ახალი ამბები

არსენ გაგლოევი: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუხი კარდინალი

2023 / 08 / 16

ავტორი: ბექა ირომაშვილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა არსენ გაგლოევია. ადგილობრივებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ყველა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სწორედ არსენ გაგლოევი მართავს და აკონტროლებს.

ვინ არის არსენ გაგლოევი?

არსენ გაგლოევი 1979 წელს თბილისში დაიბადა. მან 2002 წელს ჩრდილოეთ კავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის (ქ. ვლადიკავკაზი) იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2005 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.

სწავლის პერიოდში ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მოპოვებული აქვს რუსეთის მთავრობის სტიპენდიაც. 2003 წელს იგი ქ. ვლადიკავკაზში პარტია „ერთიანი რუსეთის“ ზატერეჩნის ადგილობრივ წარმომადგენლობაში აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. 2004-2008 წლებში გაგლოევი ქ. ვლადიკავკაზის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის იანვრის ჩათვლით ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მრჩეველი იყო. 2009 წლის იანვარ-აგვისტოში ტელეკომპანია „Телекинокомпания-ИР“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

შემდეგ წლებში ის პირდაპირ იყო დაკავშირებული ოკუპირებულ რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებასთან. 2009-2012 წლებში გაგლოევი დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2012-2018 წლებში იგი რუსეთის ენერგოგიგანტ „გაზპრომ“-ში სახელმწიფო ორგანოებთან მუშაობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

გაგლოევი 2018 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. 2020 წლის ივლისში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ბრძანებით სამინისტროს ლიკვიდაცია მოხდა, რის შემდეგადაც გაგლოევი ისევ „გაზპრომ“-ში მუშაობს.

მოღვაწეობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

არსენ გაგლოევი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ცნობილი პიროვნებაა. რეგიონში ის პირველად 2006 წელს გამოჩნდა. ამ წელს იგი ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები იმ პირებისთვის, რომლებიც წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან იყვნენ, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პასპორტების“ გადაცემის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

2009-2012 წლებში გაგლოევი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. 2011 წელს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური არჩევნებისა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როცა მოსკოვმა ზურგი აქცია კოკოითის და მისი ჩანაცვლება ანატოლი ბიბილოვით მოისურვა, ეს გაგლოევზეც აისახა. გავრცელებული ინფორმაციით, კოკოითის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების მიზეზი კოკოითის ძმის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აღდგენის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება იყო. საინტერესოა, რომ როცა კრემლმა კოკოითი „დასაჯა“, ამ დროს მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გაგლოევი, პრაქტიკულად დაწინაურდა. მან საქმიანობა „გაზპრომ“-ში მაღალ თანამდებობაზე გააგრძელა.

არსენ გაგლოევის პოლიტიკური გავლენები

საკადრო ცვლილებების მთავარი ავტორი

არსენ გაგლოევი ოკუპირებულ რეგიონში საკადრო ცვლილებების მთავარი ავტორია. მის სახელს უკავშირებენ მისი ნათესავის, ალან გაგლოევის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე „არჩევასაც“. ადგილობრივები დარწმუნებული არიან, რომ ალან გაგლოევის „არჩევნებზე“ დაშვება არსენ გაგლოევის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა, მან გადალახა კურატორების წინააღმდეგობა - არამარტო დააშვებინა „არჩევნებზე“, არამედ უზრუნველყო კიდეც ნათესავის „გაპრეზიდენტება“. ალან გაგლოევი ოკუპირებულ რეგიონში არ იყო გავლენიანი ფიგურა, დღესაც მის ერთადერთ ლობისტად არსენ გაგლოევს მიიჩნევენ. 2016 წლიდან არსენ გაგლოევი ალან გაგლოევს ბიბილოვის კონკურენტად ამზადებდა.

„გაპრეზიდენტებულ“ ნათესავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად არსენ გაგლოევმა საკუთარი სიძე, ალან ჯიოევი მიუჩინა. ეს უკანასკნელი 2009 წლიდან მუშაობს ოკუპირებულ რეგიონში. იგი ჯერ „იუსტიციის მინისტრი“ იყო, შემდეგ ლეონიდ თიბილოვის „პრეზიდენტობის“ დროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. გავრცელებული მოსაზრებით, ალან ჯიოევი არსენ გაგლოევის, პრაქტიკულად, თანაშემწეა. სწორედ მისი ხელით მიმდინარეობს საკადრო გადაადგილებები ოკუპირებულ რეგიონში, ალან გაგლოევი კი უბრალოდ ხელს აწერს ბრძანებებს.  ალან ჯიოევს შეუძლია, მაგალითად, მოსკოვში ვიზიტისას სიიდან ამოიღოს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, რადგან არ თვლის მის წასვლას მნიშვნელოვნად. არსენ გაგლოევი უკანასკნელი „პრეზიდენტების“ ადმინისტრაციაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე სიძის დანიშვნით პროცესებს გარედან მართავდა. არსებობს მოსაზრება, რომ მომავალ „არჩევნებში“ არსენ გაგლოევის რჩეული სწორედ მისი სიძე იქნება.

არსენ გაგლოევი მთელი პოლიტიკური ელიტის დაკომპლექტებაში მონაწილეობს. დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარედ კონსტანტინ ჯუსოევი ვლადიკავკაზიდან სწორედ მან მოიწვია. არსენ გაგლოევის მიერ მოწვეული კიდევ ერთი რუსი ჩინოვნიკი, „თავდაცვის მინისტრი“ მარატ პავლოვია. მისი მოწვეული კადრია დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი კაზბეგ ცარიკაევიც.  

გაზიფიკაციის პროექტი

ცხინვალის რეგიონის გაზიფიკაციის პროექტი ალან გაგლოევის მთავარი დაპირებაა ადგილობრივებისთვის. საინტერესოა, რომ იგივე დაპირება მისმა წინამორბედებმაც გასცეს. 4 წლიანი პაუზის შემდეგ ალან გაგლოევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე ეს თემა კიდევ ერთხელ წარმოიჭრა და შეხვედრის ერთადერთ სასაუბრო საკითხადაც იქცა. არსებული ინფორმაციით პროექტის ნახევარს „გაზპრომი“ შეასრულებს, ხოლო დანარჩენს ამ ეტაპისთვის უცნობი კომპანია. გამოითქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ აღნიშნული კომპანია არსენ გაგლოევთან იქნება დაკავშირებული, რაშიც მას კრემლსა და „გაზპრომ“-ში არსებული კავშირები დაეხმარება.

 

Go BackGo Back