ახალი ამბები

ალექსანდრ ნოვაკის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

2023 / 06 / 11

9 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ეწვია რუსეთის დელეგაცია ალექსანდრ ნოვაკის, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ დიმიტრი ვოლვაჩიც, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე და მთავრობის სხვა წევრები.

ვიზიტის ფარგლებში, ნოვაკი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე ნოვაკმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და ყურადღება დაუთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების შეფასებას. ნოვაკის ინფორმაციით, რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობის მაჩვენებელი 73%-ით არის გაზრდილი გასული წლის შედეგებთან შედარებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი, რაზეც ბჟანიამ განაცხადა, რომ „აფხაზი ხალხისთვის ავიამიმოსვლის აღდგენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული თითოეული პირი ხალხში წმინდანად აღიქმება“.

ამავე დღეს ნოვაკმა დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან, კრისტინა ოზგანთან ერთად მოინახულა სოხუმის აეროპორტი, რომლის აღდგენაც იგეგმება. ნოვაკს გააცნეს აეროპორტის ინფრასტუქტურული შესაძლებლობები.

გარდა ამისა, ნოვაკმა დაათვალიერა ბიჭვინთაში მშენებარე სასტუმროს - „მოსკვა რეზორტ“ მიმდებარე ტერიტორია, პანსიონატი -  „კურორტი პიცუნდა" და დე ფაქტო ტურიზმის მინისტრთან, თეიმურაზ ხიშბასთან ერთად ეწვია ბიჭვინთის მონასტერსაც.

10 ივნისს გაიმართა „სამთავრობათაშორისო“ შეხვედრა. აფხაზურ დელეგაციას ხელძღვანელობდა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ოკუპირებული აფხაზეთისათვის ელექტროენერგიის, ნავთობპროდუქტების უწყვეტ მიწოდებასა და „კანონმდებლობათა“ ჰარმონიზაციის პროცესის დაჩქარებას.

Go BackGo Back