ახალი ამბები

როგორ აღნიშნეს „რუსეთის დღე“ ოკუპირებულ რეგიონებში

2023 / 06 / 13

ავტორი: ბექა ირომაშვილი

12 ივნისს ოკუპირებულ რეგიონებში „რუსეთის დღეს“ აღნიშნავენ. 1990 წლის 12 ივნისს რუსეთმა სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია გამოსცა. 2002 წლიდან დეკლარაციის მიღების თარიღს „რუსეთის დღე“ ეწოდა. ამ დღესთან დაკავშირებით ორივე მხრიდან განსაკუთრებით აღინიშნება, რომ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ 12 ივნისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2005 წლიდან უქმე დღედ არის გამოცხადებული, ხოლო აფხაზეთში „რუსეთის დღე“ დე ფაქტო მთავრობას დასვენების დღედ არ გამოუცხადებია.

ოკუპირებული აფხაზეთი

ღონისძიებები

სოხუმში, რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის ცენტრში (ЦПРГ), გაიმართა დისკუსია თემაზე: „სახალხო დიპლომატიის როლი რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებაში“.  ღონისძიება პროექტის - „სახალხო დიპლომატიის ლიდერი“ ფარგლებში ჩატარდა. დისკუსიის მიმდინარეობისას განიხილებოდა შემდეგი თემები: ხალხებს შორის ურთიერთქმედება და კონსოლიდაცია, კულტურის სფეროში სახალხო დიპლომატიის როლი რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებაში, კულტურის სფეროში სახალხო დიპლომატიის პრიზმაში დანახული საავტორო უფლებები.

რუსეთის „საელჩოსა“ და „მოსკოვის სახლის“ ორგანიზებით სოხუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სადღესასწაულო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას 12 კოლექტივი იღებდა, მათ შორის რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ორკესტრი და ფოლკლორული თეატრი - „Казачий спас“. ღონისძიებამ ასევე უმასპინძლა ფოტოგამოფენას - „მრავალფეროვანი რუსეთი“.  „რუსეთის დღესთან“  დაკავშირებით, ბაზრობის ფარგლებში ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. ბაზრობაზე გამოფენილი იყო ჭურჭელი, სამკაულები, კოსმეტიკა, სათამაშოები, ხის ნაკეთობები, ხორცის ნაწარმი და ა.შ. 

„რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით „ვლადისლავ არძინბას სახელობის საბრძოლო დიდების მუზეუმში“ გაიმართა ღონისძიება, სადაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე 4 დაღუპული მოხალისის ნათესავებს „გეორგიევსკის ჯვრები“ გადასცეს.

მნიშვნელოვანი განცხადებები

დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დიდი ხანია განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომელიც სტრატეგიულ და ახლო სამოკავშირეო ურთიერთობებში გადაიზარდა. ბჟანიას თქმით, „რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების საიმედო დამცველია.“

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“, მიხაილ შურგალინმა ხაზი გაუსვა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ბევრი „მოქალაქისთვის“ რუსეთი ისეთივე მშობლიური ქვეყანაა, როგორიც აფხაზეთი. ამასთან ერთად, შურგალინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთმა ჯერ კიდევ თებერვალში, ჯერ ლუჰანსკისა და დონეცკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა, შემდეგ კი მათი რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ღონისძიებები

დე ფაქტო პრეზიდენტის პარტიის, „ნიხას“-ის ახალგაზრდულმა ფრთამ ცხინვალში, „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით საავტომობილო მსვლელობა მოაწყო. დღის ბოლოს, კი ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ, „სახელმწიფო თეატრში“ დასწრებოდნენ  კონცერტს.

12 ივნისთან დაკავშირებით, ქალაქ ცხინვალში ჩატარდა ყოველწლიური საბავშვო ნახატების კონკურსი „სამხრეთ ოსეთის ბავშვების თვალით დანახული რუსეთი“. კონკურსში მონაწილეობა 10-დან 16 წლამდე ხელოვნებისა და მხატვრობის ლიცეუმის 20 მოსწავლემ მიიღო. ჟიურიმ საათნახევრიანი კონკურსის შედეგად სამი რჩეული გამოავლინა, რომელთაც სამახსოვრო საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ. აღნიშული კონკურსის მთავარი იდეა, ბავშვებში რუსეთის მიმართ პატივისცემის ჩანერგვა იყო, რათა მათ ესმოდეთ, რომ „რუსეთის მეგობრული ქვეყანაა, რომელმაც არაერთხელ გადაგვარჩინა საქართველოს მხრიდან მომავალი უბედურებებისა და აგრესიისგან“.

მნიშვნელოვანი განცხადებები

დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონში „რუსეთის დღე“  სახელმწიფო დღესასწაულია, ხოლო დე ფაქტო რესპუბლიკა თავს ძლევამოსილი „დერჟავის“ ნაწილად თვლის. გაგლოევმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მონაწილეობას 2008 წლის აგვისტოს ომში და უკრაინის „ნაცისტებისგან“ გათავისუფლებაში ცხინვალის რეგიონიდან მოხალისე ჯარისკაცების მონაწილეობის როლს.

ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის „ელჩმა“, მარატ კულახმეტოვმა, ცხინვალში სპეციალურ მიღებაზე, განაცხადა, რომ დარბაზში მყოფი ყველა ადამიანი, საერთო, დიდი სამშობლოს შვილები არიან.

Go BackGo Back