ახალი ამბები

ინტერაქტიური რუკა: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დაღუპული მებრძოლები

2023 / 11 / 03

ავტორი: არსენ არაქელოვი

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის მხარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც იბრძვიან. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მებრძოლები ომში მონაწილეობენ, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, ისე მოხალისის სტატუსით. მათი დიდი ნაწილი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე ჩართულია სამხედრო მოქმედებებში, ხოლო ნაწილი კი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის.

ვინ რომელ დანაყოფში იბრძვის?

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მებრძოლები სხვადასხვა დანაყოფებში ირიცხებიან. ამ მხრივ ძირითადად შემდეგი სამხედრო დაჯგუფებების გამოყოფა შეიძლება:

  • „პიატნაშკა“: ეთნიკურად აფხაზი მებრძოლები ყველაზე მეტად ე.წ. „პიატნაშკას“ ინტერნაციონალურ ბრიგადაში არიან გაწევრიანებული. „პიატნაშკა“ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 2022 წლიდან მე-100 მექანიზებულ მსროლელთა ბრიგადის, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველი არმიის კორპუსის დაქვემდებარებაშია. ბრიგადის აქტიურობა ხშირად შეინიშნება დონეცკის ოლქში, ქ. ავდიივკას მახლობლად. დანაყოფის მეთაური ეთნიკურად აფხაზი ახრა ავიძბაა, მეტსახელად „აფხაზი“.
  • „შტორმ.ოსეტია“ და „ალანია“: ეთნიკური ოსების ყველაზე დიდი რაოდენობა ამ ორ დაჯგუფებაში ირიცხება. მათი აქტიურობა ხშირად შეინიშნება ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილებში. ბატალიონების შემადგენლობაში შედიან ეთნიკურად ოსი მოხალისეები, როგორც ჩრდილოეთ ოსეთიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან.
  • რუსეთის შეიარაღებული ძალები: არაერთი ეთნიკურად ოსი და აფხაზი მებრძოლი უკრაინაში იბრძვის რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებშიც, მათი ნაწილი კი საომარ მოქმედებებში ჩაერთო, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში დისლოცირებული მე-4 და მე-7 რუსული სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურე.
  • „ვაგნერი": მოხალისეების მცირე ნაწილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" რიგებში ირიცხება. ამ ეტაპისთვის ცნობილია 2 „ვაგნერელის“ დაღუპვის შესახებ, რომლებიც ოკუპირებული რეგიონებიდან იყვნენ.
  • დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების  შეიარაღებული ძალები: აფხაზი და ოსი მოხალისეები დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების  შეიარაღებულ ძალებშიც ირიცხებიან. მათი ნაწილი ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ლიდერებთან დაახლოებული პირები არიან.

დაღუპულ და მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართულ მებრძოლთა ნაწილი მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ზოგიერთი მათგანი კი ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებულ შეიარაღებულ დაპირისპირებებში მონაწილეობდა და ამისთვის ჯილდოც აქვს მიღებული.

დაღუპულთა რაოდენობა

უკრაინაში ოკუპირებული რეგიონებიდან წასულ მებრძოლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაგ. 2023 წლის 15 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიაში რეგიონიდან 1 100 მოხალისეზე მეტი მონაწილეობდა. ბიბილოვის განცხადების მიუხედავად, მებრძოლთა ამ რაოდენობის ჩართულობის შესახებ სხვა დამადასტურებელი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის რიცხოვნობის (2019 წელს დე ფაქტო ხელისუფლების გამოქვეყნებული მონაცემებით,  ცხინვალის რეგიონში დაახლოებით, 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა რეალურად რეგიონის მცხოვრებთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია) გათვალისწინებით, ეს მონაცემები შეიძლება გადაჭარბებული იყოს. ოსურ მედიაში, მათ შორის ტელეგრამ არხებში გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონიდან ომში 27 მებრძოლი დაიღუპა.

ცხინვალის რეგიონიდან პირველი დაღუპული მებრძოლი ანდრეი ბაკაევია. სერჟანტი ბაკაევი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიაში მსახურობდა და დაიღუპა 2022 წლის 5 მარტს ქ. გულიაიპოლეში, ზაპოროჟიეს ოლქში.

აფხაზეთის შემთხვევაში, უცნობია მებრძოლთა რაოდენობა, თუმცა სხვადასხვა ინფორმაციით, უკრაინაში 100-მდე მებრძოლი იბრძვის, მათი ოდენობა კი ზრდადია. „პიატნაშკას“ მეთაურის, ავიძბას განცხადებით, ინტერნაციონალურ ბატალიონში რეგულარულად ირიცხება 60 აფხაზი მებრძოლი. რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, მაგ. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას 2023 წლის 23 ოქტომბრის განცხადებით, უკრაინიდან აფხაზეთში 10 მებრძოლის ნეშტი გადმოასვენეს.

აფხაზეთიდან პირველი დაღუპული მებრძოლი, ახრა კირკინაძეა, რომელიც მოხალისეთა ინტერნაციონალურ დანაყოფში - „პიატნაშკა“ იბრძოდა. სხვადახვა ცნობების თანახმად, იგი დონბასში 2022 წლის 31 მარტს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

დე ფაქტო მთავრობების თუ „ოფიციალური“ აფხაზური და ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან ოკუპირებული რეგიონებიდან დაღუპული მებრძოლების რაოდენობა უფრო მეტია: ცხინვალის რეგიონიდან დაიღუპა 38 მებრძოლი, აფხაზეთიდან კი - 16 (2023 წლის 3 ნოემბრის მონაცემები). აღნიშნული პირები ძირითადად დაიბადნენ ოკუპირებულ რეგიონებში, მხოლოდ მცირე ნაწილი დასახლდა მოგვიანებით აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში. აღნიშნულ სიაში შეყვანილია ის პირებიც, რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ და შემდეგში რუსეთის ტერიტორიაზე დაკრძალეს, თუმცა მათი უმრავლესობა წარმოშობით ოკუპირებული რეგიონებიდან იყვნენ.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მებრძოლთა ადგილმდებარეობის დადგენა რთულია და მათ შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ამას ადასტურებს მედიაში გავრცელებული ცნობები, თუ როგორ ეძებენ და/ან შესაბამისი უწყებებიდან დახმარებას ითხოვენ უგზოუკვლოდ დაკარგული მებრძოლების ადგილმდებარეობის დადგენაში მებრძოლთა ნათესავები. როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში, მებრძოლი შეიარაღებულ დაპირისპირებაში დაიღუპა და შეუძლებელია დაღუპვის ადგილიდან მათი გადმოსვენება ან მათი ვინაობის დადგენა. არის შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილის ვინაობის დადგენა რუსეთის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მებრძოლის გარდაცვალებიდან კვირების ან თვეების შემდეგ, დნმ-ის ანალიზით ხერხდება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამის შესახებ ცნობილია.

ინტერაქტიური რუკა

რონდელის ფონდის პროექტის „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში შექმნილ ინტერაქტიურ რუკაზე წარმოდგენილია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაღუპული მებრძოლები. რუკაზე დატანილი ინფორმაცია განახლებადია და დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ რეგულარულად ადევნონ თვალი ოკუპირებული რეგიონების ჩართულობას საომარ მოქმედებებში. რუკაზე დატანილია ინფორმაცია ყველა იმ მებრძოლის შესახებ, რომელიც აფხაზეთთან ან ცხინვალის რეგიონთან არის დაკავშირებული. მათი საბრძოლო დანაყოფები აღნიშნული რუკის აღწერაში მითითებულია შესაბამისი ფერით.

რუკის სანახავად გადადით ბმულზე.

Go BackGo Back