ახალი ამბები

„ფსოუს საზღვარი“: გადაადგილება რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში

2023 / 08 / 20

ავტორი: ოთარ ჯინჭარაძე

საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის ნაწილი მდინარე ფსოუზე გადის. მდინარეზე არსებული ხიდი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დამაკავშირებელი მთავარი მარშრუტია. რუსეთის ფედერალური გზატკეცილი A147, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება, ადლერში სრულდება საქართველოს საზღვართან, რომელსაც ვერ აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. შემდგომში გზატკეცილი, როგორც S1 გზა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გრძელდება.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გადაადგილებისთვის ფეხით მოსიარულეებს, თუ ავტომობილებს ორი სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთა უწევთ: რუსეთის მხარეს ფუნქციონირებს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის „ადლერის“ (სოჭის) საკონტროლო-გამშვები პუნქტი (სგპ), რომელსაც მრავალმხრივი საავტომობილო გამშვები პუნქტის (Многосторонний автомобильный пункт пропуска - МАПП) სტატუსი აქვს მინიჭებული, ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს - „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი (სგპ) მდებარეობს.

„საზღვრის“ გადალახვა შეიძლება ორი ხიდით, რომელთაგან ერთი საფეხმავლოა, ხოლო მეორე საავტომობილო. „საზღვარზე“ გადაადგილება ასევე შესაძლებელია სარკინიგზო ხაზით, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს აკავშირებს.

„საზღვარზე“ მატარებლით გადაადგილება

„საზღვრის“ გადაკვეთა შესაძლებელია მატარებლით, რომელიც კვეთს მდინარე ფსოუს და საავტომობილო ხიდის პარალელურად მოძრაობს. რუსეთის ტერიტორიიდან სარკინიგზო გზით აფხაზეთში მოხვედრა შესაძლებელია მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან და სამარადან. ყველაზე ხშირი რეისები ხორციელდება ქ. ტუაფსედან, კრასნოდარის მხარიდან, რომელიც ქ. სოჭთან და ფსოუს სგპ-თან ყველაზე ახლოს მდებარეობს. რუსეთიდან მომავალი სარკინიგზო ხაზების პირველი დიდი გაჩერება აფხაზეთის ტერიტორიაზე ქ. გაგრაა, ხოლო ბოლო გაჩერება - ქ. სოხუმი.

მატარებელში, საპასპორტო კონტროლი ხორციელდება ადლერის რაიონის მახლობლად, სოფ. ვესიოლოესთან. მგზავრებს არ უწევთ მატარებლიდან გადმოსვლა. გაჩერებისთანავე, მატარებლის გამცილებელი მგზავრებს უცხადებს, რომ პასპორტები მოამზადონ. რამდენიმე წუთში, საპასპორტო კონტროლის თანამშრომლები ვაგონში ადიან და მგზავრებს პასპორტებს უმოწმებენ. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვიც არის, საპასპორტო კონტროლის თანამშრომელი ბავშვს რამდენიმე კითხვას უსვამს (მაგ. ეკითხება მშობლების ვინაობას) და მშობელს მისი დაბადების მოწმობის ჩვენებას სთხოვს. საპასპორტო კონტროლი მატარებელში არ ჭიანურდება და რამდენიმე წუთში მატარებელი ისევ იძვრის. მატარებლის მგზავრებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე საპასპორტო კონტროლი განმეორებით არ მიმდინარეობს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველი დიდი გაჩერება ქ. გაგრაა. სარკინიგზო სადგური მდებარეობს ახალი გაგრის ტერიტორიაზე, რომელიც ძველი გაგრისგან 8 კილომეტრითაა დაშორებული. ტაქსი სადგურიდან ძველ გაგრამდე მისასვლელად 300 რუბლს (8,15 ლარი) ითხოვს, თუმცა სადგურის მახლობლად ასევე დგას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ქალაქამდე 100 რუბლი (2,72 ლარი) ღირს.

„საზღვარზე“ ავტომობილით გადაადგილება

კრასნოდარიდან აფხაზეთში მიმავალი მგზავრებისთვის ადლერისა და ფსოუს სგპ-ზე გადასვლის საუკეთესო დრო საღამოს 7 საათის შემდეგ ან დილის 8 საათამდე მონაკვეთია, როდესაც „სასაზღვრო“ პუნქტზე არ შეინიშნება საცობი და რიგები.

ავტომობილები იმ ზოლში გადაადგილდებიან, რომლის ნომრებია 6, 7, 8, ხოლო ავტობუსები გადაადგილდებიან მხოლოდ ერთ ზოლში - 5. ავტობუსის მგზავრები პერიოდულად ჩამოჰყავთ ტრანსპორტიდან და საპასპორტო კონტროლის შენობაში შეჰყავთ, რათა განხორციელდეს მათი დეტალური შემოწმება. შენობაში ფუნქციონირებს 4 საპასპორტო კონტროლის ჯიხური.

საპასპორტო კონტროლის გავლისას რუსეთის მოქალაქეებს მესაზღვრეები არანაირ ნიშანს, ან ბეჭედს არ ურტყამენ პასპორტში და უპრობლემოდ ატარებენ, რაც საშუალოდ 3 წუთიანი პროცედურით შემოიფარგლება. 14 წლამდე ბავშვებს მხოლოდ დაბადების მოწმობა მოეთხოვებათ „საზღვრის“ გადასაკვეთად. სრულწლოვან ადამიანს კი „საზღვრის“ გადასაკვეთად პასპორტიც ჰყოფნის.

ავტომობილის მგზავრებს შეუძლიათ არ შევიდნენ საპასპორტო კონტროლის შენობაში და საავტომობილო ზოლიდან, მანქანიდან გადმოუსვლელად, გაიარონ საპასპორტო კონტროლი. იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც ისინი ადლერის სასაზღვრო პუნქტს გაცდებიან და მდინარე ფსოუს გადალახვისას აფხაზ „მესაზღვრეებს“ ხვდებიან. აქ პასპორტის, მანქანის მოწმობისა და მართვის მოწმობის ჩვენება საკმარისია იმისთვის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვდე და ლესელიძის ქუჩით აფხაზეთის მიმართულებით გზა განაგრძო.

„საზღვარზე“ ფეხით გადაადგილება

„საზღვრის“ გადალახვის კიდევ ერთი საშუალება საფეხმავლო ხიდია, რომელიც ძირითადად ფეხით მოსიარულეთათვის არის განკუთვნილი. ფსოუს ძველი საფეხმავლო ხიდი საავტომობილო ხიდის პარალელურად მდებარეობს.

ფეხით მოსიარულეთათვის ფსოუს სგპ-ზე გადასვლა რეკომენდირებულია ურაჟაინაიას ქუჩის მეშვეობით, რომელიც ადლერის რაიონის შიდა დასახლებიდან გამოდის და ფსოუს ხიდამდე გრძელდება.

„საზღვრის“ გადალახვის შედგომ, მგზავრი აფხაზეთში ხვდება იმ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს 3 უბაჟო ვაჭრობის ობიექტი, ე.წ. Duty Free. აღნიშნული ობიექტები მდებარეობს ურაჟაინაიას ქუჩასა და სოხუმი-სოჭი გზატკეცილის დამაკავშირებელ პატარა ქუჩაზე. „Апсаны Duty Free“ და „Duty Free Group” მდებარეობს ქუჩის მარცხენა მხარეს, ხოლო „Flagman Duty” ქუჩის მარჯვენა მხარეს.

„ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი

„ფსოუს“ სგპ-ის განვითარება 2000 წლიდან, ხოლო რეორგანიზაცია 2003 წლიდან იწყება, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საკონტროლო-პუნქტის ტექნოლოგიებით აღჭურვას.

მაღალი მოთხოვნისა და არასაკმარისი მოსაცდელი არეალის გამო, 2023 წლის 8 ივლისს სგპ-ზე მომსახურების ახალი შენობები გაიხსნა. დამატებითი ნაგებობები განკუთვნილია „საზღვრის“ დამრღვევ პირთა შესამოწმებლად და დაკავებულთა მოსათავსებლად. კომპლექსში ასევე განთავსებულია სამედიცინო პუნქტი და სპეციალური მოსასვენებელი ოთახები პერსონალისთვის.

2023 წლის 23 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა, რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ ფსოუს სგპ-ზე დიდი რაოდენობით საჩივარი დაფიქსირდა, ხარვეზების გამოსწორების მიზნით კი, იგი თავად გააკონტროლებს სგპ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგო ადგილების გამოყენების წესების შესრულებას და „საზღვარზე“ გადამსვლელ პირთა კანონმორჩილების საკითხს. „მინისტრი“ ამის შემდგომ ეწვია ფსოუს სგპ-ს და თავად გაეცნო „საზღვარზე“ წარმოქმნილ პრობლემებს.

2023 წლის 28 ივლისს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ასევე ეწვია ფსოუს სგპ-ს არსებული პრობლემების პირადად გასაცნობად და ასევე ახალი ინფრასტრუქტურის შესაფასებლად. ბჟანიას თან ახლდა აფხაზეთის მთავარი „მესაზღვრე“ რუსტამ ლატიპოვიც. ლატიპოვმა დაადასტურა, რომ 2025 წლისთვის აფხაზები რუსებთან ერთად სგპ-ის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავენ. პროექტის მიხედვით მდინარე ფსოუს გადამკვეთი საავტომობილო ხიდის პარალელური საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციაც იგეგმება, რაც გადაადგილებას გაამარტივებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ფსოუს სგპ მაქსიმალურად არის დატვირთული. ლატიპოვის თქმით, დღე-ღამის განმავლობაში, ფსოუს სგპ-ს 11 000-მდე ავტომობილი და 63 000-მდე ადამიანი კვეთს.

Go BackGo Back