობა მიიღო რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ 22-ე შეხვედრაში. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს. შემდეგი, 23-ე შეხვედრა მოსკოვში 2024 წლის პირველ ნახევარში დაიგეგმა.

„სამთავრობათაშორისო კომისიის“ 22-ე შეხვედრა

ნოვაკი დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს პირადად შეხვდა. შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნოვაკმა რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების მიმდინარეობაც შეამოწმა. 18 ნოემბერს ნოვაკმა დატოვა ოკუპირებული რეგიონი. თუმცა, რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებმა „საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შემოწმება გააგრძელეს.

აფხაზეთის „პარლამენტის“ თავმჯდომარის ვიზიტი მოსკოვში

22 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრებთან, მათ შორის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ კოსაჩევთან. შეხვედრაზე 2023 წელს მიღწეული შედეგები განიხილეს. კოსაჩევის თქმით, 2023 წელი თანამშრომლობის კუთხით პროდუქტიული იყო  და მაგალითად ე.წ. პარლამენტსა და საბჭოს კომისიებს შორის სექტემბერში გამართული შეხვედრა მოიყვანა. თავის მხრივ აშუბამ განაცხადა, რომ „საპარლამენტთაშორისო“ კომისიას ბევრ რამეზე აქვს კიდევ სამუშაო, რაც, პირველ რიგში, „კანონმდებლობების“ ჰარმონიზაციას ეხება.

ლაშა აშუბას შეხვედრა კონსტანტინ კოსაჩევთან

ინალ არძინბას შეხვედრა რუსეთის დუმის დეპუტატთან

29 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატს, ვლადიმირ რესინს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე  ისაუბრეს. რესინმა დადებითად შეაფასა აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალი და ინფრასტრუქტურის განვითარებაში რუსული ბიზნესის ჩართულობაზე ისაუბრა.

ინალ არძინბას შეხვედრა ვლადიმირ რესინთან

შეხვედრა მიხაილ გალუზინთან

30 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სამინისტროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორმა, მიხაილ გალუზინმა შეხვედრა გამართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მრჩეველთან, კონსტანტინ კოჩიევთან და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ირაკლი ტუჟბასთან. კოჩიევი და ტუჟბა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ოკუპირებულ რეგიონებს წარმოადგენენ და ეს შეხვედრაც სწორედ აღნიშნულ საკითხს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდისთვის მომზადებას დაეთმო. შემდეგი რაუნდი 2023 წლის 5 დეკემბერს გაიმართება.

შეხვედრა „როსგვარდიის“ ხელმძღვანელობასთან

10 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი, გენერალ-მაიორი რობერტ კიუტი „როსგვარდიის“ დირექტორის მოადგილეს, რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაურს ოლეგ პლოხს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საკადრო გადამზადებისა და უწყებებს შორის გაფორმებული შეთანხმებების შესრულების საკითხები.

რობერტ კიუტის შეხვედრა ოლეგ პლოხთან

თამაზ გინტურის მკვლელობა -  გამოხმაურება

6 ნოემბერს სოფ. კირბალთან რუსმა „მესაზღვრეებმა“ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, მეორე კი, თამაზ გინტური, დაკავების დროს სასიკვდილოდ დაჭრეს.

აღნიშნულ მოვლენას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა. მან შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს. მისი თქმით, ეს არის საკითხის „პოლიტიზირებულად, ცალმხრივად შეფასება, რაც მოწმობს ევროკავშირის მიკერძოებულობასა და ანგაჟირებულობაზე“.

ზახაროვას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებულია „ოსური მხარის მიერ გავრცელებული ფაქტების უგულებელყოფით“, რაც, მისი თქმით. „ძირს უთხრის ევროკავშირს, როგორც ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ორგანიზაციის როლს“.

ზახაროვას განცხადებამდე ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფ. წინაგართან პატრულირებისას „მესაზღვრეები“ წააწყდნენ ე.წ. საზღვრის დამრღვევ ორ პირს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ მანქანით და იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ე.წ. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები არ დაემორჩილნენ „მესაზღვრეებს“,  წინააღმდეგობა გაუწიეს  და „საფრთხე შეუქმნეს მათ ჯანმრთელობას“. ე.წ. კომიტეტში ამტკიცებენ, რომ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს ხელში ნაჯახი ეკავა და ამით ემუქრებოდა „მესაზღვრეებს“. დე ფაქტო უწყების განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სცადეს ავტომობილით გადაეკვეთათ ე.წ. საზღვარი და დაბრუნებულიყვნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რა დროსაც „მესაზღვრეებმა“ ცეცხლსასროლი იარაღით საკონტროლო გასროლა განახორციელეს, შემდგომში კი, „იძულებულები იყვნენ ესროლათ საზღვრის დამრღვევების მანქანის საბურავებისთვის“. შედეგად, სასიკვდილოდ დაიჭრა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დე ფაქტო მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა, მეორე კი დააკავა.