ახალი ამბები

ასლან ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში

2023 / 10 / 10

3 ოქტომბერს სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და 4 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდგომ, მალევე გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით მოსკოვში, სადაც მას დე ფაქტო მთავრობის სხვა წევრებიც ახლდნენ.

7 ოქტომბერს ბჟანია დე ფაქტო ვიცე-პრემიერთან, ე.წ. ეკონომიკის მინისტრთან, კრისტინა ოზგანთან ერთად ეწვია რუსეთის საექსპორტო ცენტრს, სადაც შეხვდა ცენტრის გენერალურ დირექტორს, ვერონიკა ნიკიშინას. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის.

ნიკიშინას განცხადებით, რუსეთის ინტერესია ოკუპირებულ აფხაზეთში აგრომეწარმეობის,  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სხვა ეკონომიკური დარგების განვითარება. მისი თქმით, რუსული კომპანიები გამოთქვამენ მზაობას მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში, ხოლო ცენტრი კი მხარს დაუჭერს მათ ამ ინიციატივებში.

სააქციო საზოგადოება - „რუსული საექსპორტო ცენტრი“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან აქტიურად თანამშრომლობს. ბჟანიას შეხვედრამდე, 2023 წლის 31 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი შეხვდა ნიკიშინას, რა დროსაც „ცენტრმა“ და დე ფაქტო რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ცნობისთვის, 2022 წლის განმავლობაში, ცენტრმა რუსეთიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 20.6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პროდუქტის ექსპორტს შეუწყო ხელი, რაც 2021 წელთან შედარებით, 40%-იანი ზრდაა.

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ბჟანია შეხვდა აფხაზ სტუდენტებსაც, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. შეხვედრისას ბჟანიამ სტუდენტებს უთხრა, რომ ისინი რუსეთში დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები არიან და ბევრი რამ არის დამოკიდებული მათ აკადემიურ მოსწრებაზე. გარდა ამისა, მან მცირე ისტორიული ექსკურსი მოუწყო სტუდენტებს დე ფაქტო რესპუბლიკის ისტორიის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბჟანიამ ისაუბრა სპეციალიზირებული ცენტრის დაარსების შესახებ, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ე.წ. საჯარო უწყებებში კადრების აყვანასა და განვითარებაზე. სავარაუდოდ, ცენტრი კონცენტრირებული იქნება სწორედ რუსეთში განათლება მიღებულ ახალგაზრდებზე. შეხვედრას 150-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

დე ფაქტო დელეგაციის წევრი ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბიც იყო, რომელიც 6 ოქტომბერს რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ალექსეი საზანოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთანამშრომლობისა და საბაჟო-სავაჭრო საკითხები.

Go BackGo Back